14-16 ივლისს ლენტეხში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი სწრაფ და რთულ ცოცვაში, გუნდური ასპარეზობა სწრაფ ცოცვაში დიდი მთამსვლელის ჯოკია გუგავას სახელობის თასზე და ინდივიდუალური შეჯიბრი ახლახანს გარდაცვლილი ალპინისტის ლერი მიქელაძის თასზე.
ლენტეხში 8 გუნდი ჩამოვიდა: თბილისის ორი გუნდი, მესტიის ორი გუნდი, ქუთაისის, ბათუმის, ყაზბეგის, აზერბაიჯანის გუნდები. სულ მონაწილეობა მიიღო 70-მდე მეკლდეურმა. აღსანიშნავია, რომ წელს აზერბაიჯანის გუნდი ნაკრების სახით იყო წარმოდგენილი. სამწუხაროდ ლენტეხის გუნდი ვერ შეიკრიბა და შეჯიბრებებში მონაწილეობა ვერ მიიღო, როგორც ჩანს ამ ფაქტზე დიდი გავლენა მთავარი მწვრთნელის, ალიოშა გაზდელიანის ავადმყოფობამ იქონია.
საქართველოს ჩემპიონი სწრაფ ცოცვაში ბიჭებს შორის ისევ მრავალგზის ჩემპიონი გიგა ჯანხოთელი გახდა, მეორე ადგილზე მამუკა ხუციშვილი გავიდა, მესამეზე კი – ალმაცგირ კვიციანი. სწრაფ ცოცვაში გოგონებს შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა მარი ქურდიანი, მეორე ადგილი აიღო ფატი იოსელიანმა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი გახდა ნიცა თვაური.
რთულ ცოცვაში ბიჭებს შორის პირველი ადგილი შარშანდელი ჩემპიონატის მსგავსად ორმა სპორტსმენმა გაიყო. ესენი იყვნენ ალმაცგირ კვიციანი და გუგა დაბრუნდაშვილი, მესამე საპრიზო ადგილი კი აზერბაიჯანის წარმომადგენელმა რინიტ რახიმხანოვმა მოიპოვა.
გოგონებს შორის რთულ ცოცვაში საქართველოს ჩემპიონი ნიცა თვაური გახდა, მეორე ადგილი ფატი იოსელიანმა მოიპოვა, ხოლო მესამე – აზერბაიჯანის წარმომადგენელმა ლეილა ახმედოვამ.
საქართველოს ჩემპიონი გუნდი სწრაფ და რთულ ცოცვაში სპორტსმენების მიერ უკვე ნაჩვენები შედეგების მიხედვით გამოვლინდა და ის აზერბაიჯანის გუნდი აღმოჩნდა, მეორეზე თბილისის პირველი გუნდი გავიდა, ხოლო მესამეზე – მესტიის გუნდი.
გუნდური პირველობას სწრაფ ცოცვაში ჯოკია გუგავას სახელობის გარდამავალ თასზე, რომელიც უკვე მეოთხე წელია ლენტეხში ტარდება, ესტაფეტის სახე აქვს და მასში თითოეული გუნდიდან მხოლოდ 3 სპორტსმენი მონაწილეობდა. ჯოკია გუგავას თასი მოიპოვა თბილისის პირველმა გუნდმა, მეორე ადგილზე – აზერბაიჯანის გუნდი გავიდა, ხოლო მესამეზე – ქუთაისის გუნდი.
ჯოკია გუგავას ოჯახმა წელს საპრიზო ფონდისთვის 1000 ლარი გამოყო. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით პირველ ადგილზე გასულ გუნდს 500 ლარი გადაეცა, მეორე ადგილოსანს – 300 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულს -200 ლარი.
ლერი მიქელაძის თასი ინდივიდუალურ ასპარეზობაში სწრაფ ცოცვაში ლენტეხის ლადო მუსელიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოშკის კედელზე გაიმართა. ეს თასი ვაჟთა შორის მოიპოვა ალმაცგირ კვიციანმა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს აზერბაიჯანის გუნდის წარმომადგენლებმა ჩინგიზ ტაგიზადემ და ფარიდ შახბაზოვმა.
გოგონათა შორის ლერი მიქელაძის თასი მარი ქურდიანმა მოიგო, მეორე ადგილზე ნიცა თვაური გავიდა, ხოლო მესამეზე – მარიანა იოსელიანი.
დაჯილდოების ცერემონია ლენტეხის კულტურის სახლში ჩატარდა და მას საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მირზა ლიპარტელიანი უძღვებოდა. პრიზების გადაცემაში მონაწილეობა მიიღო ლენტეხის გამგებელმა ამირან ჯამბურიძემ, რომელმაც დამსწრეებს სიტყვითაც მიმართა. საღამო სვანური სიმღერებით კიდევ უფრო დაამშვენა ლენტეხის ფოლკლორულმა ანსამბლმა “ლაგუშედა” (ლოტბარი ზურა ლიპარტელიანი). სიტყვით გამოვიდნენ მთამსვლელობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გივი ქართველიშვილი, ვეტერანი მთამსვლელი ბესო ბაქრაძე, რომელთაც გაიხსენეს გრიშა გულბანი, ჯოკია გუგავა, სოზარ გუგავა. ემოციური იყო ლენტეხში დაბადებულის და აღზრდილის, საქართველოს მეკდეურთა ნაკრების და თბილისის პირველი გუნდის მწვრთნელის ავთო ქურასბედიანის გამოსვლა:
ამ სპორტული ღონისძიების ორგანიზატორები და დამფინანსებლები იყვნენ საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია და ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
ნანი ბენდელიანი, დაბა ლენტეხი.