8 თებერვალს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ევროკავშირის “აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრი”-ს ორგანიზებით გაიმართა მე-6 ყოველწლიური კონფერენცია თემაზე “საერთო გამოწვევები, საერთო გადაწყვეტილებები: აღმოსავლეთ პარტნიორობის წარსული, აწმყო და მომავალი“.
ეს კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის 10 წლისთავს მიეძღვნა. აღმოსავლეთი პარტნიორობის ინიციატივა ევროპის კავშირმა ოფიციალურად 2009 წლის 7 მაისს, პრაღაში გამოაცხადა ერთობლივი დეკლარაციის მეშვეობით, რომელიც მიუთითებდა ევროკავშირის ურთიერთობის გაძლიერებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან: საქართველოსთან, უკრაინასთან, მოლდოვასთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და ბელორუსთან. აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ინიციატივის იდეა არის ევროკავშირის სტანდარტებთან და პრაქტიკასთან დაახლოვება.
ევროკავშირის თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანასთან სხვადასხვა ფორმით ხორციელდება და იგი მოიცავს ეკონომიკური და სოციალური განვითარების მრავალ პროექტსა და პროგრამას, ე. წ. ასოცირების პროცესს და მოლაპარაკებებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისა და თავისუფალი სავაჭრო ზონების საკითხებზე. აღმოსავლეთი პარტნიორობის თითოეული ქვეყანა თანამშრომლობის სხვადასხვა ეტაპზე იმყოფება. მაგალითად, საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ 2014 წელს ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, დანარჩენ სამ ქვეყანას კი ასეთი შეთანხმება არა აქვს.
ევროკავშირის აღმოსავლეთი პარტნიორობის დოკუმენტში ნათქვამია: „მისი საფუძველი იქნება საერთო ღირებულებები, დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის და ადამიანის უფლებათა პატივისცემის ჩათვლით, ასევე, საბაზრო ეკონომიკის, მდგრადი განვითარებისა და კარგი მმართველობის პრინციპები.“
ტალინის კონფერენციაზე 4 პანელი გაიმართა: პირველი პანელის თემა იყო – “ევოლუციის ათწლეული: აღმოსავლეთ პარტნიორობის გასული ათწლეულის შეფასება “, შემდეგ ერთდროულად გაიმართა ორი პანელი თემებზე – “ევროპა სახლიდან იწყება: განვითარებადი რეგიონული მედია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” და “დემოკრატიის უზრუნველყოფა, კორუფციასთან ბრძოლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” , ბოლოს კი კონფერენცია მეოთხე პანელით დასრულდა – “აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი 2020 წლის შემდეგ“.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ დიპლომატიური მისიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები. სხვადასხვა პანელებზე საქართველო წარმოადგინეს საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა 2015-2018 წლებში მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა და მედია-ექსპერტმა გალინა პეტრიაშვილმა.
მიხეილ ჯანელიძემ თავის გამოსვლაში მრავალჯერ გააკეთა აქცენტი იმ აშკარა წარმატებებზე რასაც მიაღწია საქართველომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, ისაუბრა საქართველოს მკაფიო სურვილზე გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ამისათვის ევროკავშირთან ერთად ახალი მიზნების განსაზღვრის აუცილებლობაზე.
“…ჩვენი ხედვა სრულიად ნათელია – ჩვენ გვინდა ევროკავშირის წევრობა, ამიტომ საქართველომ მიზნად დაისახა მოემზადოს იმ პოლიტიკური მომენტისათვის, როცა ევროკავშირი მზად იქნება კარი გაუღოს მას. როგორ უნდა მივაღწიოთ ჩვენ ამ მიზანს? იმისათვის, რომ ჩვენ ამ მიზანს მივაღწიოთ ჩვენ გვჭირდება უფრო ამბიციური დღის წესრიგი ვიდრე დღეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გვთვაზობს…” – განაცხადა მან.
დისკუსიაში მონაწილეობდა ევროკავშირის პარლამენტის წევრი, ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი. აი რა განაცხადა მან: “ჩვენ ყველას გვესმის რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანა განსხვავდება ერთმანეთისაგან. ეს 6 ქვეყანა ჩვენ შეგვიძლია დავყოთ წყვილებად, სამეულებად, გააჩნია რა კრიტერიუმებს გამოვიყენებთ. ნათელია, რომ დღეს უკრაინა, საქართველო და მოლდოვა პოლიტიკურად და ფასეულობების სისტემის მიხედვით უფრო ახლოს არიან ევროკავშირთან, ვიდრე აზერბაიჯანი, ბელარუსი და სომხეთი… და მაინც ვსაუბრობთ რა უკრაინაზე, საქართველოზე და მოლდოვაზე, მე მეჩვენება, რომ არ ღირს 100%-ით კმაყოფილები ვიყოთ იმ შედეგებით, რაც ხდება და ხდებოდა ამ პერიოდის განმავლობაში, თუმცა ევროკავშირის პერსპექტივის გათვალისწინებით, ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა გავიგოთ,რომ განვითარებისთვის დროა საჭირო. შიდა პოლიტიკური სიტუაცია და რუსეთის მოქმედებები ამ ქვეყნებთან მიმართებაში მნიშვნელოვანია. ჩვენ ეს უნდა გავიგოთ. ეს მგრძნობიარე და რთული სიტუაციაა, ეს გაყინული და სხვა კონფლიქტები ყველა ქვეყანაში ბელორუსის გარდა. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ უსაფრთხოების საკითხები კავკასიაში.”
კონფერენციის დასასრულს დიპლომატები მსჯელობდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის შესახებ. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ევროკავშირის წინაშე მრავალი გამოწვევა დგას და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ მუშაობა ყველა მიმართულებით ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად.
ცოტნე მუსელიანი