12 მარტს, ქვემო სვანეთში, მდ. ხელედულას ხეობაში მდებარე სოფლების მოსახლეობის ნაწილმა სოფ. ლესემაში ცენტრალური გზა გადაკეტა. ისინი მდ. ხელედულაზე და მდ. დევაშზე დაგეგმილ “ხელედულა 3” ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ.
16:00 საათზე სოფ. ლესემაში მოსახლეობას შეხვდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი , საკრებულოს სივრცით – ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე დავით პირველი, რაჭა – ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულ გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ილია კენჭაძე და სხვა თანამდებობის პირები. უფრო მოგვიანებით მოვიდა ირაკლი ფირცხალაიშვილი, რომელიც სოფ. ხელედში მიემგზავრებოდა:
ამ დღეს, დაბა ლენტეხში და სოფ. ხელედში, მდ. ხელედულაზე და მდ. დევაშზე დაგეგმილი “ხელედულა 3” ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებების სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა უნდა გამართულიყო (სკოპინგი – პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გზშ-თვის, ანუ გარემოზე ზემოქმედების შეფასებისთვის ან სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის გზშ-ის ანგარიშში ან სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს).
დაბა ლენტეხში ეს განხილვა 14:00 სთ-ზე დაიწყო და კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებულად ჩაითვალა. მასზე ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებების სკოპინგის ანგარიში წარმოადგინა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ირაკლი ფირცხალაიშვილმა, იყო შეკითხვებიც, კამათიც, თუმცა ამ განხილვას სულ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა და იქმნებოდა შთაბეჭდილება თითქოს ქვემო სვანეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს არ ადარდებდა ჰესთან დაკავშირებული საკითხები, სინამდვილეში კი მდ. ხელედულას ხეობის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი პროტესტის გამო არ დაესწრო ამ შეხვედრას.
ამ განხილვის შემდეგ კომენტარი ვთხოვეთ ირაკლი ფირცხალაიშვილს:
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოსახლეობასთან საუბრის შემდეგ სოფ. ლესემაში სიტუაცია თითქოს განიმუხტა, გზა გაიხსნა და ირაკლი ფირცხალაიშვილმა ჩათვალა, რომ სოფ. ხელედში 17:00 სთ-თვის დაგეგმილი სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის გამართვა შესაძლებელი იყო:
სოფ. ხელედის კულტურის სახლის დარბაზში ირაკლი ფირცხალაიშვილმა პრეზენტაცია კი დაიწყო მაგრამ გაგრძელება ვეღარ მოახერხა. მოსახლეობა განსაკუთრებით გააღიზიანა “ხელედულა 3” ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლის ნოდარ კურტანიძის გამოჩენამ:
შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა, დარბაზში ატყდა ხმაური, კამათი, სიტყვიერი დაპირისპირება და სკოპინგის ანგარიშის განხილვა ჩაიშალა:
ცოტნე მუსელიანი,
დაბა ლენტეხი, სოფ. ლესემა, სოფ. ხელედი.