“ტრადიცია და ტურიზმი – ქვემო სვანეთის ახალი სიცოცხლე”- ეს გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია “ლაჰილი”-ის მიმდინარე პროქტი, რომლის მიზანიც ქვემო სვანეთის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი და პერსპექტიული ზონის ცნობადობის ამაღლება და რეგიონში ტურისტული სერვისების განვითარებაა.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ლაჰილი” 2014 წელს შეიქმნა. იგი მეორე წელია, იმარჯვებს საგრანტო კონკურსში. მისი პროექტები სვანური ენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებას, განვითარებასა და პოპულარიზაციას ემსახურება. “ტრადიცია და ტურიზმი – ქვემო სვანეთის ახალი სიცოცხლე” საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებითა და მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის მიზნებსა და კონკრეტულ გეგმებზე “svanetiinfo.ge” “ლაჰილი”-ს დირექტორს კატურბი გულბანს ესაუბრა:
– ჩვენი ახალი პროექტი – “ტრადიცია და ტურიზმი – ქვემო სვანეთის ახალი სიცოცხლე” ქვემო სვანეთის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი და პერსპექტიული ზონის ცნობადობის ამაღლებასა და რეგიონში ტურისტული სერვისების განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში იგეგმება 10 ახალგაზრდის გადამზადება სამთო გამყოლ გიდად. ტრენინგებზე სვანი ახალგაზრდები შეისწავლიან მთაში უსაფრთხოდ გადაადგილების საფუძვლებს, პირველადი დახმარების აღმოჩენისა და ექსტრემალურ სიტუაციებში მოქმედების წესებს, ტურისტული სერვისის თავისებურებებს და ა.შ. დამატებით 10 ახალგაზრდა გაეცნობა ტურისტული სერვისების განვითარებას და ტურიზმის მენეჯმენტს. ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან საოჯახო სასტუმროს სერვისის შესახებ არსებულ ინფორმაციებს. ყურადღება გამახვილდება ტურისტული საქმიანობის სწორად განვითარებაზეც. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ პროექტის წერის სპეციფიკას, რაც ხელს შეუწყობს მათ განვითარებასა და წარმატებას საქმიანობის წამოწყებაში. ბოლოს მათ სერთიფიკატებს გადავცემთ.
– მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ღონისძიებების შესახებ რას გვეტყვით?
– “ტრადიცია და ტურიზმი – ქვემო სვანეთის ახალი სიცოცხლ”-ის ფარგლებში დაგეგმილია გარკვეული აქტივობები. უფრო კონკრეტულად კი 10-მდე ტურისტული მარშრუტის შემუშავება, მათი მარკირება და საინფორმაციო ბანერების დადგმა ტურისტული მარშრუტების დასაწყისებთან. აღნიშნულ მარშრუტებზე მოეწყობა ფოტო-ტურები და გადაღებული ფოტოები გამოიფინება სვანურ ფოლკლორულ ფესტივალზე, რომელიც ჩატარდება ამავე პროექტის ფარგლებში 25-26 აგვისტოს. მასში მონაწილეობას მიიღებენ სვანეთისა და საქართველოს სხვა კუთხის ფოლკლორული ჯგუფები, სხვადასხვა ნაკეთობათა ოსტატები. ფესტივალის პირველ დღეს უმასპინძლებს კურორტი მუაში, ხოლო მეორე დღეს – ლენტეხი. ტრადიციული სვანური ცეკვისა და სიმღერის გარდა, წარმოდგენილი იქნება ხეზე კვეთისა და სხვადასხვა სვანურ ნაკეთობათა ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, დამსწრეებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ სვანური სამზარეულო, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქცია, გაიმართება შეჯიბრებები ტრადიციულ სვანურ თამაშობებში: “ფაყვა ლიკედ” (ქართულად – “ქუდის ჩამოხსნა” – თამაში რაგბის ელემენტებით, რომელიც შემონახულია სვანეთის მხოლოდ ერთ სოფელში – ლატალის თემის სოფელ ლახუშდში), სვანურ ჭიდაობაში, საჯილდაო ქვის აწევასა და დოღში. თამაშობებში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.
– სხვა პროექტების შესახებ რას გვეტყვით?
– პირველი პროექტი იყო “წინაპართა ნაკვალევზე”, რომლის ფარგლებში ორგანიზაციის წევრებმა ფეხით შემოიარეს ზემო და ქვემო სვანეთი, შეაგროვეს ძველი თქმულებები, ზღაპრები, ლეგენდები, ისტორიები. სვანურ თემატიკაზე შემნეს ფილმი „წინაპართა ნაკვალევზე” ქართული სუბტიტრებით.
კიდევ ერთი პროექტი “გაიხსენე ძველი ხელობა” 2015 წელს ლენტეხში განხორციელდა. მასში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ქვემო, ასევე ზემო სვანი ახალგაზრდები. მათ შეისწავლეს სვანური ქუდის, ჩანგისა და ჭუნირის კეთება.
ნანი ბენდელიანი, ლენტეხი