რამდენიმე დღეა, რაც ქვემო სვანეთის ზედა ზონის სოფლებში მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორის – შპს “მაგთიკომის” მომსახურება წყვეტილად მიეწოდება მოსახლეობას. ადგილობრივების თქმით, მაგთის სიგნალი ჩოლურის ზემოთ მდებარე სოფელებშია გამორთული და შესაბამისად მოსახლეობასთან დაკავშირება მაგთის ნომრებზე ვერ ხერხდება. მაგთიკომში განმარტავენ, რომ შეფერხება მხოლოდ ერთ ანძაზეა და იმედს გამოთქვამენ, რომ უახლოეს პერიოდში შეძლებენ ხარვეზის გამოსწორებას.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მაგთის ანძის გამორთვის მიზეზი კომპანიასა და იმ ტერიტორიის მეპატრონეს შორის არსებული უთანხმოებაა, ვის კუთვნილ ნაკვეთზეც არის დადგმული ანძა. ამ ინფორმაციას მაგთიკომის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თათული ღვინიანიძე “svanetiinfo.ge”-სთან საუბარში ადასტურებს: “როგორც ჩვენი კომპანიის თანამშრომლები მეუბნებიან, ქვემო სვანეთის მხოლოდ ერთ (და არა რამდენიმე) სოფელში ანძა შეფერხებით მუშაობს. ამის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა. ხარვეზის აღმოფხვრას ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე ცდილობენ, რაშიც ტერიტორიის მეპატრონესთან უთანხმოება გვიშლის ხელს. მოლაპარაკებები გრძელდება. იმედი გვაქვს, ძალიან მალე მოგვარდება პრობლემა, თუმცა როდის – ერთ საათში თუ ერთ დღეში, ამის დაკონკრეტება გაგვიჭირდება. ჩვენი კომპანია კანონიერად, ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობდა იმ ტერიტორიით, სადაც ახლა მეპატრონე არ უშვებს ჩვენს ჯგუფს. იმედი გვაქვს, მალე მოგვარდება უთანხმოება და სრულად აღდგება მაგთიკომის მუშაობა”, – განმარტა თათული ღვინიანიძემ.
“svanetiinfo.ge” ესაუბრა ლაშხეთის თემიდან ჩამოსულ რამდენიმე მოსახლეს, მათი განცხადებით 5-6 დღეა, ლაშხეთის ყველა სოფელში მაგთის ნომრებზე დაკავშირება ვერ ხერხდება სიგნალის არ არსებობის გამო.
ვერიკო გულუა, თბილისი
ნანი ბენდელიანი, ლენტეხი