მეტი ცვლილება, მეტი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის

2023 წელი “ორბელიანი საქართველო”-მ ლენტეხში, ცაგერში და ონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებული სიახლით დაიწყო. შექმნა პროექტი “მეტი ცვლილება, მეტი შესაძლებლობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში”, რომელმაც სამი მუნიციპალიტეტის ოცამდე სოფლისთვის შექმნა საგანმანათლებლო სივრცეები, ლაბორატორიები, კულტურულ-სოციალური ადგილები, ახალი შესაძლებლობები და საინტერესო გამოცდილებები.

“ორბელიანი საქართველო-მ UNDP-ის მხარდაჭერით პროექტი “მეტი ცვლილება, მეტი შესაძლებლობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში” რაჭის განვითარების ხელშეწყობის ფონდ ედენასთან პარტნიორობით და ონის, ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებით განახორციელა, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა და მათი თემის გაძლიერების შესაძლებლობის ხელშეწყობა Crowdfunding-ის პლატფორმა https://orbelianimeti.ge/ -ის საშუალებით” – ნინო წულაია, პროექტის ხელმძღვანელი.

Პროექტი განსაკუთრებულ შესაძლებლობას აძლევდა ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ საკუთარი ინიციატივების, იდეების, საზოგადოებისთვის საჭირო და აუცილებელი აქტივობების განხორციელება. პირველ ეტაპზე, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები ისეთ საკითხებზე როგორიცაა თემის მობილიზაციის მეთოდები; საზოგადოების ჩართულობის არსებული მექანიზმები; პროექტის წერა და მენეჯმენტი; სახალხო დაფინანსების გზები და ამბის თხრობის ხერხები.

“პროექტში ჩაერთო 70-მდე ახალგაზრდა ონიდან, ცაგერიდან და ლენტეხიდან. Საინფორმაციო შეხვედრების შემდეგ პროექტის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ მონაწილეობა იდეების კონკურსში. თითოეული იდეა თანადაფინანსებული იყო 4 000 ლარით UNDP-სგან, 1 600 ლარით მუნიციპალიტეტისგან, ხოლო ინიციატივის განხორციელებისთვის დარჩენილი თანხა იდეების ავტორებმა სახალხო დაფინანსების გზით, www.orbelianimeti.ge-ს საიტზე შეაგროვეს.” – ნინო წულაია, პროექტის ხელმძღვანელი.

კონკურსის გამარჯვებულმა იდეებმა სახალხო დაფინანსებით მთლიანად 18 811 ლარი შეაგროვეს, რითაც შექმნეს ახალი შესაძლებლობები ონის, ცაგერისა და ლენტეხის სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და მოსახლეობისთვის.

“თითოეული იდეა წარმოაჩენდა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებას, ახალი შესაძლებლობების შექმნას, ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას, სკოლის მოსწავლეების ყოველდღიური ცხოვრების გამრავალფეროვნებას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ აქტიურ მონაწილეობას საკუთარი სივრცის შექმნასა და განვითარებაში” – ნინო წულაია, პროექტის ხელმძღვანელი

გაეცანით იდეებს, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა, დაფინანსდა და განხორციელდა:

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაფურში სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებულად არიან დაინტერესებული საბუნებისმეტყველო საგნებით, თუმცა, სამწუხაროდ, მოსწავლეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ პრაქტიკული ცოდნა ლაბორატორიის არ არსებობის გამო. იდეის ავტორმა თებროლე ლობჟანიძემ გადაწყვიტა სკოლის მოსწავლეებისთვის შეექმნა სრულად აღჭურვილი ლაბორატორია, რომელიც სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოს და ნაყოფიერს გახდის.

გაეცანით იდეას “შექმენი ლაბორატორია ლენტეხელი ბავშვებისთვის” სრულად: shorturl.at/ftzIQ

ამ პროექტის ფარგლებში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურისა და ლაშხეთის თემების 6 სკოლაში დაიდგა ფორტეპიანოები, რომლის საშუალებითაც ბავშვები ადგილზე დაეუფლებიან ფორტეპიანოზე დაკვრას. იდეის ავტორია ზვიად მუსელიანი. მას იმდენად დიდი გამოხმაურება ჰქონდა, რომ შემომწირველებმა, დამატებით, დაბა ლენტეხის სამუსიკო სკოლასაც აჩუქეს ფორტეპიანო.

გაეცანით იდეას “მთების სონატა” სრულად: shorturl.at/zDPT7

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ. ლაჯანის საჯარო სკოლის პრობლემა დარბაზის არ არსებობა იყო, რომლის ნაცვლად მოსწავლეები დერეფანს იყენებდნენ, სადაც ტარდებოდა ყველა სახის შეკრება, აქტივობა და ღონისძიება. პროექტის ფარგლებში გარემონტდა და აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით სკოლის დარბაზი.

გაეცანით იდეას “ჩვენი სივრცე ლაჯანის თემში” სრულად: shorturl.at/aijuB

ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლასურიაშის თემში არ მოიძებნებოდა კეთილმოწყობილი სივრცე შემოქმედებით-შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების ჩასატარებლად. პროექტის ფარგლებში მოხდა სკვერისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა, რომლის მოწყობის შემდეგ 4 სოფლის ახალგაზრდობა შეძლებს შეკრებას, ერთმანეთისთვის აზრების გაზიარებას, კინოჩვენებების და მათთვის საჭირო და მნიშვნელოვანი აქტივობების განხორციელებას.

გაეცანით იდეას “ვაჩუქოთ მომავალს ფერადი სამყარო” სრულად: shorturl.at/ryTW6

ონის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლის, ღარის საჯარო სკოლაში შეიქმნა სამეცნიერო ლაბორატორია, რომელიც ბავშვებს შესაძლებლობას მისცემს სასწავლო პროცესი გახადონ საინტერესო და ექსპერიმენტებით სავსე.

გაეცანით იდეას “გავუხსნათ დარაბები პატარა მეცნიერებს” სრულად: shorturl.at/qLN49

ონის სკოლაში, არასაკმარისი ოთახების რაოდენობს გამო, ბავშვებს არ ჰქონდათ დამატებითი სივრცე, სადაც შეძლებდნენ გაეღრმავებინათ ცოდნა და ინტერესი გეოგრაფიის მიმართ. პროექტის ფარგლებში, სკოლასთან ახლოს შეიქმნა გეოგრაფიის საგანმანათლებლო თანამედროვე სივრცე, რომლითაც ისარგებლებს ონის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული სკოლის ყველა მოსწავლე.

გაეცანით იდეას “ცოდნის სახლი დედამიწა” სრულად : shorturl.at/adpJ2