ქართველი ოლიმპიელები ზაფხულის XXXI თამაშებზე ასპარეზობას განაგრძობენ. ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა საქართველოს ოლიმპიური ვერცხლის მედალი მოუტანა. მიღწეულით უკმაყოფილო, თავდახრილი სპორტსმენის კადრებმა მთელი საქართველო აალაპარაკა. ოლიმპიური ვერცხლი, რომელიც უდიდესი მონაპოვარია ქართული სპორტისთვის, რომლითაც ნებისმიერი ქვეყანა და ნებისმიერი სპორტსმენი იამაყებდა, ვარლამისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. ვარლამი შესანიშნავად იყო მომზადებული ოლიმპიადისთვის, მან ფინალამდე ყველა შეხვედრა დიდი უპირატესობით (“იპონით”) მოიგო და ფინალში კი მცირედი შეცდომის, მცირედი უყურადღებობის გამო დამარცხდა.
ვულოცავთ ვარლამს ამ შესანიშნავ წარმატებას და გთავაზობთ ინტერვიუს მასთან, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებამდე გაზეთი “სვანეთი”-ს ფურცლებზე დაიბეჭდა:
“ვარლამ ლიპარტელიანი დაიბადა 1989 წლის 27 თებერვალს მცხეთაში. მაშინ ვარლამის მშობლები ახალი გადასული იყვნენ სვანეთიდან სოფ. საქადაგიანოში. მამა გურამ ლიპარტელიანი – ხოფურიდანაა, დედა ლეილა ფოცხვერაშვილი კი – დუშეთიდან. ვარლამის მეუღლეა გიული ჭკუასელი, ჰყავთ შვილები – 3 წლის დემეტრე და 2 წლის დათი ლიპარტელიანები. ვარლამი ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს.
ვარლამმა ძიუდოში ვარჯიში მე-5 კლასიდან დაიწყო. მან ბავშვობიდანვე დიდ წარმატებებს მიაღწია, მრავალჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ის ახალგაზრდულ ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიოს და ევროპის ორგზის ჩემპიონია, ზრდასრულების კატეგორიაში ევროპის არცერთი ჩემპიონატიდან მედლის გარეშე არ დაბრუნებულა. სულ ევროპის ჩემპიონატებზე 8 მედალი აქვს მოპოვებული, აქედან 3 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. მსოფლიოს ვიცეჩემპიონი და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია. პარიზის გრანდსლემის (ერთერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ძიუდოში) ორგზის ჩემპიონია, გუნდურ შეჯიბრში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ევროპის ექვსგზის ჩემპიონია.მის პირადი მწვრთნელია გურამ მოდებაძე.
– ვარლამ, რამდენი წლის იყავი როცა ძიუდოში ვარჯიში დაიწყე ?
– 10 წლის ასაკში.
– შენი სურვილი იყო თუ მშობლებმა გირჩიეს ძიუდოში გევარჯიშა ?
– სვანებს ძალიან ბევრი გამოჩენილი ძიუდოისტი გვყავს, შეიძლება ითქვას ძიუდო ჩვენ ტრადიციულ სპორტად იქცა და მამაჩემის დიდი სურვილი იყო ძიუდოში მევარჯიშა.
– სად დაიწყე ვარჯიში ?
– ვარჯიში დავიწყე თბილისში, დინამოზე, ჩვენ მაშინ წერეთელზე ვცხოვრობდით და ფეხით გადავდიოდი-ხოლმე დინამოს სტადიონის ეზოში მდებარე სპორტულ დარბაზში. შემდეგ დაახლოებით 12-13 წლის ასაკში ვარჯიში გავაგრძელე გურამ მოდებაძესთან აღმაშენებელზე მდებარე დარბაზში.
– რომელი ძიუდოისტი იყო შენთვის მისაბაძი მაგალითი, შენი კუმირი ?
– ქართველებს ბევრი გამოჩენილი ძიუდოისტი გვყავდა, ძალიან ბევრი მისაბაძი სპორტსმენი იყო ჩემთვის, მაგალითად ზვიადაური, ძველი თაობებიდან არ მინდა ვინმე გამომრჩეს და რომელიმეს გული დავწყვიტო, ამიტომ აღარ ჩამოვთვლი. უცხოელი სპორტსმენებიდან კი მისაბაძი და საყვარელი ძიუდოისტი იყო იაპონელი კოსეი ინოუე.
– რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის სპორტსმენად ჩამოყალიბებაში მწვრთნელი და ამ მხრივ შენ ცხოვრებაში ვის გამოარჩევდი ?
– რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია მწვრთნელის წვლილი, ვიტყოდი რომ მის გარეშე შეუძლებელია რაიმე დიდ წარმატებას მიაღწიო, მწვრთნელს როგორც შეუძლია გასწავლოს ყველაფერი და ასე რომ ვთქვათ, ცხოვრების გზაზე დაგაყენოს, ასევე შეუძლია პირიქით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემ მწვრთნელებს, ყველას, ვინც უდიდეს ყურადღებას მაქცევდა და გვერდში მედგა.
