25 ნოემბერს ღამის 2-3 სთ-ზე ქვემო სვანეთის სოფ. ხელედში ზურაბ ბენდელიანის სახლი დაიწვა. 8 სულიანი ოჯახი ხანძარს სასწაულებრივად გადაურჩა, სახლი კი მთელ ქონებასთან ერთად მთლიანად დაიწვა და განადგურდა.
საბედნიეროდ, ხანძრის დროს არავინ დაშავებულა. ოჯახი მეზობლებმა და ნათესავებმა შეიფარეს.
სამწუხაროდ, ვერანაირი ქონების გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაეწვათ ყველაფერი: ტანსაცმელი, ავეჯი, ტექნიკა, პროდუქტი… ოჯახი, სადაც 6 არასრულწლოვანი იზრდება, ფაქტიურად, ყველაფრის გარეშე აღმოჩნდა ზამთრის პირზე.
მაგრამ ხალხის დახმარებამ არ დაახანა. იმავე დღესვე დაიწყო ფულის შეგროვება. სოციალურ ქსელშიც გაჩნდა მოწოდებები ოჯახის დახმარებისკენ. ერთერთი მოწოდება, ფეისბუქ-ექაუნთით “ლენტეხის სიკეთის ფონდი”, გაავრცელა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ბერდია ჩანქსელიანმა, რომელიც ამავე დროს არასამთავრობო ორგანიზაციის “ჩემი რეგიონის” დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია:
“მეგობრებო, გთხოვთ გავერთიანდეთ! თქვენგან ჩარიცხული თუნდაც 1 ლარი ძალიან მნიშვნელოვანია ამ ოჯახისთვის. ეხლა ძალიან სჭირდება ამ ოჯახს დახმარება. თანხის გარდა შეგიძლიათ ნებისმიერი რამით დახმარება, ეს იქნება საოჯახო ტექნიკა, ავეჯი, სახურავი, ხის მასალა, რკინა-ბეტონი თუ რაიმე საყოფაცხოვრებო ნივთი… ეს ოჯახი არ უნდა შეხვდეს ახალ წელს ღია ცის ქვეშ!!!
ლიბერთი ბანკი, მიმღები: ეკა ტვილდიანი #GE59LB0711148503996000
თიბისი ბანკი, მიმღები: ჩემი რეგიონი #GE06TB7226536080100010 “
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიხედვით მერიას მხოლოდ 3 000 ლარით შეეძლო დაზარალებული ოჯახის დახმარება, მაგრამ მერიის წინადადებით და საკრებულოს თანხმობით მოხდა სარეზერვო ფონდის მუხლიდან 2 000 ლარის გადმოტანა სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მუხლში და დაზარალებული ოჯახისთვის 5000 ლარის გადაცემა.
2 დეკემბერს ფეისბუქ-ექაუნთით “ლენტეხის სიკეთის ფონდი” გავრცელდა იმედისმომცემი ინფორმაცია და ფოტოები, რომლებიც ნათლად მიუთითებენ თუ რამხელა ძალა აქვს ხალხს:
“მადლობა ერთობისთვის!!!
მეგობრებო გვინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ თქვენთაგანს, ვინც გულთან მიიტანა ამ ოჯახის პრობლემა.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადოთ სოფელ ხელედის მოსახლეობას ამ ერთობისა და თანადგომისთვის. პირველივე დღიდან დაიწყეს ზრუნვა თავისი ძალებით, რომ აღადგინონ და გადახურონ სახლი.”
იმედია, დაზარალებული ოჯახის დახმარება კვლავ გაგრძელდება.