“ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე…” – საუკუნის მშენებლობა ლაშხეთში

1994 წლის შემოდგომაზე, ლაშხეთში, სოფელ ლაშხარაშის გასწვრივ, მდინარე ხანაშურის მარჯვენა ნაპირზე არსებულ კლდოვან ფერდობზე, სადაც, ხალხის გადმოცემით, ოდესღაც კოშკი მდგარა, ბატონი გრიგოლ ჯანხოთელის ინიციატივით, გადაწყდა, აშენებულიყო ტაძარი. ეკლესიას სახელი ხალხმა შეურჩია – “ლაშხეთის მაცხოვრის ტაძარი”. დაწესდა, რომ ყოველი წლის 1 აგვისტოს აღინიშნოს “ლაშხეთობა”. “svaneTiinfo.ge” ულოცავს ლაშხეთელებს და სრულიად სვანეთს ამ დღესასწაულსს. დღეს, როგორც ყოველთვის,  უამრავმა მომლოცველმა მოიყარა ტაძარში თავი.

საინტერესოა ტაძრის ისტორია. ჩამოყალიბდა მშენებლობის საორგანიზაციო ჯგუფი გრიგოლ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით. ჩატარდა ყრილობები ლაშხეთის დიდ სოფლებში: მელე, შკედი, სასაში, ჟახუნდერი. გამოიყო ენთუზიასტთა ჯგუფი, რომლის სათავეში გამორჩეული ადამიანები იდგნენ. გაიყვანეს გზა მთის ფერდობზე, მოასწორეს კლდოვანი ბორცვები და დაიწყო უდიდესი შრომა.

მშენებლობის მთავარი ინიციატორი აკადემიკოსი გრიგოლ ჯანხოთელი გახლდათ. ის 1940 წელს დაიბადა სოფელ ჩიხარეშში და სვანეთის დიდი პატრიოტი იყო. “საქართველო ჩემთვის ჩიხარეშიდან იწყება” – ამბობდა ბატონი გრიგოლი. ღვთისადმი სიყვარული მას ბავშვობიდან დედამისმა ჩაუნერგა, რომელმაც, მიუხედავად ქვეყანაში კომუნისტების ათეისტური იდეოლოგიის ბატონობისა, ცხოვრების დიდი ნაწილი ღვთის მსახურებაში გაატარა. სწორედ, დედამისის ნატვრა იყო, რომ ლაშხეთში ტაძარი აშენებულიყო.

საუკუნის მშენებლობაში მთელი ლაშხეთი იყო ჩაბმული. განსაკუთრებით აღსანიშნავია სოფელ ჩიხარეშის მაცხოვრებლების თავგამოდებული შრომა. ადამიანი არ დარჩენილა, რომ მონაწილეობა არ მიეღო მშენებლობაში, ვისაც როგორ შეეძლო, ისე იყო ჩართული.  ქალები საჭმლით ამარაგებდნენ მუშებს.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ახალგაზრდობის სიხარული დაწყებულ დიდ საქმესთან დაკავშირებით. ზაფხულში ბარიდან მშობლიურ სოფლებში მოსული ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი მშენებლობაში. თითოეულ ადამიანს დიდი წვლილი მიუძღვის ამ საქმეში.

როგორც ცნობილია, მშენებლობის დროს ხალხს ერთი დაბრკოლება შეექმნა. ტაძრის მშენებლობას დიდი ქვა, ე.წ. “მუქოხი” აფერხებდა. მისი ამოღება სცადეს, მაგრამ ამაოდ. თითქოს ფესვები ქვესკნელში ჰქონდა გადგმული. იძულებულნი გახდნენ, ქვა დაეტოვებინათ და ის დღეს საკურთხევლის შუაგულშია მოქცეული.

2002 წლის 1 აგვისტოს ტაძრის საძირკველი საზეიმოდ აკურთხა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მღვდელმა, მამა იოსებ ნიგურიანმა. კურთხევის ცერემონიალს მრავალი ლაშხელი დაესწრო.

ბატონი გრიგოლ ჯანხოთელი, სამწუხაროდ 2015 წლის ბოლოს გარდაიცვალა. მას ეკლესიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი იდეა დარჩა განუხორციელებელი, მაგრამ, იმედია, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მის დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. დღეს ეკლესიას დასრულებული სახე აქვს და ის ლაშხეთის ერთ-ერთ მშვენებას წარმოადგენს.

417211b8-bf6c-4426-92a4-abda3d7ef8bf

IMG_20160325_162220

4a588c00-02b9-4894-8f83-e7a6a64588ec

 

 

ქრისტინე დონღვანი, სოფ. ჩიხარეში.