ლენტეხის N1 საჯარო სკოლის მე-11-ე და მე -12-ე კლასის წარმატებულმა მოსწავლეებმა – ილია მირზას ძე გაზდელიანმა, ელენე ნიკოლოზის ასულმა ბენდელიანმა და გიორგი ავთოს ძე ონიანმა ინგლისური ენის შესასწავლად დიდი ბრიტანეთის საგზურები მოიპოვეს. “ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა გაერთიანებულ სამეფოში“ – ამ პროექტში მონაწილე საუკეთესო მოსწავლეები ჯგუფის ლიდერების, უფროსი მასწავლებლისა და უცხოელი ექსპერტისაგან დაკომპლექტებულმა კომისიამ ქვეპროგრამაში შემუშავებული შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე შეარჩია.
ლენტეხელი მოზარდები 6 აგვისტოს 14 საათზე თბილისის საერთშორისო აეროპორტიდან გააცილეს ახლობლებმა ინგლისში, სადაც ისინი ბაქსვუდის საზაფხულო სკოლაში სწავლების 2-კვირიან კურსს გაივლიან.
სასკოლო ტურებში გამარჯვებული მოსწავლეები რეგიონებიდან განათლების სამინისტრომ შეარჩია პროექტში – “ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა გაერთიანებულ სამეფოში“ მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული პროექტი ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის ბაზაზე ხორციელდება და ორ ქვეპროგრამას მოიცავს: “ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში” და ”ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა გაერთიანებულ სამეფოში”.
საქართველოში საზაფხულო სკოლის 200 მონაწილიდან, თითოეული ნაკადიდან 12 საუკეთესო მოსწავლე შეირჩა, რომლებიც 3 ნაკადად გაემგზავრნენ დიდ ბრიტანეთში ინგლისური ენის შემსწავლელ საზაფხულო სკოლაში. სწავლების ხანგრძლივობა 2 კვირაა. ლენტეხის სკოლის მოსწავლეებს დიდ ბრიტანეთში, ბაქსვუდის საზაფხულო სკოლაში გამგზავრებამდე საორიენტაციო შეხვედრა ჩაუტარდათ, რომელზეც განემარტათ უსაფრთხოების, ჯანდაცვისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. აგრეთვე, მიეცათ რჩევები, უცხო გარემოში ცხოვრების თავისებურებების, დიდ ბრიტანეთში გეოგრაფიის, კლიმატისა და წეს-ჩვეულებების შესახებ. მოსწავლეთა ჯგუფს განათლების სამინისტროს წარმომადგენლებიც ახლდნენ.
ნანი ბენდელიანი, ლენტეხი