ტურიზმი არა მხოლოდ სვანეთისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. სვანეთი კი ის ადგილია, რომელიც საქართველოში ტურისტების სიმრავლის კუთხით ერთ-ერთი მოწინავეა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ტურისტი ეწვია სვანეთს მიმდინარე წელს, არ არსებობს, ცნობილია, რომ ზემო სვანეთს უფრო ეტანებიან ვიზიტორები, ვიდრე – ქვემო სვანეთს. ამის ძირითადი მიზეზი კი განუვითარებელი ინფრასტრუქტურა და შესაბამისი ინფორმაციის არქონაა.
Svanetiinfo.ge ტურიზმის თემაზე მუშაობისას დაინტერესდა, რა პრობლემებია ამ სფეროში სვანეთში? რა მოსწონთ ტურისტებს ამ კუთხეში? რა აზრის არის მოსახლეობა მათ სიმრავლეზე?
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ყველაზე მეტად ტურისტების სიმრავლე აჭარის რეგიონში შეინიშნება. სვანეთი კი ტურისტულად ყველაზე აქტიური და საინტერესო ადგილების ხუთეულში შედის: „საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 7 თვეში 3,400,335 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.6%-ით მეტია, რაც უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობაა. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 1,401,914 შეადგინა, რაც 208,436-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით (ზრდა+17.5%).
2016 წლის იანვარი – ივლისის პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+15.1%), თურქეთიდან (+1.6%), სომხეთიდან (-0.8%), რუსეთიდან (+10.3%) და უკრაინიდან (+24.3%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივლისში გამოირჩნენ სლოვაკეთი +32.8%, ლატვია +25.1%, უნგრეთი +21.4%, ჩეხეთი +19.5% და იტალია +16.5%. განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: იორდანია (+472%), ირანი (+457%), პაკისტანი (+455%), ინდოეთი +(347%), შრი-ლანკა (+239%), სირია (+190%), ფილიპინები (+186), ეგვიპტე (+176%) და ომანი (+163%).
ივლისშიც პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, გამოირჩნენ: გერმანია +18%, ლიტვა +17%, საბერძნეთი +14% და გაერთიანებული სამეფო +12%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ირანი +575%, სირია +453%, ინდოეთი +368%, ეგვიპტე +263% და საუდის არაბეთი +112%“ – ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ „svanetiinfo.ge“-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.
როგორც აღვნიშნეთ, ტურისტების სიმრავლე ზემო სვანეთში უფრო შეინიშნება. ამ საკითხზე ადგილობრივი მოსახლეობაც საუბრობს. გაცილებით მეტ ტურისტს მიიზიდავდა ქვემო სვანეთიც და გაცილებით მეტ შემოსავალს მოუტანდა ადგილობრივ მოსახლეობას, რომ არა ხელისშემშლელი ფაქტორები – მოუწესრიგებელი გზები, მოუწყობელი ინფრასტრუქტურა და სარეკლამო-საინფორმაციო კამპანიის არარსებობა. სოფელ სასაშის მკვიდრი ნათია ონიანი “svanetiinfo.ge“-ს ესაუბრა:
-ქვემო სავანეთში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა. წლების განმავლობაში აქ არ მოდიოდნენ უცხოელები, მხოლოდ გადაადგილებისთვის, სატრანსპორტოდ იყენებდნენ ჩვენს გზას, რომ გადასულიყვნენ უშგულში, შემდეგ კი – ზემო სვანეთში. ბოლო წლებია, შეინიშნება დაინტერესება ჩვენი მხარით. მაგრამ გვაქვს პრობლემები. ხალხის მხრიდან მეტი ინვესტიცია რომ ჩაიდოს ამ დარგის განვითარებისთვის, გაიხსნას გზაზე კაფეები, სადაც ტურისტი გაჩერდება, დაისვენებს, მიირთმევს, კარგი იქნება. ასევე, ურიგო არ იქნება საზღვარგარეთ მეტი რეკლამირება და პოპულარიზაცია გაუკეთონ ამ კუთხეს, იმისთვის, რომ მეტი გაიგოს უცხოელმა ტურისტმა ჩვენს შესახებ, როგორც ზემო სვანეთის შემთხვევაში მოხდა. ჩვენც არანაკლები ბუნება გვაქვს. ავიღოთ მუაში… ზევით, ჩვენს მთებს არაფერი სჯობს. აჯობებს, მთვრობამ იზრუნოს ამ კუთხის პოიპულარიზაციაზე, რომ მხოლოდ გადაადგილებისთვის არ იყოს გამოყენებული ჩვენი გზა.
