ვარლამ ლიპარტელიანი სპეციალური ორდენით -“ოქროს მანგუსტით” – დაჯილდოვდა

3 დეკემბერს  უკრაინის ქალაქ ოდესაში საერთაშორისო სპორტული პრემიის “ოქროს მანგუსტი”-ს დაჯილდოების ცერემონიაზე ვარლამ (ვალერი) ლიპარტელიანი სპეციალური ორდენით – “ოქროს მანგუსტი” – დააჯილდოვეს.

საერთაშორისო სპორტული პრემია – „ოქროს მანგუსტი“ – 2009 წლიდან დაწესდა და ჯილდოების გადაცემის ცერემონია ყოველწლიურად ქალაქ ოდესაში ტარდება.
ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის, სპორტის სხვადასხვა სახეობის  საუკეთესო წარმომადგენლები. 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს ვარლამ ლიპარტელიანს უკრაინაში განსაკუთრებულად დაუფასეს მიღწეული შედეგები.  მას გადასცეს სპეციალური ორდენი – “ოქროს მანგუსტი”- სპორტში მიღწეული წარმატებებისა და განსაკუთრებული დამსახურებებისათვის. ეს პრესტიჟული ჯილდო ვარლამს უკრაინის სახალხო დეპუტატმა, ოდესის ოლქის ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსეი კონჩარენკომ თავის ვაჟიშვილთან ერთად გადასცა.
“პროფესიული სპორტის აუცილებელი მოვალეობაა, უჩვენო მაგალითი ახალგაზრდა სპოტსმენებს, ბიჭებს, როგორიც ჩემი შვილია. ის ტყუილად არ წამომიყვანია აქ, ის დამწყები ძიუდოისტია და ნახოს, როგორი წარმატებები მიიღწევა მტკიცე ხასიათით, მიზანდასახულობით. სასიამოვნოა ჩემთვის, რომ თქვენ აღმართავთ თქვენი ქვეყნის დროშას, რომ საქართველოს წარმოადგენთ და ქართველი ხართ! აქ დამსწრეთა სახელით გილოცავთ! ჩემი შვილი გადმოგცემთ ჯილდოს,”- ასე მიმართა მან ქართველ ოლიმპიელს.

svanetiinfo.ge ულოცავს ვარლამ ლიპარტელიანს ამ ჯილდოს და უსურვებს წარმატებებს!

აღსანიშნავია, რომ ვარლამ ლიპარტელიანმა სამადლობელი სიტყვა ქართულად წარმოსთქვა, მიუხედავად იმისა რომ ფლობს უცხო ენას, რითაც კიდევ უფრო აღაფრთოვანა ალექსეი კონჩარენკო. იხილეთ ვიდეო:

ნანი ბენდელიანი