23 დეკემბერს, დაბა ლენტეხის კლინიკის მთავარმა ექთანმა ანჟელა ქურასბედიანმა გაავრცელა განცხადება მედპერსონალის გაფიცვის შესახებ. როგორც განცხადების ტექსტშია გადმოცემული, კლინიკის თანამშრომლები აპროტესტებენ თვეობით აუღებელ ხელფასებს და კლინიკაში არსებულ გაუსაძლის სამუშაო პირობებს.
გთავაზობთ ამონარიდს განცხადების ტექსტიდან: ”
ჩემო ძვირფასო ლენტეხლებო, საავადმყოფოში გვაქვს ძალიან დიდი პრობლემები. მინდა რომ საქმის კურსში ჩაგაყენოთ …, რადგან ლენტეხის ერთადერთი კლინიკის პრობლემა ხალხის პრობლემადაც მიმაჩნია. ჩვენ მართლა თავდაუზოგავად ვმუშაობთ თქვენი ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადასარჩენად, იმ აუტანელ პირობებში რასაც ქვემოთ მოგახსენებთ… არ გვაქვს ელემენტარული გათბობა, ექთანს და ექიმს ხელის დაბანა ცივ, გაყინულ წყალში
უწევს … და ეს მაშინ, როცა დეკემბერში სექტემბრის ხელფასს ვიხვეწებით, თვეებია ვითხოვთ ჩვენ კუთვნილ ხელფასებს რომლის რაოდენობის დასახელება 21-ე საუკუნეში სირცხვილია, ამ მიზერულ ხელფასებს ველოდებით თვეები … ხვალ დილით 10 საათზე ჩვენ გამოვალთ აქციაზე რომელსაც გავმართავთ ჩვენი უფლებების დასაცავად. ამიტომ მინდა მოგაწვდინოთ ხმა რათა ლენტეხის კლინიკამ განაგრძოს ფუნქციონირება და კლინიკის თანამშრომლების პრობლემებიც მოვაგვაროთ ერთად!!! დიდი იმედი გვაქვს თქვენი თანადგომის “.
ჩვენ ვესაუბრეთ პირადად ანჟელა ქურასბედიანს, ის უკიდურესად აღელევებული იყო:
“ხვალ დილით გვექნება საპროტესტო აქცია, იმედია ტელევიზიებიდანაც მოვლენ ჟურნალისტები და მოგვაქცევენ ყურადღებას.
თქვენს განცხადებაში აღნიშნულის გარდა კიდევ რა პრობლემები გაქვთ?
ოთახი არა აქვთ მორიგე ექთნებს, პაციენტი რომ მოდის კორიდორში გამოდიან და წებოვანი ლენტი (“სკოჩი”) აქვთ კარებზე გაკრული, რომ ქარი არ შემოვიდეს. მეორე პაციენტი თუ მოვა ექთანმა უნდა აიღოს თავისი ელექტრო ქურა და პაციენტს უნდა შეუტანოს, თვითონ კი უნდა “გაიყინოს”.
ე.ი. ელექტრო ქურებიც არ არის საკმარისი ?
