ამ სუსხიან დეკემბერში მაღალმთიანი სკოლები განათლების სამინისტრომ შეშის გარეშე დატოვა. სკოლებს შეშას ეროვნული სატყეო სააგენტო ჰყიდდა, წელს კი სამინისტრომ სკოლების მომარაგება შეშის შემცვლელი ბრიკეტებით გადაწყვიტა, მაგრამ შესყიდვის ტენდერები ოქტომბერში ჩაატარა, თან ისე, რომ მიმწოდებელი კომპანიები სკოლებისთვის მთლიანი მარაგის 40%-ის მიწოდებაზე მხოლოდ 25 დეკემბრამდე დაავალდებულა.
აქამდე სკოლები შეშის შესყიდვას საკუთარი ბიუჯეტიდან ახდენდნენ, თან ისე რომ შეშის დაჩეხვა თავად სკოლას უნდა მოეხერხებინა. წელს განათლების სამინისტრომ სკოლებს ბრიკეტები შესთავაზა, რასაც სამინისტრო თავად შეიძენდა. ბრიკეტი ნახერხისგან და ხის სხვა ნარჩენებისგან დამზადებული საწვავია, რომელიც შეშაზე უფრო მაღალი თბოკალორიულობით ხასიათდება.
ბუნებრივია, სკოლებმა მოითხოვეს “მუქთა” ბრიკეტები, რომელთა ღირებულების გადახდა მათ არ მოუწევდათ. თან შეშის დაჩეხვაც ასცდებოდათ. როგორც ჩანს, ბევრმა სკოლამ ვერ გათვალა, ან არ იცოდნენ იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების თანახმად, მოთხოვნილი მთლიანი მარაგის 40%-ს მხოლოდ 25 დეკემბრამდე მიიღებდნენ, ანუ მიმწოდებელს შეუძლია სკოლას ბრიკეტები 24 დეკემბრამდე არ მიაწოდოს.
შედეგად მაღალმთიანი დასახლებების სკოლები სადაც ერთადერთი გათბობის საშუალება შეშის ღუმელებია, გათბობის გარეშე დარჩნენ. ეროვნული სატყეო სააგენტოსგან სკოლებს ახლა თავიანთი ბიუჯეტით მხოლოდ ნედლი, სველი შეშის შესყიდვა შეუძლიათ, ისიც სანამ ტყეკაფებში ჩამოთოვს.
ჩვენ კითხვებით მივმართეთ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყითსარგებლობის დეპარტამენტის მერქნული რესურსების მართვის სამმართველოს უფროსს ალექსანდრე არჩვაძეს:
როგორც ცნობილია, მაღალმთიანი დასახლებების საჯარო დაწესებულებებს, მათ შორის სკოლებს და ბაგა-ბაღებს, შეშით სატყეო სააგენტო ამარაგებს. წელს ამასთან დაკავშირებით რამე ხომ არ შეცვლილა?
არაფერი შეცვლილა. სააგენტოში საჯარო დაწესებულების მხრიდან მოთხოვნის საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ხდება მერქნული რესურსის მიწოდება. პრობლემები არ გვქონია.
შეშის ფასი ხომ არ გაიზარდა?
წელს ფასი არ გაზრდილა. მერქნის ფასი დარეგულირებულია ტყითსარგებლობის წესის შესახებ 221-ე დადგენილებით, რომელიც განსხვავებულია წიწვოვნებისთვის და ფოთლოვნებისთვის, სააგენტოს სასაწყობე ადგილებში და საქმიან ეზოებში, ადგილზე, წიწვოვნებისთვის 1 კუბ. მეტრის ფასი არის 85 ლარი, ფოთლოვნებისთვის 1კუბ. მ.- 90 ლარი. ტრანსპორტირებისას ემატება 15 ლარი 30კმ-მდე მანძილზე, ხოლო უფრო მეტ მანძილზე ყოველ კმ-ზე ემატება 1კუბ. მ.- 50 თეთრი.
რომელ თვეში შეუძლიათ სკოლებს სააგენტოსთვის მოთხოვნის წარდგენა და როდის აწვდის მათ შეშას სააგენტო?
წლის ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოთხოვნის გამოგზავნა. სატყეო სააგენტოს სასაწყობე ადგილებში და საქმიან ეზოებში რესურსის არსებობის შემთხვევაში მყისიერად ხდება მომარაგება. ძირითადად, მოთხოვნები მოდის ზაფხულში, რომ ზამთრისთვის უკვე უზრუნველყოფილი იყვნენ.
ახლა, რომ მოგაწოდონ მოთხოვნა, თუ შეგიძლიათ დააკმაყოფილოთ და მიაწოდოთ შეშა?
გვქონდა შემთხვევა, როცა დეკემბრის დასაწყისში, დაახლოებით 15 დეკემბრამდე, ზემო სვანეთში ბაღებმა მოითხოვეს დაახლოებით 80 კუბ. მეტრამდე შეშა და მესტია-ხაიშის ტერიტორიაზე განთავსებული საქმიანი ეზოდან უკვე ხდება აღნიშნული ბაღების მომარაგება.
მიწოდების ტექნიკური პრობლემა თოვლის გამო ხომ შეიძლება შეიქმნას?
