ტალინის კონფერენციაზე საშუალება გვქონდა რამდენიმე წუთიანი კომენტარი ჩაგვეწერა ესტონეთში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელთან ზაზა წერეთელთან. ის პროფესიით ექიმია, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, მისი ოჯახი ტალინში ცხოვრობს, ბატონი ზაზა ამჟამად ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობს უფროსი მრჩეველის თანამდებობაზე, მისი ვაჟი კი ამჟამად საქართველოში ცხოვრობს.
ბატონო ზაზა, ესტონეთში 10 წლის წინ ჩამობრძანდით და რას ამჩნევთ როგორ განვითარდა იგი მას შემდეგ, რამდენად იქონია გავლენა ევროკავშირში შესვლამ ?
ძალიან განვითარდა და რომ დავაკვირდეთ თითქმის ყოველდღიურად, სწრაფად ვითარდება. ცხადია ევროკავშირში გაწევრიანებასაც ჰქონდა ამაზე გავლენა, მაგრამ ჩემი აზრით ამის მიზეზი, მარტო ევროკავშირი არ არის, ეს თვითონ ამ ხალხის მოწყობაა ასეთი. ჩრდილოეთის და სამხრეთის ხალხი განსხვავებულია ერთმანეთისაგან, სამხრეთის ხალხი უფრო ენერგიული და ექსპრესიულია, ჩრდილოეთის ხალხი კი უფრო წყნარი, უფრო დინჯი და უფრო ორიენტირებულია მიზნის მიღწევისაკენ. საქართველოსაც აქვს დიდი სურვილი რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, მაგრამ აქ არის ერთი მომენტი: მე ვმუშაობ ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროში და ნორვეგია არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ერთ-ერთი წამყვანი ევროპული ქვეყანაა და არაწევრობა სულაც არ ეტყობა.. მთავარი არ არის ევროკავშირის წევრობა, მთავარია შენ როგორ აზროვნებ და როგორ ფიქრობ და როგორ აკეთებ საქმეს. თუ საქართველომ მიაღწია იმას, რომ ჩვენ ვიაზროვნოთ ისე როგორც ევროპელები აზროვნებენ – საქმეს პირველ ადგილზე დააყენებ, ვიქნებით კანონ-მორჩილი ისე, როგორც ევროპელები, ჩათვალე რომ შენ ხარ ევროკავშირში, ცხადია ჩვენთვის ევროკავშირს მეორე მნიშვნელობაც აქვს, ჩვენ ვთვლით, რომ ევროკავშირი დაგვიცავს კიდეც ჩვენი მეზობელი რუსეთისგან. თუმცა, მთავარი ვფიქრობ არის აზროვნება, თვითონ ევროკავშირი ეს არის აზროვნება, თუ ჩვენ აზროვნებას შევიცვლით, მაშინ შეიძლება ჩაითვალოს რომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი ევროპული მომავლისკენ. ამ მხრივ, ესტონელებს თავიდანვე ასეთი აზროვნება ჰქონდათ ჩამოყალიბებული, ამაზე იმანაც მოახდინა გავლენა, რომ ესტონეთის მეზობლები არიან სკანდინავიური ქვეყნები: ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია. მას ყოველთვის ჰქონდა მჭიდრო კონტაქტი ამ ქვეყნებთან, მათი გავლენაც ყოველთვის იგრძნობოდა და ამან უფრო გაუადვილა ესტონეთს საქმე, ჩვენ უფრო მეტი რამ გვექნება გასავლელი, მაგრამ აუცილებელია ჩვენი აზროვნება შეიცვალოს.
რას ნიშნავს ევროპული აზროვნება, რა უნდა შეიცვალოს ?
ევროპული აზროვნება ნიშნავს, რომ თითოეული მოქალაქის აზროვნება მიმართულია სახელმწიფოს სიძლიერისადმი, შენ ხარ კანონმორჩილი, შენ ღებულობ მონაწილეობას იმ გადაწყვეტილებაში რომელსაც იღებს სახელმწიფო და შესაბამისად როცა შენ მონაწილეობ ამაში შენ უკვე პასუხისმგებელიც ხდები, რომ ეს გადაწყვეტილება განახორციელო ცხოვრებაში, ამიტომ ამის განუყოფელი ნაწილი ხარ. ამიტომ შენ ხვდები, რომ შენ ხელში არის ყველაფერი … მეორეც შენ ხედავ იმას, რომ შენი მომავალი არის შენი ქვეყნის მომავალი, ცალკე ინდივიდუალურად კი შეიძლება ვიღაცა გამდიდრდეს და წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ – არა, ის თავის თავს ხედავს როგორც ქვეყნის ნაწილს, აი ეს არის ჩემის აზრით მეტად მნიშვნელოვანი, რომ შენ გქონდეს ეს გრძნობა, სახელმწიფოებრივი გრძნობა.