რა საკმარისი, 5 ელექტრო ქურა გამოგვიგზავნეს და ამათგან 2 გაფუჭებული იყო. ლენტეხში ვინმემ ხმა თუ ამოიღო ზედ გადაუვლიან. სოც. ქსელში გაკეთებული განცხადება მარტო ჩემი დაწერილი არ არის, უბრალოდ ჩვენ თანამშრომლები ასე შევთანხმდით, რომ ჯერ მე დავწერდი და მერე დანარჩენები გააზიარებდნენ და ასეც მოხდა. მე უფროსი ექთანი ვარ, მე ვარ მათი წარმომადგენელი. ყველა თანამშრომელი ერთად ვდგავართ და არა მგონია უკან ვინმემ დაიხიოს. ზედმეტს არაფერს ვითხოვთ, ელემენტარულს ვითხოვთ. ხომ არ ვეუბნები ვინმეს შენი ჯიბიდან აიღეო და მე მომეციო, მე რაც მეკუთვნის იმას ვითხოვ. რაც განცხადებაში პრობლემებზე წერია, ეს მაქსიმალურად მსუბუქად წერია, დეკემბრის ხელფასი რომ იანვარში უნდა აგვეღო ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო წლების განმავლობაში, ხშირად მეორე თვესაც გვიგვიანებდნენ, მაგრამ ახლა უკვე სამთვიანი დაგვიანებები დაიწყო. მოსახლეობა ვერაფერს გებულობს ჩვენ პრობლემებს. ამ პანდემიის დროს ასეთი პრობლემები უნდა გვქონდეს? ჩვენ გადაუდებელი მიმღები ვართ და არ გვაქვს უფლება მომაკვდავი პაციენტი არ მივიღოთ და აწიც მივიღებთ, მაგრამ ხვალიდან პროტესტის ნიშნად არ მივიღებთ და არ მოვემსახურებით გეგმიურ პაციენტებს. ჩვენ კლინიკაში ხდება გადაუდებელი პაციენტების მიღება, მისი მდგომარეობის დასტაბილურება და გადამისამართება სხვა კლინიკებში, წესით მხოლოდ რამდენიმე საათით უნდა ჩერდებოდნენ ჩვენთან პაციენტები, მაგრამ პანდემიის გამო შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო 2 დღეც კი გვყოლია აქ. ახლაც არის მწვავე ავადმყოფი კლინიკაში და ამ დროს ასეთ ელემენტარულ პირობებზე ვსაუბრობთ.”
ლენტეხის კლინიკის თანამშრომლები ხელფასების თვეობით დაგვიანების გამო 2019 წლის ზაფხულშიც გაიფიცნენ. როგორც ვრწმუნდებით მათ წლობის განმავლობაში აწუხებთ ეს პრობლემა. ჩვენ ვესაუბრეთ შპს “რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი”-ს ლენტეხის კლინიკის ერთერთ ექიმს, რომელმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა:
“მე როგორც ვიცი, დაფინანსებას ჩვენი კლინიკა იღებს ჯანდაცვის სამინისტროსგან, ყოველ შემთხვევაში ადგილობრივ ბიუჯეტთან შეხება არა აქვს და ის თანამშრომლები, რომლებიც მხოლოდ ამ კლინიკაში მუშაობენ და სხვაგან შეთავსებები არა აქვთ, მხოლოდ ამ ხელფასის შემყურენი არიან. ხელფასი კი თვეობით გვიანდება უკვე წლებია, ვერაფრით თვე თვეზე ვერ დაჯდა. ექიმებს ზოგს შეთავსებები აქვთ და შედარებით უკეთეს მდგომარეობაში არიან, მაგრამ რამდენიმე ექიმი და კლინიკის დანარჩენი თანამშრომლები ცუდ დღეში არიან. ლენტეხის მერი ბადრი ლიპარტელიანი ბევრს ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ახერხებს. ეს პრობლემა ჯერ კიდევ ძველი საავადმყოფოდან მოდის, სანამ ახალი კლინიკა აშენდებოდა მანამდეც იყო.
ოთახების გათბობის პრობლემაც გაქვთ ?
ახლა ელექტრო ქურები გვაქვს ჩართული, მაგრამ ამხელა შენობას რა ელექტრო ქურა ეყოფა. შარშან გვქონდა ცენტრალური გათბობა ქვანახშირზე, მაგრამ მოსახლეობამ პროტესტი გამოთქვა მავნე გამონაბოლქვის გამო და იყო დაპირება, რომ გადაკეთდებოდა ცენტრალური გათბობა შეშაზე, ან სხვანაირად, მაგრამ არ გაკეთდა. რადგან ცენტრალური გათბობა არ არის, აღარც წყლის გათბობა არ არის.
ახლა ავადმყოფებიკლინაში არ გყავთ ?
ამ დრომდე გადაუდებელ ავადმყოფებს ჩვეულებრივად ვღებულობთ. მით უმეტეს ახლა კორონა ვირუსით დაინფიცირებულებთან უწევთ მუშაობა ვინც იქ მუშაობს
როცა ყველამ წამდაუწუმ ხელები უნდა იბანოს და დეზინფექცია ჩატარდეს და წარმოიდგინეთ როგორი მდგომარეობა იქნება.
სტაციონარის ხელფასები ზოგადად დაბალია და იმასაც რომ თვეობით არ მოგცემენ, ძალიან ძნელია. “