ესტონეთში ქართული რადიო-გადაცემა არსებობს

ეს ახალგაზრდა კაცი გახლავთ ესტონეთში არსებული ქართული რადიო-გადაცემის “სამკვიდრო”-ს ავტორი და წამყვანი ალექსანდრე (ლექსო) ჩანადირი. გადაცემა “სამკვიდრო” ესტონეთის რუსულენოვანი საზოგადოებრივი რადიოს – Raadio 4-ის ეთერში გადაიცემა. ლექსო დიდი სიამოვნებით დათანხმდა ჩვენთან შეხვედრას და ინტერვიუს ჩაწერას:
მოგვიყევით თქვენი ისტორია, როგორ მოხვდით  ესტონეთში?
ესტონეთში 2011 წელს ჩამოვედი, ტარტუს უნივერსიტეტში დავიწყე სწავლა, დავამთავრე მაგისტრატურა საერთაშორისო ურთიერთობის განხრით, შემდეგ ტარტუს უნივერსიტეტშივე ვიმუშავე 4 წელი.

რატომ გადაწყვიტეთ სწავლის ესტონეთში გაგრძელება ?
მრავალი მიზეზის გამო: პირველ რიგში დამაინტერესა ტარტუს უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამამ, შემდეგ უნივერსიტეტის რეიტინგი მსოფლიოში საკმაოდ მაღალი იყო და არის, ინგლისურად იყო სწავლა, დაფინასების მოპოვების შანსი იყო, ქართველები სწავლობდნენ, სტუდენტური ქალაქია, ქალაქში რამდენიმე საერთო სტუდენტური საცხოვრებელია. სტუდენტური გამოცდილების და ასევე კარგი განათლების მისაღებად ტარტუ იდეალური ადგილია. ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო საბოლოო ჯამში. ტარტუს უნივერსიტეტში  საერთაშორისო მარკეტინგის კუთხით ვმუშაობდი, ვიზიდავდით სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. იქ მუშაობისას ხშირად მიწევდა საქართველოში და სხვა ქვეყნებში მოგზაურობა. შემდეგ ტალინში გავაგრძელე მუშაობა.

ქართული რადიო-გადაცემა როგორ შეიქმნა ?
ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ არის ასეთი ორგანიზაცია “ქართული სახლი” და მის ხელმძღვანელს და ესტონეთის საზოგადოებრივი რადიოს წარმომადგენელს ჰქონდათ კომუნიკაცია და აღმოჩნდა, რომ ესტონეთში უმცირესობებს აქვთ ასეთი რადიო-გადაცემები და შემოგვთავაზეს ქართულ სათვისტომოს, თუ იქნებოდა დაინტერესება ჩვენი მხრიდან, რომ ქართულ ენაზე ყოფილიყო ასეთი რადიო-გადაცემა. წამყვანი თქვენ თვითონ იპოვეთო. ჩვენს სათვისტომოს აქვს ჯგუფი ფეისბუქზე, იქ ქვეყნდება ასეთი შემოთავაზებები, ახალი ამბები,  ღონისძიებები და იქ დაიდო ეს ინფორმაცია. მე გამოვიჩინე ინიციატივა და ასე აღმოვჩნდი წამყვანად. თვეში ერთხელ წინასწარ იწერება ეს გადაცემა და შემდეგ გადის ეთერში ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, ასევე  ჩანაწერი იტვირთება ესტონეთის საზოგადოებრივი რადიოს საიტზე. უკვე რამდენიმე თვეა რაც გავედით ეთერში. გადაცემის ხანგრძლივობა 30-40 წუთია. თვეში ერთხელ ვმაუწყებლობთ. გადაცემაში ვიწვევთ სტუმრებს,  ვსაუბრობთ რა მოხდა ამ თვის განმავლობაში საქართველოში, ან ესტონეთის ქართული სათვისტომო თუ გეგმავს რაიმე ღონისძიებას, ძირითადად ვსაუბრობთ კულტურულ, სპორტულ, შემეცნებით საკითხებზე.

ეს სამუშაო ანაზღაურებადი არ არის?
ანაზღაურება ნომინალურია, კონტრაქტი აუცილებელად უნდა გაფორმებულიყო, მაგრამ რადგან გადაცემა ძირითადად მხოლოდ თვეში ერთხელ გადის, სამუშაოც ყოველდღიური ხასიათის არ არის. გადაცემაში ქართულ მუსიკას ვუშვებთ ეთერში, გვაქვს ასევე რუბრიკა, რომელშიც ძველ ქართულ სიტყვებს განვიხილავთ ხოლმე. მიზანი არის ის, რომ არსებობდეს გადაცემა ქართულ ენაზე, აქ მცხოვრებმა ქართველებმა, ბავშვებმა მოუსმინონ ქართულ მეტყველებას და ასევე გავაჟღეროთ ხოლმე დაგეგმილი ღონისძიებები.

როგორი ურთიერთობა გაქვთ ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან?
ძირითადად მხოლოდ ხმის რეჟისორთან მაქვს ურთიერთობა და ტექნიკურ პერსონალთან. ზოგადად, ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს.