თქვენი აზრით საქართველოში რა უნდა შეიცვალოს, როგორ უნდა შეიცვალოს, დროის გასვლას ველოდოთ?
თუ ჩვენ არ დავიწყეთ ჩვენი საკუთარი თავის შეცვლა, ასე შეიძლება მთელი ცხოვრება ველოდოთ. მარტივი მაგალითი ავიღოთ, როცა თბილისში ჩავდივარ, ვხედავ რომ ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელია დახაზული, სადაც შუქნიშანი არ არის თითქმის არცერთი მანქანა არ უთმობს გზას ფეხით მოსიარულეებს ამ გადასასვლელთან, არადა იმიტომ არის დახაზული, რომ ფეხით მოსიარულეს უნდა დაუთმონ, აი როცა ჩვენი აზროვნება შეიცვლება იქამდე, რომ უნდა დავუთმოთ, მაშინ დაიწყება ეს ცვლილება, როცა შენ მიხვდები რომ მთავარი ის კი არ არის დღეს უეცრად ფული იშოვო – არა, მთავარია, რომ შენს სახელმწიფო ინსტიტუციას ჩაუყარო საფუძველი. იმიტომ, რომ როცა ძლიერი იქნება სახელმწიფო, შენც ძლიერი იქნები. მარტო “მე” – არა, ჯერ სახელმწიფო, სახელმწიფოში მერე შენ “მესაც” მეტ განვითარებას მისცემ.
როცა ესტონეთში ჩამოხვედით, რა იყო თქვენთვის ყველაზე უფრო მეტად თვალში საცემი, რამ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ?
იმან თუ როგორი კანონმორჩილი ხალხია ესტონელები. საქართველოში როცა ღებულობენ კანონს, ყველა ვიწყებთ ფიქრს – ახლა ამ კანონს როგორ ავუაროთ გვერდი, იმიტომ, რომ ჩვენთვის კანონი არის ის, რასაც გვერდი უნდა აუარო. აქ როცა კანონი მიიღება ყველა უსიტყვოდ ემორჩილება ამ კანონს. იმიტომ, რომ იციან სხვანაირად ქვეყანა ვერ იარსებებს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი თავისუფლება იზღუდება – არა, სახელმწიფო, თუ შენ გაქვს სახელმწიფო, უნდა იყოს დაფუძნებული კანონზე, სხვანაირად გამოვა ანარქია. აქ არავის თავისუფლება არ იზღუდება, სიტყვის თავისუფლება არის, და ყველა თავისუფალია თავის ქმედებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენ გადიხარ გარეთ და იწყებ რაღაცის ნგრევას უბრალოდ იმიტომ, რომ არ მოგწონს – არა, იმიტომ, რომ შენ იცი – ამ ქვეყნის ნაწილი ხარ, რატომ უნდა გააფუჭო ის რაც შენია? აი ეს იყო ძალიან დიდი განსხვავება ჩვენსა და მათ შორის და ცხადია, ეს არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი, ზოგადად სამხრეთის ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, იტალიაც რომ ავიღოთ, საბერძნეთიც რომ ავიღოთ. შეიძლება ერთი მიზეზი ამის ის არის, რომ აქ, ჩრდილოეთში ძალიან მკაცრი ბუნებაა, ამან ეს ხალხიც სხვანაირად ჩამოაყალიბა, ესენი ყველაფერს აფასებენ, ჩვენთან – როცა გვაქვს ფანტასტიკური ბუნება, ხილი, ღვინო, ზღვა, ჰაერი, უფრო თავისუფლად უყურებ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი თითქმის თავისით მოდის. აქ 6 თვე ზამთარია და სიბნელე, ესენი ყველანი მუშაობდნენ იმისთვის, რომ რაღაცისთვის მიეღწიათ. ამიტომ აფასებენ საკუთარ შრომას და მის შედეგსაც უფრო უფრთხილდებიან.
ცოტნე მუსელიანი