ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა, EU4Culture აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (მათ შორის საქართველოში) მცხოვრები ხელოვანებისა და კულტურის სფეროს პროფესიონალებისთვის განკუთვნილ საგრანტო განაცხადების წერის ონლაინკურსს უკვე ფართო საზოგადოებასაც სთავაზობს. კურსი ახლა ყველასთვისაა ხელმისაწვდომი უკრაინულ ციფრულ პლატფორმაზე, cases.media.
კურსის შესასწავლად მხოლოდ პლატფორმაზე რეგისტრაციაა საჭირო. ონლაინკურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც კულტურული აქტივობებისა და პროექტების განსახორციელებლად ევროკავშირის დაფინანსების მოპოვება სურს. კურსი შედგება ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო ვიდეოებისგან, რომელთაც ერთვის სუბტიტრები ქართულ, აზერბაიჯანულ, რუმინულ, სომხურ და უკრაინულ ენებზე.
კურსი მოიცავს ლექციებს შემდეგ თემებზე:
● გრანტების ტიპები და მათი მნიშვნელობა;
● საგრანტო განაცხადის წერის უნარ-ჩვევები და ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორების მოძიების მეთოდები;
● ბიუჯეტის მომზადების სტრატეგიები და განაცხადისთვის საჭირო იურიდიული დოკუმენტაციის მიმოხილვა;
● ეფექტიანი კომუნიკაცია დონორებთან;
● პროექტის ანგარიშის შედგენა.
კურსის გავლის მსურველები cases.media პლატფორმაზე უნდა დარეგისტრირდნენ
ონლაინლექციების დასრულების შემდეგ მონაწილეებს შეუძლიათ გაიარონ ონლაინტესტირება კურსის გავლის სერტიფიკატის მისაღებად.
თავდაპირველად კურსზე დაიშვა მხოლოდ 302 ხელოვანი და კულტურის სფეროს პროფესიონალი აზერბაიჯანიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. ისინი საგრანტო განაცხადების ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ. მათ ასევე მიეცათ შესაძლებლობა, დაკავშირებოდნენ კურსის სხვა მონაწილეებსა და ლექტორებს და მიეღოთ რჩევები თავიანთ მიმდინარე და მომავალ პროექტებზე.
ონლაინკურსზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ორგანიზაციის, „ჩეხეთის ცენტრი კიევში“, საგანმანათლებლო კოორდინატორს, კატერინა ვანდიჩს, ხოლო ტექნიკური პრობლემების არსებობის შემთხვევაში — მხარდაჭერის გუნდს.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Culture, რომლის ბიუჯეტი 7.85 მილიონი ევროა, ოთხწლიანი პროექტია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში — განსაკუთრებით კი დედაქალაქის სტატუსის არმქონე დასახლებებში — კულტურისა და შემოქმედებით სექტორებს უჭერს მხარს. პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (ხელმძღვანელი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი (Institut Français de Géorgie).
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადდით აქ.