გადაცემის თემებს როგორ არჩევთ?
ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად მოდის “მუზა”. თავიდან დავიწყეთ ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელის მოწვევით, ბატონი ზაზა წერეთელია ჩვენი სათვისტომოს ხელმძღვანელი, შემდეგ გვყავდა სტუმრად საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი, შემდეგ – საქართველოს ელჩი ესტონეთში ქალბატონი თეა ახვლედიანი, შემდეგ – ქართველი დოქტორანტი, რომელმაც აქ, ბიზნეს სკოლაში დაიცვა დისერტაცია. ვაპირებთ გავაკეთოთ სკაიპით ჩართვები საქართველოდან. შევეცდებით განვავრცოთ მასშტაბი და უფრო მეტი ხალხი მოვიზიდოთ.

რამდენად უსმენენ რადიო-ეთერს ესტონეთში?
ძირითადად მანქანებში უსმენენ, დილით განსაკუთრებით, რომ გაიგონ რა მდგომარეობაა გზებზე, საცობი ხომ არ არის და ა.შ.

ძირითად სამსახურში ხელს ხომ არ გიშლით რადიოში მუშაობა?
საერთაშორისო მარკეტინგის განხრით ვმუშაობ, სამსახურში იციან, რომ თვეში ერთხელ მიწევს რადიო-გადცემის კეთება და შესაძლოა დამჭირდეს 1-2 საათით გასვლა. თვეში ერთხელ იმდენად მინიმალური დატვირთვაა, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

ქართულ სათვისტომოზე რას გვეტყვით ?
საკმაოდ ბევრი ქართველია ესტონეთში, დაახლოებით 500-მდე. ქართული სათვისტომო ტალინში უფრო კოორდინირებულია, უფრო მეტი ქართველი ცხოვრობს ტალინში, ვიდრე სხვა ქალაქებში. შესაბამისად აქ უფრო მეტი კონტაქტია ქართველებს შორის. ტარტუ უფრო სტუდენტური ქალაქია, იქ უფრო სტუდენტებს აქვთ ერთმანეთთან კავშირი. ტალინში უფრო ოჯახებით არიან. აქაც რამდენიმე უნივერსიტეტია და აქაც ბევრი ქართველი სტუდენტი სწავლობს, დამთავრების შემდეგ ბევრი რჩება და მუშაობს აქ. ვცდილობთ ბევრი ღონისძიებები ჩავატაროთ.

ქართული სკოლა თუ არის ესტონეთში ?
არა. საკვირაო სკოლა არის მხოლოდ ტალინში. ორგანიზებული შეკრებები იმართება კვირაში ერთხელ, ქართულ ცეკვას ასწავლიან. ვცდილობთ ხოლმე ერთად შევიკრიბოთ და აღვნიშნოთ დღესასწაულები.

როგორ ხდება ქართველების შეზრდა ესტონურ საზოგადოებასთან ისე, რომ მათი ორგანული ნაწილი გახდეთ და თან იყოთ ის ვინც ხართ?
რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ქართული სათვისტომოს მეშვეობით. მაინც უმცირესობა ვართ, მაგრამ ჩვენი ღონისძიებებით და ძალისხმევით ვცდილობთ რომ ინტეგრაცია მოხდეს, ყოველთვის ვცდილობთ მოვიწვიოთ ესტონელი მეგობრები, პარტნიორები სხვადასხვა ღონისძიებებზე, რომ გავაცნოთ ქართული კულტურა და ტრადიციები. ახლა განსაკუთრებით მაღალია ინტერესი ესტონეთის მხრიდან, გაიზარდა ტურიზმი ესტონეთიდან საქართველოში, უფრო მეტია დაინტერესება, შესაბამისად უფრო გვკითხულობენ, უფრო აინტერსებთ. ქართველებს აქ ინტეგრირება არ უჭირთ, არ უჭირთ ცხოვრება და ურთიერთობა ესტონელებთან. სათვისტომო კი ეხმარებათ მათ ჰქონდეთ საერთო სივრცე დარჩნენ ქართველებთან ერთად, სადაც შეძლებენ ქართულად ისაუბრონ და ქართულ ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა.

ესტონური ენის ათვისება ხომ არ გიჭირთ და რამდენად გიწყობენ ხელს ენის ათვისებაში?
ესტონური ენა საკმაოდ რთულია, სახელმწიფო ხელს ძალიან გვიწყობს, არის მრავალი პროგრამა რომ შეისწავლო უფასოდ, უნივესიტეტში ყველას შეუძლია აიღოს  ესტონური ენის საგანი არჩევითად და ისწავლოს უფასოდ. სამსახურებში თანამშრომელებს ეხმარებიან ესტონურის შესწავლაში, პირადად მე მაქვს ასეთი გამოცდილება, ჩემი სამსახური მეხმარებოდა მევლო კურსებზე და კვირაში 2-ჯერ, რამდენიმე საათს ვატარებდი ესტონური ენის კურსებზე. ძალიან გიწყობენ ხელს, როცა ხვდებიან რომ ცდილობ მათი ენა შეისწავლო, ძალიან სიამოვნებთ.

