18 თებერვალს, თელ-ავივის გრან სლემის ტურნირზე ძიუდოში ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიგო და კიდევ ერთხელ ჩაიწერა საქართველოს სპორტის ისტორიაში, როგორც პირველი ძიუდოისტი ქალი საქართველოდან, რომელმაც გრან სლემზე საპრიზო ადგილი მოიპოვა. აქამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის შეჯიბრებებში ქართველ ძიუდოისტ ქალებს მედლები მხოლოდ გრან პრის რანგის შეჯიბრებებში ჰქონდათ მოპოვებული.
აღსანიშნავია, რომ ეთერ ლიპარტელიანმა თელ-ავივის გრან-სლემზე ევროპის მოქმედ ჩემპიონს უნგრელ ჰედვიგ კარაკაშს (KARAKAS Hedvig) მოუგო (-57კგ წონით კატეგორიაში). ეთერი მხოლოდ ამ ტურნირის გამარჯვებულთან მასპინძელ ტიმნა ნელსონ ლევისთან (NELSON LEVY Timna) დამარცხდა. ეთერ ლიპარტელიანმა ამ ბრინჯაოს მედლით თავის მსოფლიო რეიტინგს 500 ქულა მიამატა და ტოკიოს 2021 წლის ოლიმპიადაზე მოხვედრის რეალური კანდიდატი გახდა.
ტურნირზე გაგზავნილ ძიუდოისტებს შორის არ იყო ვარლამ ლიპარტელიანი, რომელმაც 11 იანვარს დოჰას მასტერსის ტურნირი მოიგო და 1 თებერვლის მონაცემებით მსოფლიოს რეიტინგში პირველ ადგილზეა 6 848 ქულით (-100კგ), თელ-ავივში ასევე არ გაემგზავრა ლუხუმ ჩხვიმიანი, რომელსაც 3 792 სარეიტინგო ქულა აქვს (-60კგ) – საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა სხვა სპორტსმენებს მისცეს თავის გამოჩენის და სარეიტინგო ქულების მოპოვების შანსი.
საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა თელ-ავივის გრან-სლემზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს:
ოქრო – ლაშა ბექაური (-90კგ), გელა ზაალიშვილი (+100კგ);
ვერცხლი – თემურ ნოზაძე (-60კგ);
ბრინჯაო – ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ), ნუგზარ ტატალაშვილი (-73კგ), ბექა ღვინიაშვილი (-90კგ), ილია სულამანიძე (-100კგ), გურამ თუშიშვილი (+100კგ);