თუ საქმიან ეზოებში მარაგი არ იქნება და თოვლის საფარი მაღალი იქნება, ასეთ შემთხვევაში ტექნიკური პრობლემა შეიძლება შეიქმნას. პრაქტიკაში ასეთი პრობლემა არასოდეს შეგვქმნია და არც შეგვექმნება თუ საჯარო დაწესებულებები მოთხოვნას მოგვაწვდიან შედარებით ადრე, რათა სააგენტომ რეზერვი გააკეთოს.
საქმიანი ეზო ქვემო სვანეთშიც არის, საქართველოს ტერიტორიაზე განაწილებულია 31 მოქმედი საქმიანი ეზო, 9 დასრულების ეტაპზეა და ამის გარდა არის მობილური სასაწყობე ადგილები საიდანაც ხდება რესურსის გაცემა.
ქვემო სვანეთში ბრიკეტები ათმა სკოლამ მოითხოვა:
დაბა ლენტეხის №1 საჯარო სკოლა | 10 ტონა |
დაბა ლენტეხის №2 საჯარო სკოლა | 10 ტონა |
ლაშა ქურასბედიანის სახელობის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლა | 10 ტონა |
სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლა | 10 ტონა |
სოფელ ხელედის საჯარო სკოლა | 9 ტონა |
სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლა | 8 ტონა |
სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლა | 7 ტონა |
სოფელ ფანაგის საჯარო სკოლა | 4 ტონა |
სოფელ მელეს საჯარო სკოლა | 4 ტონა |
სოფელ სასაშის საჯარო სკოლა | 2 ტონა |
ზემო სვანეთში კი ბრიკეტები ოცმა სკოლამ მოითხოვა:
მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლა | 25 ტონა |
სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლა | 14 ტონა |
სოფელ ლატალის საჯარო სკოლა | 14 ტონა |
სოფელ ეცერის საჯარო სკოლა | 14 ტონა |
სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლა | 13 ტონა |
დაბა მესტიის N 1 საჯარო სკოლა | 12 ტონა |
დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლა | 12 ტონა |
რევაზ მარგიანის სახელობის სოფელ მუჟალის საჯარო სკოლა | 12 ტონა |
სოფელ ნაკრის საჯარო სკოლა | 12 ტონა |
სოფელ ცხუმარის საჯარო სკოლა | 12 ტონა |
სოფელ მაზერის საჯარო სკოლა | 12 ტონა |
სოფელ ხაიშის საჯარო სკოლა | 11 ტონა |
სოფელ ყარ-სგურიშის საჯარო სკოლა | 11 ტონა |
სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლა | 10 ტონა |
სოფელ ფარის საჯარო სკოლა | 9 ტონა |
სოფელ ლახამულას საჯარო სკოლა | 9 ტონა |
სოფელ იდლიანის საჯარო სკოლა | 9 ტონა |
სოფელ მულახის საჯარო სკოლა | 9 ტონა |
სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლა | 6 ტონა |
სოფელ იელის საჯარო სკოლა | 4 ტონა |
ბრიკეტების შესყიდვა ოქტომბერში ათი ტენდერით განახორციელა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, რომელიც განათლების სამინისტროს ექვემდებარება. ამ ათი ტენდერიდან ოთხში, რომელთა საერთო ღირებულება მილიონ ასი ათას ლარზე მეტია, გამარჯვებული აღმოჩნდა შპს “ვარჯი” (დირ. არჩილ ჯამაგიძე). ამ კომპანიამ უნდა მიაწოდოს ბრიკეტები ქვემო სვანეთის, ლეჩხუმის, რაჭის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აფხაზეთის ათეულობით სკოლას და მთლიანი მოცულობის 40% უნდა მიაწოდოს 25 დეკემბრამდე(!). დოკუმენტაციის თანახმად შპს “ვარჯი” მისაწოდებელი პროდუქციის ნაწილის იმპორტს ბელორუსიიდან აპირებს.
ზემო-სვანეთისა და სამეგრელოს რიგი სკოლების ბრიკეტებით უზრუნველყოფის ტენდერებში გამარჯვებულია შპს “ეკოლაინ ენერჯი” (დირ. თამაზ ლომიძე), მან 2 ტენდერში გაიმარჯვა, რომელთა მთლიანი ღირებულება 700 ათას ლარზე მეტია.
აღსანიშნავია, რომ შპს “ეკოლაინ ენერჯი”-მ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე უკვე გამოაქვეყნა სამი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელთა თანახმადაც მან მოამარაგა გარკვეული რაოდენობის ბრიკეტებით სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რიგი სკოლები, შპს “ვარჯი”-ს მხრიდან კი მსგავსი მიღება-ჩაბარების აქტები ქვემო სვანეთის სკოლების მომარაგებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული არ არის. ჩვენს მიერ ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით მას ქვემო სვანეთში მხოლოდ 2 სკოლისთვის აქვს მიწოდებული მცირე რაოდენობის ბრიკეტები, რომლებიც ამ სკოლებს უკვე კარგა ხანია გაუთავდათ.
ამ დროს კი ბრიკეტების მოლოდინში სკოლებში ბავშვები და მასწავლებლები გათოშილები ცდილობენ სველი, უხარისხო შეშით ცეცხლის დანთებას და გაკვეთილის ჩატარებას.
ალბათ დამეთანხმებით, რომ ასეთი გაუგებრობები განათლების სისტემაში სრულიად მიუღებელია მაშინ, როცა საქართველოს მთავრობამ განათლება პრიორიტეტად გამოაცხადა.