17 სექტემბერს ლენტეხში ჩამოვიდნენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის უფროსი დავით მამუკელაშვილი, ამავე სამსახურის უფროსი სპეციალისტი დავით სვანიძე და სპეციალისტი გიგა რეხვიაშვილი.
მათი ვიზიტის მიზანი იყო ლენტეხის მუნიციპალიტეტის ფერმერებისათვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. შეხვედრა, რომლის ორგანიზებაზეც იზრუნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ნუგზარ ლიპარტელიანმა, გამგეობის შენობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. მას, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლების მაცხოვრებლების გარდა, ესწრებოდნენ გამგეობის მაღალი თანამდებობის პირებიც – გამგებლის მოადგილე მურმან ტვილდიანი, ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი ბაჩუკი გაზდელიანი, სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სოსო მუსელიანი, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.
დავით მამუკელაშვილმა ისაუბრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დადებით მხარეებზე, ამ კუთხით ევროპული ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებაზე, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის ამ დროისათვის არსებულ შეღავათებზე, ასევე ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგამის“ შესახებ და მოუწოდა დამსწრეებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანება. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დაესვა შეკითხვები სტუმრისათვის, თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს გამგებლის მოადგილემ მურმან ტვილდიანმა, ჯაბა ონიანმა, სოსო მუსელიანმა, მურადი ლიპარტელიანმა და სხვებმა. შეხვედრაზე გაიმართა კამათიც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა თემაზე. სამწუხაროდ, ზოგიერთი ფერმერისთვის თუ ბიზნესმენისთვის, ჩამოსულ სტუმარს არაერთხელ მოუწია შეეხსენებინა, რომ ის ლენტეხში კონკრეტულად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე და არა ბიზნესის სხვა საკითხებზე სასაუბროდ ჩამოვიდა.
შეხვედრას მცირე ხნით შემოუერთდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამირან (ჟორდან) ჯამბურიძე. მან აღნიშნა, რომ ის მიესალმება ნებისმიერ საქმეს, რომელიც წაადგება ლენტეხის მუნიციპალიტეტში ეკონომიკის და სოფლის-მეურნეობის გაჯანსაღებას.
დასასრულს სტუმრებმა დაარიგეს საინფორმაციო ბუკლეტები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ.