ლენტეხის სამხატვრო სკოლას საზოგადოება “ობსკურას” წარმომადგენლები სტუმრობდნენ. მათი ვიზიტის მიზანი თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციაა.
“ობსკურა” შემდეგი შემადგენლობით სტუმრობდა სვანეთს: თანამედროვე კულტურის მკვლევარი და კურატორი მარიამ ლორია, თანამედროვე კულტურის მკვლევარი – მარიამ წიქარიძე, მხატვარი – სოფია კობაიძე, ფოტოხელოვანი – სანდრო სულაბერიძე და ნინუცა შატბერაშვილი. ეს ადამიანები მოგზაურობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ატარებენ მასტერკლასებს და კითხულობენ ლექციებს. გამონაკლისი არც ლენტეხი იყო. “ობსკურას” წარმომადგენლებმა ლენტეხის სამხატვრი სკოლის მოსწავლეებს ოთხსაათიანი ლექცია-მასტერკლასი ჩაუტარეს თანამედროვე ფოტოხელოვნებაზე. მოსწავლეებს გააცნეს სხვადასხვა სახის რისკები და წინააღმდეგობები, რაც შეიძლება ამ სფეროში მუშაობის დროს შეიქმნას. აწავლეს, როგორ შეუძლიათ თავად შექმნან მარტივად ფოტო კამერა. მაგალითად, შუქგაუმტარ ყუთში კეთდება ნახვრეტი – საიდანაც განათების სხივები შედის შიგნით და ამოტრიალებული გამოსახულების სახით ხდება მისი პროექცია ყუთში მოთავსებულ ეკრანზე. ლექციამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელზე. სამხატვრო სკოლის 6-ე კლასის მოსწავლემ, თომა ქურასბედიანმა, ლექციის შემდეგ თავად დაამზადა ასეთი კამერა.
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთ დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. შეხვედრის ბოლოს აღინიშნა, რომ ასეთი ტიპის ლექციები ლენტეხელი ახალგაზრდებისთვის ყოველწლიურად გაიმართება.
ნანი ბენდელიანი, ლენტეხი