რა ინტენსივობით დადიხართ-ხოლმე საქართველოში ?
სტუდენტობისას წელიწადში 2-ჯერ ჩავდიოდი, ზაფხულში დაახლოებით 2 თვით, ზამთარში რამდენიმე კვირით. როცა ტარტუს უნივერსიტეტში ვმუშაობდი წელიწადში ოთხჯერ მიწევდა ჩასვლა, ახლა წელიწადში 2-ჯერ ალბათ. 4 აგვისტოდან პირდაპირი რეისი იქნება თვითმფრინავით ტალინი-ქუთაისი და ამით ძალიან გახარებულები ვართ.

ქართულ სათვისტომოში რა დამოკიდებულებაა საქართველოში პოლიტიკასთან დაკავშირებით, რამდენად პოლიტიზირებული არიან აქაური ქართველები, ხომ არ არის უთანხმოებები ?
აქ სხვადასხვა აზრია და ეს კარგიც არის, ხალხს გააჩნია საკუთარი აზროვნების უნარი და აქვთ შესაძლებლობა, რომ ყველამ თავისი აზრი გამოხატოს, მაგრამ როდესაც ერთად ვართ-ხოლმე კონფლიქტი არ ხდება, ძალიან იშვიათად არის კამათი, ძალიან იშვიათად ვეხებით პოლიტიკურ თემებს, ეს არ მოქმედებს არანაირად ურთიერთობებზე და ჩვენს საერთო საქმეზე.

თქვენი დაკვირვებით რა შეიცვალა ესტონეთში მას შემდეგ რაც აქ ხართ ?
ესტონეთი უფრო გახსნილი გახდა უცხოელების მიმართ, უფრო საერთაშორისო გახდა, უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ციფრულ ტექნოლოგიებს, ცდილობენ რაც შეიძლება მეტი უცხოელი პროფესიონალი მოიზიდონ, საკანონმდებლო დონეზე შეიცვალა ძალიან ბევრი რამ, სტუდენტებისთვის თუ ადამიანებისთვის ვისაც მუშაობა სურთ აქ, შემოიღეს ელექტრონული პირადობის მოწმობა – ID ბარათი, ადამიანს შეუძლია უცხოეთიდან დარეგისტრირდეს, გაიაროს პროცედურები და გახდეს ესტონეთის ელექტრონული რეზიდენტი, შეუძლია ონლაინ დააფუძნოს ფირმა და აქ ჰქონდეს ბიზნესი დარეგისტრირებული, ძალიან ბევრ თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ თითქმის ყველგან, საკმაოდ სწრაფი განვითარება მოხდა, განათლების განხრით, საზოგადოებრივი თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების მხრივ, საჯარო სერვისებს რაც შეეხება, თითქმის ყოველ წელს ვითარდება და ცდილობენ რაც შეიძლება გაამარტივონ პროცედურები, ყველაფერი ელექტრონულ დონეზე დაიყვანონ, ექიმი წამალს საერთო სააფთიაქო სისტემაში წერს და შემდეგ მიდიხარ აფთიაქში და  ID ბარათის მიხედვით გაძლევენ წამალს, ყველგან ხდება იდენტიფიკაცია ID ბარათით, არჩევნები ონლაინ ტარდება და ხმის მიცემა ამ ბარათით ხდება, რითაც ძალიან ბევრი ხარჯი იზოგება.  უნივერსიტეტებსაც ანალოგიური სისტემები აქვთ, ყველგან ონლაინ ხდება ყველა დოკუმენტის ატვირთვა და კომუნიკაცია,

თქვენი აზრით ევროკავშირში შესვლამ როგორი გავლენა მოახდინა ესტონეთზე? 
ესტონელებს შეუძლიათ იმუშაონ ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებში, უნივერსიტეტებს შორის გაიზარდა სტუდენტების მობილობა, დაემატა უფრო მეტი მობილობის პროგრამა უცხოურ უნივერსიტეტებთან. ეკონომიკის განვითარებაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია, ყოველმხრივ, ტურიზმის მხრივ, უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის, იქნება ეს საზღვაო თუ სხვა ტრანსპორტის გამოყენებით, მაგალითად ფინეთთან და შვედეთთან ყოველდღიური მიმოსვლაა გემებით, ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს ეკონომიკურ განვითარებაზე, განათლების განვითარებაზე, მას შემდეგ ძალიან ბევრი ინვესტიცია ჩაიდო ესტონეთში, ევროკავშირის წევრ ქვეყანას უფრო მეტი ნდობა აქვს, უფრო უსაფრთხოდ ითვლება, 2004 წელს ესტონეთი ევროკავშირთან ერთად NATO-შიც შევიდა, ამანაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე დიდი როლი ითამაშა.

დასასრულს, გთავაზობთ ქართული რადიო-გადაცემა “სამკვიდრო”-ს ინტერნეტ-ბმულს, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ეთერში გასული გადაცემების ჩანაწერები: https://r4.err.ee/898288/samkvidro/919793

დავით მჭედლიძე

ცოტნე მუსელიანი

7.02.2019წ.