3 მარტს თბილისში გაიმართა საქართველოს ღია პირველობა სამბოში ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის. ახალგაზრდა სამბისტებს შორის თორნიკე გვიჭიანმა (74 კგ-მდე) და ავთო მუკბანიანმა (54 კგ-მდე) პირველი ადგილები მოიპოვეს და აპრილის შუა რიცხვებში ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც კვიპროსში გაიმართება. აღნიშნული მოჭიდავეები თბილისის სახელით გამოვიდნენ, რის მიზეზადაც ჩვენთან საუბარში თორნიკე გვიჭიანმა, დიდი გულისტკივილით, ლენტეხელი სპორტსმენების მიმართ “ხელმწიფებათა” უყურადღებობა დაასახელა.
მან ისიც აღნიშნა, რომ ლენტეხის სავარჯიშო დარბაზში არ არის შექმნილი ელემენტარული პირობები სპორტსმენებისთვის, არ არის სითბო, სისუფთავე, ლენტეხელ სპორტსმენებს თავისი ხარჯებით უწევთ გასვლით შეკრებებზე წასვლა და რადგან ამ ყველაფერს მისი თქმით გამოსწორება არ ეწერა იძულებული გახდა თბილისის სახელით გამოსულიყო, სადაც უკვე სამი წელია აქვს სათანადო პირობები სავარჯიშოდ.
თორნიკე გვიჭიანთან მიმოწერა 9 მარტს გვქონდა, დღეს კი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია რომ “ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა, რომლებმაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ისახელეს თავი”. მერიის ცნობით, ეთერ ლიპარტელიანს, ლევან გუგავას და ავთანდილ მუკბანიანს, თითოეულს ჯილდოდ გადაეცათ 1000 ლარი.
ეს სპორტსმენები, მართალია უკვე რამდენიმე წელია ლენტეხში არ ვარჯიშობენ, მაგრამ მათ ქვემო სვანეთში დაიწყეს ვარჯიში და ლენტეხში გამოვლინდა მათი სპორტული მონაცემები. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ლენტეხის მერიის მხრიდან ყურადღება სვანი წარმატებული სპორტსმენების მიმართ, მაგრამ კიდევ უფრო სასიამოვნო, სასარგებლო და მისასალმებელი იქნება ქვემო სვანეთის სპორტული დარბაზების კეთილმოწყობა და იმ მწვრთნელებისთვის ღვაწლის შესაბამისი ანაზღაურების გამოყოფა, რომლებიც ასე ბეჯითად ემსახურებიან ჩვენი კუთხისთვის და მთლიანად საქართველოსთვის საამაყო საქმეს.
საქართველოს ღია პირველობაში ახალგაზრდა სამბისტებს შორის ლენტეხის სახელით მოასპარეზე, ლენტეხის სასპორტო სკოლის აღზრდილმა დავით ლიპარტელიანმა (მწვრთნელი ლადო მუსელიანი) 68 კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა. დავითი შარშან სტუდენტი გახდა, თბილისში სწავლობს და შესაბამისად ისიც თბილისში გააგრძელებს ვარჯიშს.
მთავარ ფოტოზე ზემოთ: თორნიკე გვიჭიანი
გვანცა ქურასბედიანი