– რომელმა გამარჯვებამ მოგანიჭა პირველი დიდი სიხარული?
– გამოვარჩევდი 2012 წლის ევროპის ჩემპიონატს, როდესაც პირველად გავხდი ევროპის ჩემპიონი, ამ ჩემპიონატს ჩემი მომავალი მეუღლე ესწრებოდა და შეიძლება ითქვას ეს გამარჯვება მას მივუძღვენი.
– სვანეთში ბევრი ბავშვი თუ ახალგაზრდა გამოირჩეოდა დიდი მონაცემებით ძიუდოში, მაგრამ, სამწუხაროდ, უმრავლესობა თავს ანებებდა სპორტს, შენს ცხოვრებაში თუ ყოფილა მომენტი, როცა ძიუდოსთვის თავის დანებებაზე დაფიქრდი ?
– გეთანხმებით, მართლაც ძალიან ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდა ვერ ახერხებს ბოლომდე გაყვეს ძიუდოს, ამის მიზეზები, ჩემი აზრით არის ფინანსური პრობლემები, არ არის სათანადო პირობები, ვერ ხდება ყოველდღიური ვარჯიში და აქედან გამომდინარე თვითონაც გული უცრუვდებათ. ეს რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა და კარგი იქნებოდა თუ უფრო მეტი ყურადღება და უფრო მეტი დაფასება ექნებოდათ ჩვენს რეგიონში ბავშვებს და უფრო მეტად მიაქცევდნენ ყურადღებას ისინი, ვისაც ეს ხელეწიფებათ.
რაც შემეხება მე, საბედნიეროდ ოჯახის მხრიდან და მწვრთნელების მხრიდანაც მქონდა შესაბამისი ხელშეწყობა, ყურადღება და არასოდეს მიფიქრია, რომ ვარჯიშისთვის თავი დამენებებინა.
– როგორ ფიქრობ, საქართველოში ძიუდოს ექცევა სათანადო ყურადღება თუ მხოლოდ ცალკეული სპორტსმენების ნიჭიერების იმედად ვართ ?
– რაღაც კომპონენტში ექცევა ყურადღება, მაგრამ ვფიქრობ უფრო მეტია საჭირო იქიდან გამომდინარე თუ რა დონეზე უწევთ სპორტსმენებს ვარჯიში, თუ რამხელა დატვირთვას იღებენ თავზე, თითქმის მთელ ცხოვრებას დებენ ამ სპორტში, მოწყვეტილი არიან ყველას, ოჯახს, პირად ცხოვრებას და ვფიქრობ, ძალიან დიდი მსხვერპლია ეს ყველა ადამიანისთვის, როცა ცხოვრების უმეტეს ნაწილს ამ სპორტში ატარებ და შემდეგ ხდება რომ ეს სრულფასოვნად არ გიფასდება, ეს სამწუხაროა, ამიტომ ვფიქრობ უფრო მეტია საჭირო სპორტსმენის მოტივაციისთვის და მომავალი თაობისთვისაც, რომ მომავალმა თაობამ დაინახოს თუ ის იქნება წარმატებული და ის იქნება ღირსეული, რა დონეზე იქნება დაფასებული.
ამისთვის მეტი არის საჭირო, მეტი პიარი, მეტი პოპულარიზაცია ამ სპორტის, ეს აუცილებელია არა იმიტომ, რომ გაპიარდეს ეს თაობა, არამედ იმიტომ, რომ მომავალ თაობას სურვილი გაუჩნდეს შემოვიდეს ამ სპორტში, დაკავდეს ძიუდოთი და უფრო მეტი წარმატებული სპორტსმენი გვყავდეს მომავალში.
– შენი მიღწევებით მთელი საქართველო გახარებულია, მაგრამ შენ კუთხეს განსაკუთრებულად ეამაყები, რას ეტყვი იმ ბავშვებს და ჭაბუკებს რომლებიც აქ, სვანეთში ვარჯიშობენ ?
– ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა გულშემატკივარს, ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია მათი გვერდში დგომა და მათი გულშემატკივრობა, ყოველთვის განსაკუთრებულად აღვნიშნავ და განსაკუთრებულად მიხარია, როცა ჩვენი კუთხის შვილები მხვდებიან და მილოცავენ.
მომავალ თაობას ვეტყვი, რომ უნდა იშრომონ, ივარჯიშონ ბევრი, ვისაც სურვილი აქვს გახდეს დიდი სპორტსმენი, ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს, უარი უნდა თქვას ძალიან ბევრ სიამოვნებაზე, რასაც გართობა ქვია, დროსტარება ქვია და ეს საქმე პირველ რიგში სიყვარულით უნდა აკეთონ, თუ უნდათ რომ წარმატებას მიაღწიონ. თუ არ გიყვარს ის საქმე, რასაც აკეთებ, მაშინ ძალიან ძნელია წარმატების მიღწევა, ამიტომ სიყვარულით აკეთონ, ძალიან ბევრი იშრომონ და წარმატებაც არ დააყოვნებს.
– შენ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიდისთვის ემზადები, ოლიმპიადის მოგება ყველა სპორტსმენისთვის უმაღლესი მიღწევაა, აგვისტომდე როგორ და სად აპირებ ოლიმპიადისათვის მზადებას ?
– რა თქმა უნდა განსაკუთრებული მზადების გეგმა გვაქვს, ახლანდელი პერიოდი მოიცავს უფრო ფიზიკურ მომზადებას, რადგან ჯერ ცოტა დიდი დროა დარჩენილი იქამდე, რაც შეეხება გასავლელ ეტაპებს, ჯერ ბაკურიანში გვექნება შეკრება, შემდეგ იაპონიაში და ბოლო ეტაპს გავივლით რიოში, ეს იქნება უფრო ტექნიკური და ტაქტიკური ვარჯიში, ბოლო ეტაპი უფრო დატვირთული იქნება ორთაბრძოლებით და ილეთების დამუშავებით, მანამდე უფრო ფიზიკურ მდგომარეობას მიექცევა დიდი ყურადღება.
– ყველა ჩემპიონატი მოულოდნელობებით სავსეა, მაგრამ მაინც, ვინ მიგაჩნია ოლიმპიადაზე შენთვის ყველაზე ანგარიშგასაწევ კონკურენტებად ?
– ოლიმპიადაზე ყველა სპორტსმენი ანგარიშგასაწევია, ამიტომ ყველა სპორტსმენი შესასწავლია, განსაკუთრებით ისინი ვინც რეიტინგის პირველ რვა ადგილს იკავებს, ვფიქრობ ამისთვის საკმაოდ არის დრო დარჩენილი, ამაზე ადრეც გვიმუშავია და ყველას საკმაოდ კარგად ვიცნობ ვინც ჩემი კონკურენტები არიან.
– ახლა მთელი შენი ძალა და ყურადღება ოლიმპიადაზეა ორიენტირებული, ოლიმპიადის შემდეგ გეგმებზე რას გვეტყვი ?
– პირველ რიგში ოჯახთან ერთად დავისვენებ, როგორ და სად ამაზე ჯერ არ მიფიქრია, შემდეგ ნელ-ნელა ისევ დავუბრუნდები ვარჯიშს, გადაწყვეტილი მაქვს წონა შევიცვალო და 100 კგ-ში გადავიდე, იქიდან გამომდინარე რომ წლების განმავლობაში წონის დაკლება მიწევს-ხოლმე, თუ ტრამვები არ მექნება გავაგრძელებ კარიერას, ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
– შენ მთელი მსოფლიოდან გიწვევენ ძიუდოისტებისთვის მასტერ-კლასების ჩასატარებლად, იქნებ ლენტეხშიც მოგეხერხებინა ახალგაზრდა მოჭიდავეებისთვის სემინარის მოწყობა, ეს მათთვის დიდი სტიმული იქნებოდა ?
– ეს ჩემი ძალიან დიდი სურვილია, სიამოვნებით, ყოველთვის როცა დრო მექნება არასოდეს დავზარდები, აუცილებლად გავაკეთებ ამას, რა თქმა უნდა ადგილობრივმა სპორტულმა საბჭომ უნდა მოახერხოს ორგანიზება იმისა, რომ შეკრიბოს ძიუდოისტები და ჩემი მხრიდან როცა დრო მექნება და როცა შევთანხმდებით, აუცილებლად მოვახერხებ ამას და დიდი სიამოვნებით გავაკეთებ არა ერთხელ, არამედ ბევრჯერ, როცა ამის საშუალება იქნება, ჩემთვისაც ძალიან კარგი იქნება და ძალიან ვიამაყებ ამით და მომავალი თაობისთვისაც ჩემი აზრით კარგი იქნება და სტიმულის მიმცემიც იქნება და თუ რაიმეს გადავცემ და ჩემგან რაიმეს აიღებენ ეს ჩემთვის დიდი სიხარული იქნება.
კიდევ ერთხელ მინდა გაზეთი ,,სვანეთი“-ს საშუალებით დიდი მადლობა ვუთხრა ყველა გულშემატკივარს, ყველა სვანს, ყველა ლენტეხელს, ძალიან დიდი სიხარულია ჩემთვის მათი მხრიდან ყურადღება, გულშემატკივრობა, მეც ყოველთვის შევეცდები, რომ არ შევარცხვინო არც ლენტეხის და არც საქართველოს სახელი. მადლობა თქვენ რედაქციას და ყველა გულშემატკივარს.”
ვერიკო გულუა, თბილისი
ცოტნე მუსელიანი, ლენტეხი