მესტიის ცენტრში არსებული ერთერთი სასტუმროს დამხმარე ფართში, პოლიციამ გამოავლინა კრიპტოვალუტების მწარმოებელი აპარატების დიდი რაოდენობა, რომლებიც უკანონოდ მოიხმარდნენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას.
დატაცების ფაქტის გამოვლენა მოხდა მესტიის პოლიციის განყოფილების თანამშრომელთა მიერ.
მესტიაში, განსაკუთრებით ბოლო ერთ წელიწადში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. ამის მიზეზი არის ადგილზე გახსნილი კრიპტოვალუტის მწარმოებელი პუნქტები, რომლებიც იტაცებენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას. მაგალითად, კონკრეტულად ამ სასტუმროში აღმოჩენილი დატაცება უტოლდება 4-5 საშუალო სოფლის მოხმარებას. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ მესტიის რაიონი, ამ დროისთვის საშუალოდ მოიხმარს 12-14 სხვა რაიონის სამყოფ ელექტროენერგიას. ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებას ფიზიკურად ვერ უძლებს ადგილზე არსებული ელექტროქსელი. ხშირად ხდება ავარიების ფაქტები და კომპანიის თანამშრომლები ცდილობენ დროულად შეაკეთონ მწყობრიდან გამოსული ქსელი, თუმცა ელექტროენერგიის განსაკუთრებით მომატებულ მოხმარებას, კვლავ მწყობრიდან გამოყავს. ამასთან, ენერგო-პრო ჯორჯიას თანამშრომლებს არ აქვთ ადგილზე უსაფრთხოდ გადაადგილების და ელექტროენერგიის დატაცების ფაქტების აღმოჩენის საშუალება.
ენერგო-პრო ჯორჯია სთხოვს ყველა შესაბამის ორგანოს, კვლავ გაგრძელდეს ელექტროენერგიის დატაცების ფაქტების აღმოჩენის პროცესი.
ეს ინფორმაცია მოგვაწოდა სს “ენერგო-პრო ჯორჯია”-ს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა ეკა ურიდიამ.