კითხვა: სამწუხაროდ, ხშირად ზოგიერთები სხვადასხვა მიზეზით სასულიერო პირებს განიკითხავენ. როგორ უნდა მოიქცეს მორწმუნე როცა მიიჩნევს, რომ სასულიერო პირი შეუფერებლად იქცევა ?
პასუხი: როდესაც სასულიერო პირი არასწორად იქცევა, მორწმუნემ ამის შესახებ უნდა უთხრას ამ სასულიერო პირსვე, აუხსნას თუ რაში ხედავს მის არასწორ მოქმედებას, რა აბრკოლებს მის საქციელში. თუ ამის შემდეგაც დაინახავს სასულიერო პირის არასწორ ქცევას, რომელიც არის სჯულის კანონის დარღვევა, მაშინ უთხრას ამის შესახებ ადგილობრივ მღვდელმთავარს;
კითხვა: საფლავზე მიცვალებულის მოხსენიებისას, ღვინოს ჭიქით მიწაზე წავუქცევთ-ხოლმე, მაგრამ სუფრაზე სახსოვარის თქმისას ზოგი ჭიქით ღვინოს იატაკზე წაუქცევს-ხოლმე, ზოგიც მაგიდაზე, ზოგიც თეფშზე, ხოლო საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ასეთი ტრადიცია აქვთ: პურის პატარა ნატეხს ღვინოში ჩააწებენ, შემდეგ მიირთმევენ და ამის მერე შესვამენ ღვინოს. სვანეთში ორმოცებზე და წლისთავებზე ხშირად საჭმელით დახვავებულ საკურთხის მაგიდასთან იატაკზე თასს დგამენ და შემდეგ სტუმრები მორიგეობით მიდიან ამ მაგიდასთან და ღვინოს ჭიქით ამ თასში წაუქცევენ-ხოლმე. რას გვეტყვით ყოველივე ამაზე ?
პასუხი: საფლავზე ღვინის წაქცევა ქრისტიანული ტრადიციაა, რაც სიმბოლურად გამოხატავს მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ, მისი სხეულიდან ჩამოსულ სისხლის წვეთებს, რომელნიც მიწაზე დაიქცა და მართალთა სულები განწმინდა. მაგიდაზე, იატაკზე ან თეფშზე ღვინის წაქცევა არ არის სწორი მოქმედება. ღვინის წაქცევა უნდა მოხდეს საფლავზე და ისიც რამოდენიმე წვეთისა; მაგიდასთან მიცვალებულის პატივსაცემად პურის ნატეხის ღვინოში ჩაწება ქრისტიანული ზიარების საიდუმლოების სიმბოლური გამოხატულებაა; შეიძლება ასევე პურზე ცოტა ღვინის დასხმა და შემდეგ მისი მირთმევა; მიცვალებულისათვის გამზადებული საკურთხი, იკურთხება სასულიერო პირის მიერ; სასულიერო პირი აღასრულებს პანაშვიდს მიცვალებულის სულის მოსახსენებლად და შემდეგ აკურთხებს საკურთხს; ერის კაცს შეუძლია წაიკითხოს ფსალმუნები ან ლოცვა მიცვალებულთათვის, რომლებიც არის ლოცვანის წიგნებში;
კითხვა: საქართველოში ჯერ კიდევ გავრცელებულია ტრადიცია, როცა საფლავზე აღმართავენ ქვას, რომელზეც მიცვალებულის გადიდებული ფოტოდან არის გადატანილი გამოსახულება, ასევე ხშირია ქანდაკებების დადგმა, საფლავების სხვადასხვა სახით შეღობვა და გადახურვა, კოშკების აშენება საფლავთან, ხოლო სანამ ამგვარი ქმედებები დამკვიდრდებოდა, მანამდე ჩვენი წინაპრები საფლავზე ბრტყელ დიდ ქვას ან გამოთლილ ლოდს დებდნენ. ეკლესიის აზრით როგორ უნდა მოვაწყოთ მიცვალებულის საფლავი.
პასუხი: მიცვალებულის საფლავი უნდა იყოს მოკრძალებული; საფლავზე უნდა დაიდოს ლოდი, რომელზეც შეიძლება დაიწეროს მიცვალებულის გვარი და სახელი, დაბადების და გარდაცვალების წლები, ასევე მცირე ლოცვა ან ეპიტაფია.ასევე მიცვალებულის თავთან უნდა აღიმართოს აუცილებლად ჯვარი – უჯვრო საფლავს ეშმაკები ეპატრონება;
კითხვა: ქვემო სვანეთის მოსახლეობის უმრავლესობა თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად და ღმერთის მორწმუნედ მიიჩნევს, მაგრამ წირვა-ლოცვებს ეკლესიაში ძალიან ცოტა თუ ესწრება, ხოლო ზოგიერთები იმასაც კი ამბობენ: მე ღმერთის მწამს და სამღვდელოების არაო. რას გვეტყვით ამის შესახებ ?
პასუხი: უფალმა თავის მოწაფეებად მოციქულები გამოირჩია და აკურთხა. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ მოციქულებს მიეცათ კურთხევა ქრისტიანობის გავრცელებისა და ღვთისმსახურების შესრულებისა; მოციქულებმა თავიანთ მემკვიდრეებად აკურთხეს ეპისკოპოსები და მღვდლები, რომელთაც უნდა გაეგრძელებინათ მოციქულთა საქმეები. ამიტომ ვინც უარყოფს სასულიერო პირებს ის თავად ქრისტეს უარყოფს, რადგან სასულიერო პირები თავად უფალმა გამოირჩია და აკურთხა;