გუშინ, 22 თებერვალს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, გრანდ-სლემის ტურნირზე ძიუდოში ლუხუმ ჩხვიმიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში. ის ნახევარ-ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძესთან დამარცხდა, რომელმაც თავის მხრივ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ტურნირი კი შარშანდელის მსგავსად იაპონელმა რიუჯიუ ნაგაიამამ (Ryuju NAGAYAMA) მოიგო. მეორე ბრინჯაოს მედალი თორნიკე ჭკადუამ მოიპოვა, რომელიც ნიდერლანდების სახელით ასპარეზობდა.
ლუხუმმა დიუსელდორფის გრანდ-სლემზე შარშანაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დიუსელდორფის გრანდ-სლემის ტურნირი 22 თებერვალს დაიწყო და 24 თებერვალს დასრულდება. წელს საქართველოს ძიუდოს ნაკრები გერმანიაში შემდეგი შემადგენლობით არის წარმოდგენილი:
-60კგ – ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი
-66კგ – გიორგი გუგულაშვილი
-73კგ – ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი
-81კგ – ბექა დონღვანი, გიორგი კაციაშვილი
-90კგ – ავთანდილ ჭრიკიშვილი
-100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური
+100კგ – ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე.
როგორც ამ დროისათვის არის ცნობილი, სამწუხაროდ, უმედლოდ დარჩნენ ფრიდონ გიგანი, ბექა დონღვანი, გიორგი გუგულაშვილი, გიორგი კაციაშვილი.
ვარლამ ლიპარტელიანის და დანარჩენი ქართველი ძიუდოისტების ასპარეზობას შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში უყუროთ ამ ბმულზე https://live.ijf.org/gs_ger2019/live_video ან „სილკ უნივერსალზე“. ფინალური ბლოკის პირდაპირი ტელერეპორტაჟი სამივე დღეს 20:00-ზე დაიწყება.
ცოტნე მუსელიანი