24 დეკემბერს, დაბა ლენტეხში, შპს “რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი”-ს კლინიკის მედპერსონალმა აქცია მოაწყო. მათ ნაწილობრივი გაფიცვის შესახებ წინა დღეს გააკეთეს განცხადება.
კლინიკის თანამშრომლები აპროტესტებდნენ ხელფასების მუდმივ დაგვიანებას და 3 თვის აუღებელ ხელფასს, ოთახების და წყლის გათბობის არ არსებობას და სხვა ელემენტარული პირობების უქონლობას.
აქციის მონაწილეებს შეხვდა შპს “რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი”-ს დირექტორი ნუგზარ ბოლქვაძე. ამ ორგანიზაციას ლენტეხში მდებარე კლინკის გარდა კიდევ რამდენიმე კლინიკა ექვემდებარება საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში და მისი ოფისი თბილისში მდებარეობს, ხოლო ორგანიზაციის 100%-ანი წილის მფლობელი საქართველოს სახელმწიფოა.
როგორც ჩვენთან საუბარში აქციის ერთერთმა ორგანიზატორმა, ლენტეხის კლინიკის მთავარმა ექთანმა ანჟელა ქურასბედიანმა განაცხადა: “ბატონი ნუგზარ ბოლქვაძე ძალიან გულთბილად და ყურადღებით გვესაუბრა, მოისმინა ჩვენი მოთხოვნები და დაგვპირდა მაქსიმალურად მოკლე ვადებში ყველა პრობლემის მოგვარებას, ნოემბერ-დეკემბრის ხელფასს ამ წელს ვერა, მაგრამ ოქტომბრის ხელფასს სასწრაფოდ დაგირიცხავთო. ტელეფონით ვესაუბრეთ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ბადრი ლიპარტელიანს, მანაც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მხარდაჭერა აღგვითქვა. დარეკა პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბატონმა გოჩა ენუქიძემ და მოითხოვა დოკუმენტები კლინიკის დაფინანსებასთან დაკავშირებით. ყოველივე აქედან გამომდინარე ჩვენ შევაჩერეთ პროტესტი სამშაბათამდე და ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას. თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისევ გამოვაცხადებთ ნაწილობრივ გაფიცვას. ვინც მხარს გვიჭერდა ამ პროტესტის დროს, ვინც სოც. ქსელით შემოგვეხმიანა, ვინც აქციაზე მოვიდა,
ყველას მადლობა მინდა ვუთხრა, ჩვენ, კლინიკის თანამშრომლები ყველანი ერთმანეთის მხარდამხარ ვიდექით და კვლავ ერთად ვიდგებით.”
იმედია, მალევე მოხდება ლენტეხის კლინიკის მედპერსონალის პრობლემების მოგვარება და ხალხის ჯანმრთელობაზე მზრუნველ ადამიანებს ელემენტარულ პირობებზე საფიქრალი არ ექნებათ.