გარდაიცვალა ცნობილი ლოტბარი და კულტურის მოღვაწე ჯუმბერ მუკბანიანი. ჯუმბერ მუკბანიანი დაიბადა 1930 წლის 15 მაისს ქვემო სვანეთის სოფელ თეკალში. მან ბავშვობიდანვე გამოავლინა განსაკუთრებული სიყვარული სვანური სიმღერისადმი, რაზეც დიდი გავლენა იქონია ბიძამ ს. ქურასბედიანმა, რომელიც ოსტატურად ფლობდა ჭუნირს. მე-7 კლასიდან ბატონი ჯუმბერი საკუთარი ხელით ამზადებდა საკრავს. სკოლის დამთავრებისთანავე მას მიანდეს ადგილობრივი გუნდის ხელმძღვანელობა. ამ პერიოდში ის თანამშრომლობდა გამოჩენილ ლოტბართან – იოსებ მუკბანიანთან. სწორედ მასთან ურთიერთობაში გამოიმუშავა იმპროვიზაციის უნარი, რომელიც შემდგომში შესანიშნავად გამოავლინა თავის შემოქმედებაში.
სამხედრო სავადებულო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ ჯუმბერ მუკბანიანმა შექმნა ოჯახი ქალბატონ ბაბილინა ონიანთან ერთად. მათ ექვსი ღირსეული შვილი გაუზარდეს ქვეყანას.
1996 წელს ჩოლურის თემის მოსახლეობის ინიციატივით შეიქმნა ანსამბლი, რომელსაც დაერქვა “მიჟე ნარი”(მზის სინათლე – სვან.) და მის ხელმძღვანელად ისურვეს ჯუმბერ მუკბანიანი. მას შემდეგ ამ ანსამბლმა დაიმსახურა უამრავი ჯილდო. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ორგზის ლაურეატობა 2010 და 2016 წლებში.
2017 წელს ორგანიზაციამ „საქველმოქმედო ფონდი ქართული გალობა“ ჯუმბერ მუკბანიანს მიანიჭა საპატიო წოდება – ქართული სიმღერის მოამაგე. 2022 წელს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ჯუმბერ მუკბანიანს მიანიჭა საპატიო ლენტეხელის წოდება.
ჯუმბერ მუკბანიანი იყო უკეთილშობილესი ადამიანი, უძველესი სვანური სიმღერების გადამრჩენელი, მედიატორი, ბრძენი ადამიანი. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია არამარტო სვანეთისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.
ჯუმბერ მუკბანიანის დაკრძალვა გაიმართება სამშაბათს, 28 მარტს, სოფ. თეკალში.
ფოტოს ავტორი: გიორგი მეშველიანი.