გუშინ, 22 მარტს, დაბა ლენტეხში დაგეგმილი იყო “ხელედულა 3” ჰესის პროექტის საჯარო განხილვა. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეების დიდმა ჯგუფმა გამართა საპროტესტო აქცია, შენობაში არავინ შეუშვა, რის გამოც განხილვა ჩაიშალა.
“ხელედულა 3” ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტში დაგეგმილი ცვლილებების საჯარო განხილვა ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის სპორტ-კომპლექსის საკონფერენციო დარბაზში უნდა გამართულიყო. ჰესის მშენებლობის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად ლენტეხში იმყოფებოდნენ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი და პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“- ვიქტორ ჯაფარიძე. ისინი ცდილობდნენ მოსახლეობა განხილვის ჩატარებაზე დაეყოლიებინათ, მაგრამ ამაოდ.
მას შემდეგ რაც მოსახლეობამ შენობაში არ შეუშვათ, იყო მცდელობა განხილვა დაბა ლენტეხის კულტურის სახლში ჩაეტარებინათ, მაგრამ მოსახლეობამ იქაც არ მისცათ შეხვედრის ჩატარების საშუალება .
მსგავსი განხილვა ადგილობრივმა მოსახლეობამ არაერთხელ ჩაშალა. ამ განხილვების ჩატარებას გარემოს-დაცვითი კანონმდებლობა ითვალისწინებს და საჭიროა იმისათვის, რომ ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი საბოლოოდ დამტკიცდეს, რის შემდეგაც კანონმდებლობის მიხედვით ჰესის მშენებლობას ხელს არაფერი შეუშლის. ეს კარგად იცის ადგილობრივმა მოსახლებამ და ამიტომ ეწინააღმდეგებიან განხილვების ჩატარებას.
“ხელედულა 3” ჰესის საწინააღმდეგო მოძრაობა პარალელურად სასამართლოშიც იბრძვის. მათ სამართლებრივ დახმარებას უწევს ორგანიზაცია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (საია). მორიგი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14 აპრილს არის ჩანიშნული.
ცოტნე მუსელიანი