26 -27 თებერვალს “კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრ”-მა (CTC) ჩაატარა მორიგი ვებინარი „ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი, 2021 წლის შეფასების შედეგები და გამოწვევები“. რომელშიც მონაწილეობდნენ “საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების კავშირი”-ს სამი აქტივისტი: ცოტნე მუსელიანი (ხელმძღვანელი), მირანგულა მუკბანიანი და ია ონიანი, ასევე “აქტიური მოქალაქე-ანგარიშვალდებული ხელისუფლება”-ს გამგეობის თავმჯდომარე მზევინარ ლიპარტელიანი.
2016-2017 წლებში, “კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრ”-მა “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტ”-თან (IDFI) და “ღია საზოგადოების ფონდ”-თან (OSGF) თანამშრომლობით შეიმუშავა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი. მისი მიზანია, საქართველოს მუნიციპალიტეტების ერთიანი ეროვნული შეფასების გზით, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა. ინდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტების შეფასება ხორციელდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. პირველი და მეორე ეროვნული შეფასება 2017 და 2019 წლებში განხორციელდა, ხოლო მესამე შეფასება – 2021 წელს. ინდექსმა მოიპოვა ფართო აღიარება დაინტერესებულ მხარეებს შორის. დღეისათვის ის არის მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის შეფასების და გაუმჯობესების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. შეფასების შედეგები და მუნიციპალიტეტების რეიტინგები, შეფასების მეთოდოლოგია, კრიტერიუმები და ინდიკატორები, ცალკეული მუნიციპალიტეტის ძლიერი და სუსტი მხარეები, აგრეთვე ინდექსთან დაკავშირებული ყველა სხვა ინფორმაცია ხელმისაწვდომია სპეციალურ ვებ პორტალზე www.lsgindex.org.
ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ (STAR Initiative) ფარგლებში, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა გამოაცხადა მცირე საგრანტო კონკურსი ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, მუნიციპალური გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მხარდასაჭერად.
სწორედ ამ საგრანტო კონკურსისთვის მოსამზადებლად ჩატარდა ზემოთ აღნიშნული ვებინარი, რომლის
ორგანიზებაზეც იმუშავა CTC-ს პროექტების კოორდინატორმა თამარ ნასყიდაშვილმა, ხოლო ტრენერმა და პროექტის მოწვეულმა კონსულტანტმა გიორგი ტოკლიკიშვილმა მსმენელებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის და სხვა საკითხების შესახებ.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ არაკომერციულ იურიდიულ პირს, რომელსაც:
- გააჩნია მოცემულ რეგიონში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- მის მიერ შემოთავაზებული საპროექტო გუნდის სულ მცირე ორ წარმომადგენელს მიღებული აქვს მონაწილეობა კონკურსის ფარგლებში 2022 წლის თებერვალ-მარტის პერიოდში ჩატარებულ ვებინარში „ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი, 2021 წლის შეფასების შედეგები და გამოწვევები“;
- კონკურსში ვერ მიიღებენ მონაწილეობას პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა (STAR Initiative)“ პარტნიორი სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ჰაბები.
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი 1999 წლიდან საქმიანობს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის სოციო-ეკონომიკური განვითარების პროცესს და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას. თავისი საქმიანობით CTC უზრუნველყოფს ადგილობრივი ადამიანური და ორგანიზაციული შესაძლებლობებისა და პოტენციალის განვითარებას. სამოქალაქო საზოგადოების აქტორების საქმიანობის მხარდაჭერა და გაძლიერება CTC-ის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.