ტურისტებს ყოველთვის მოაქვს მოგება მოსახლეობისთვის. ოჯახის ნაწარმი, ძირითადად ყველი გაიყიდება, დაიკვლება საქონელი… თავიდან მოგებაზე რა გითხრათ, ალბათ მცირე შემოსავალი გაუჩნდება ხალხს, მაგრამ შესაძლებელია მეტი განვითარება.
რა იზიდავს უცხოელ ტურისტებს და რა აზრის არიან ისინი ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე სვანეთში, ამ კითხვით ლენტეხში ჰოლანდიელ ტურისტებს მივმართეთ:
„ჩვენ ვიყავით უშგულში, შემდეგ დავეშვით ქვემოთ. ძალიან ლამაზი ადგილებია, ბევრი ვიარეთ. ერთი კვირაა საქართველოში ვართ. ჯერ ყაზბეგში ვიყავით. ულამაზესი მთებია, იქ ბევრი ფეხით სასიარულო ადგილებია, მოგვეწონა, მაგრამ სვანეთი უფრო ლამაზია. ვიარეთ ავტობუსებით… ლამაზი ეკლესიებია, ხალხი ძალიან მეგობრულია. ასევე მოგვწონს ქართული კერძები, რომელიც ხან მარილიანია, ხანაც – ტკბილი, ხან მწარე და საინტერესოა… ჩვენ ვაპირებთ გურიაში წასვლას… თუ თქვენ გინდათ ტურისტების მოზიდვა სვანეთში, ჩვენი აზრით, მეტი განვითარებაა საჭირო. მესტიის გარდა, სხვა ადგილებიც უნდა განვითარდეს, შეიქმნას გესთჰაუსები (სასტუმრო სახლები) სადაც ვიზიტორები შეძლებენ გაჩერებას. მივდივართ გურიაში და არ ვიცით იქ რა დაგვხვდება. ასევე, არ მოგვეწონა გზები…“
მინსკელი ოლგა ვოლკოვა სვანეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს: „პირველად არ ვარ საქართველოში. 2012 წელს ქართველი კოლეგის მოწვევით აჭარაში გავატარე შვებულება. წასვლის წინ ყაზბეგში ვიყავით. ულამაზესი იყო. მაშინ მითხრა ჩემმა მეგობარმა, ნამდვილი მთების ნახვა თუ გინდა, სვანეთში უნდა წახვიდეო. წელს შევძელი და მესტიაში ვიყავი 3 დღით. გასაოცარია იქაური ბუნება, ხალხი, მთებს ლამის ხელით მივწვდი. ჯერ კიდევ თოვლი იყო ზოგიერთ ადგილებში… მე ვიცი, რომ 3 დღე არ არის საკმარისი სვანეთისთვის, კიდევ ბევრი რამ დამრჩა სანახავი და აქედანვე ვიზრუნებ იმაზე, რომ მომავალი წლის შვებულებაც საქართველოში გავატარო“.
სვანეთის ეგზოტიკური, ხალასი, თვითმყოფადი და იდუმალებით მოცული მთების სამყარო ტურიზმის განვითარებისათვის მართლაც იდეალურ პირობას ქმნის. აქაური ძეგლები თავისი ხასიათით თვითმყოფად ბუნებასთან ერთად, უნიკალურია. აქ წარმოდგენილია ადრეული და შუა საუკუნეების ეკლესია-მონასტრები, კოშკები, უმშვენიერესი და საინტერესო ბუნება. ამიტომ სვანეთს, როგორც დიდი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მქონე რეგიონს, უნიკალური ტურისტული პოტენციალი აქვს. ბევრი ტურისტისთვის ქვეყნის მონახულების მოტივაცია, ძირითადად, სვანეთს უკავშირდება, შესაბამისად ეს რეგიონი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მდგრადი ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამიტომ, ურიგო არ იქნება, თუკი ხელისუფლება ამ პოტენციალის, განსაკუთრებით კი ქვემოს სვანეთის მეტად განვითრებაზე იზრუნებს.
ვერიკო გულუა, თბილისი
თამარ ონიანი, სოფ. სასაში
ნანი ბენდელიანი, დაბა ლენტეხი