2016 წლის 29 ივლისს ლენტეხის კულტურის სახლში სახალხო მოძრაობა “სოციალისტური საქართველოს” სვანეთის ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. “დედა-სამშობლო გვიხმობს” – რუსულ და ქართულ ენებზე გამოქვეყნებული ეს წარწერა ყრილობის ძირითად ფონს ქმნიდა. შეხვედრის მიზანიც რუსეთთან დაახლოების აუცილებლობაზე საუბარი იყო.
ყრილობაზე სიტყვით გამოვიდნენ ამ მოძრაობის დამფუძნებლები: ვალერი კვარაცხელია, გრიგოლ ონიანი და თემურ ფიფია. მისასალმების შემდეგ ვალერი კვარაცხელიამ აღნიშნა: ” ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა შემოგთავაზოთ რაღაც, თქვენი კონსტიტუციური უფლებაა – მიიღოთ, ან არ მიიღოთ. აგერ არჩევნები კარს არის მომდარი, კი ბატონო, მიბრძანდით და ზოგმა “ქართულ ოცნებას” მიეცით ხმა, ზოგმა – ნაციონალებს, ზოგმა ვიღაც ალასანიები რომ არიან, იმათ, მაგრამ გაივლის ეს არჩევნები, შეიკრიბება ახალი პარლამენტი, დაინიშნება ახალი მთავრობა და თქვენ აღმოაჩენთ, რომ სულ ტყუილად მისულხართ, არაფერი არ შეიცვლება, ყველაფერი ისევ ისე დარჩება!” კვარაცხელიამ ძირითადი სათქმელი ასე გადასცა მცირერიცხოვან დარბაზს: “ჩვენ უნდა ვთხოვოთ რუსეთს, საქართველოში ისევ უნდა დაბრუნდეს რუსეთის სამხედრო ბაზები. ის უნდა განლაგდეს არა მარტო აფხაზეთსა და ცხინვალში – სამხრეთ ოსეთში, არამედ ბათუმში, ახალქალაქსა და ვაზიანში, როგორც ადრე იყო”.
ყრილობაზე 80 წლის იუბილე მულოცეს ბატონ გრიშა ონიანს, დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვეს მას. დამსწრე საზოგადოებისთვის დარიგებულ მოსაწვევებში მითითებული იყო, რომ ყრილობას უნდა დასწრებოდა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო იგი ღონისძიებაზე ვერ მოვიდა.
ტრიბუნასთან სიტყვით გამოვიდა ღვაწლმოსილი პედაგოგი, ბატონი პიმენ ხვისტანი, რომელმაც ვრცლად ისაუბრა სტალინისტ გრიგოლ ონიანის დამსახურებასა და ღვაწლზე. დამსწრეთა ხანგრძლივი ტაში დაიმსახურა ხოფურის საჯარო სკოლის იტორიის მასწავლებლის, თამაზ ქურასბედიანის გამოსვლამ. ხალხის სიმცირის გამო ბატონმა გრიშამ უკმაყოფილება არ დამალა.
იხილეთ “სოციალისტური საქართველოს” დამფუძნებელი ყრილობიდან მცირე ვიდეოეპიზოდი: