ქართველი ემიგრანტის წერილი

ემიგრაცია – პოლიტიკური, ეკონომიკური ან პირადი მიზეზებით უცხო ქვეყანაში მცირე ხნით ან მუდმივად საცხოვრებლად წასვლა.

ეს არის განმარტება,  რომელიც ძალიან ზოგადია, მაგრამ სინამდვილეში ემიგრაციას ბევრნაირი განმარტება შეგვიძლია მოვუძებნოთ. არსებობს იძულებითი ემიგრაცია, რომელიც ყველაზე რთული და მძიმეა. უამრავი ემიგრანტი შვილი ჰყავს საქართველოს. მათი ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ იმის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ მათი რაოდენობა მხოლოდ იზრდება და,  ვინ იცის, როდის დაუდგება ჩვენს სამშობლოს ის სანატრელი დღე, როდესაც სამშობლოდან გადახვეწილი ქართველების რაოდენობა შემცირდება და არ გაიზრდება.

ზოგიერთი ემიგრანტის  იძულებითი ემიგრაცია ათ წელიწადს და მეტს ითვლის. არიან დედები,  რომელთა შვილებიც ისე იზრდებიან წლების განმავლობაში, რომ არ იციან, თუ რა არის დედის სითბო. მრავლად არიან ადამიანები, რომელთა ოჯახის წევრებიც ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, რომ ვერც კი დაიტირეს. ეს ადამიანები ცხოვრობენ თავიანთი სამშობლოდან, ოჯახიდან ძალიან შორს და მათ ცხოვრებას ნაწილობრივ აზრი აქვს დაკარგული. საქართველოს უამრავი გაჭირვება გადაუტანია და წარსულში მისთვის ბევრჯერ წაურთმევიათ შვილები იძულებით, მაგრამ დღესდღეობით ჩვენ თავად ვთანხმდებით წასვლაზე, რადგან  ხშირ შემთხვევაში, წასვლა ერთადერთი გამოსავალია ცხოვრების გასაგრძელებლად.

უცხო მიწაზეც ცდილობენ ქართველი ემიგრანტები შექმნან „პატარა საქართველო“. არსებობს ქართული სათვისტომოები,  სადაც იკრიბებიან, საუბრობენ, აღნიშნავენ დღესასწაულებს, მღერიან, ცეკვავენ, რადგან ეს ყველაფერი მათ ნამდვილად სჭირდებათ იმ ურთულესი სამუშაოს შემდეგ, რომლის შესრულებაც უწევთ; თან, თითქოსდა, იქარწყლებენ იმ მონატრებას, რომელიც მათ მუდამ გულით დააქვთ. განსაკუთრებულია ჩვენი პატარა საქართველო. პატარაა,  მაგრამ ხანდახან მგონია, რომ სამყარო ვერ დაიტევს იმ მონატრებას, რომელიც მის მიმართ აქვს თითოეულ ქართველ ემიგრანტს. როგორი დალხენილიც არ უნდა იყოს უცხოეთში ცხოვრება, ის ჩვენი მაინც არასდროს იქნება, რადგან ჩვენი ცხოვრება ჩვენს სამშობლოშია.

მე ელენე ვარ და ჩემი ემიგრანტობა უკვე წელიწადნახევარს ითვლის. იტალიაში ვცხოვრობ და ვსწავლობ. რთულია თხუთმეტი წლის ასაკში წახვიდე ძალიან შორს შენი განვლილი ცხოვრებიდან, დატოვო მეგობრები, ნათესავები, ადგილები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია შენთვის, მაგრამ ყველაფრისდამიუხედავად, თუ ოდესმე დაისმება კითხვა ჩემ მიმართ, წამოვიდოდი თუ არა ასე შორს ყველასგან და ყველაფრისგან, ჩემი პასუხი იქნება – დიახ. რამდენჯერაც მომეცემოდა შანსი გადაწყვეტილების შეცვლის, იმდენჯერვე ისე მოვიქცეოდი, როგორც მაშინ, როდესაც გადაწყვეტილება მივიღე, რადგან სამომავლოდ ჩემი აქ ყოფნაა უკეთესი,  ვიდრე ჩემს სამშობლოში. ეს სამწუხარო,  მაგრამ სწორედ ის რეალობაა,  რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

სვანი ემიგრანტი ქალბატონი თეა გველებიანი, რომელიც ამჟამად იტალიაში ცხოვრობს, საუბრობს ემიგრაციასა და სვანეთზე, წარსულზე,  რომელიც მისი უდიდესი და ტკბილი მოგონებაა.

15368771_1346912765340044_791999699_o 15357011_1346912118673442_784805397_n

– როგორია თქვენი ამჟამინდელი ცხოვრება?
– მყავს ორი შვილი, ბიჭი და გოგონა, რომლებიც ძალიან მენატრებიან. განვიცდი მათ გარეშე რომ მიწევს ცხოვრება, მაგრამ იმედი მაქვს,  მალე იქნება ის უბედნიერესი დღეები, როდესაც ისევ ერთად ვიქნებით. მომავლის იმედით ვცხოვრობთ და ვსულდგმულობთ ემიგრანტები. ველოდებით დროს,  რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.
– წინასწარ ვერ განსაზღვრავენ ადამიანები,  რამდენად რთულია იყო ემიგრანტი. თქვენ როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
– შორიდან ძალიან ადვილი ჩანს ყველაფერი, მაგრამ სანამ არ გამოცდი საკუთარ თავზე,  ვერ იგრძნობ იმ სირთულეს,  რომელიც ემიგრაციას ახლავს თან. სოციალურ ქსელებში ატვირთული ფოტოების ნახვისას ხალხი ფიქრობს, რომ აქ ცხოვრება უკეთესი და უდარდელია. როდესაც ფოტოებში ვიღიმით, ვერავინ ამჩნევს თვალებს, რომელშიც უდიდესი სევდა ჩანს. მე ძალიან სწრაფად მივიღე აქ წამოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. თავიდან ვფიქრობდი, რომ ორი წელი დამჭირდებოდა პრობლმების მოსაგვარებლად და მალე დავბრუნდებოდი საქართველოში, მაგრამ ოთხმა წელმა ისე ჩაიარა,  ვერც კი ვიაზრებ. თუკი ელემენტარული პირობებიც კი არ გაქვს იმისათვის, რომ შენი შვილების გვერდით ყოფნა შეგეძლოს, ადვილია გადაწყვეტილების მიღება და წამოსვლა. ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ დავტოვებდი ჩემს შვილებს და მათგან ძალიან შორს ცხოვრებას შევძლებდი, მაგრამ „არასდროს თქვა არასდროს“, რადგან არ ვიცით, რა იქნება მომავალში.
– გარკვეული პერიოდი სვანეთში ცხოვრობდით და მას შემდეგ  ყოველთვის გქონდათ შეხება მასთან. როგორი იყო თქვენი ,,სვანური ცხოვრება’’, რომელიც ახლა თქვენი ტკბილი წარსულია?
– სვანეთში ექვს წლამდე ვცხოვრობდი, კერძოდ ლენტეხში, სოფელ მელეში. შემდეგ ქუთაისში გადავედი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად, მაგრამ სახლ-კარი არასდროს მიგვიტოვებია. ძალიან მიყვარდა სვანეთი. წამოსვლის შემდეგ არდადეგების სამ თვეს იქ ვატარებდი და ყოველთვის მიჭირდა იმ ადგილების დატოვება,  რომელიც უზომოდ მიყვარდა. შარა-გზები, ცხენისწყალი, რიყე და სხვა მრავალი ადგილი,  სადაც ჩემი ბავშვობა და უბედნიერესი წლები გავატარე.
– როგორ აღწერთ სვანეთს და სვან ხალხს?
– სვანეთი არაჩვეულებრივია,  როგორც თავისი მკაცრი და ულამაზესი ბუნებით, ასევე ხალხით, რომლებსაც თავისებური, გამორჩეული ხასიათი აქვთ. ასე შეიძლება იმიტომ ვფიქრობ, რომ სვანი ვარ, მაგრამ ნადვილად გვაქვს ჩვენი დამახასიათებელი თვისებები. შემიძლია,  მაგალითად, სვანების პირდაპირობა მოვიყვანო, შეულამაზებლად რომ ვიცით სიმართლის თქმა, როგორი არასასიამოვნო მოსასმენიც არ უნდა იყოს. ასევე ხისტი და შეუპოვარი ხასიათი. ასეთია ჩემი თვალით დანახული სვანეთი და სვანი ხალხი, რომლებიც ჩემი სულის ნაწილია და ძალიან მაკლია. საუკუნეები იცვლება, წლები გადის, მაგრამ სვანები ყოველთვის მტკიცე და უცვლელები ვიყავით, ვართ და ვიქნებით.

 

ელენე ჩიკვილაძე, იტალია.