ზემო სვანეთში 10 დეკემბერს სამთო-სათხილამურო საკურორტო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიება სიმბოლურად ჰაწვალი_ზერულდის სათხილამურო ტრასის გახსნით აღინიშნა. 2 ათეული წლის მანძილზე პირველი შემთხვევაა, როდესაც ასე ადრიანად გაიხსნა სეზონი. შესაბამისად, მოლოდინიც დიდია, ვინაიდან 5 სათხილამური ტრასა ერთიანად ამოქმედდა, რომელიც ევროპული სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი და ნებისმიერი დონის დაინტერესებული პირის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ეს იქნება პროფესიონალი თუ მოყვარული მოთხილამურე.
მესტიიდან 8 კილომეტრის მოშორებით ტყით შემოსაზღვრულ ზონაში მდებარეობს ჰაწვალის სათხილამურო საშუალო და საშუალოზე რთული რამოდენიმე ტრასა. I ტრასის სიგრძე 1900 მეტრია და საშუალოზე რთულია (წითელი). II ტრასის სიგრძე 2565 მეტრია, იგი საშუალო სირთულისაა (ლურჯი). მოყვარული მოთხილამურეებისთვის კიდევ მარტივი ტრასაა. საბაგირო გზის ზედა სადგური ზურულდი 2347 მეტრია ზღვის დონიდან.
სვანეთის სამთო-სათხილამურო კურორტის შესაძლებლობებზე ასეთ განმარტებას აკეთებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში: “2015 წელს დასრულდა თეთნულდის ტრასის მშენებლობა, შედეგად მივიღეთ საქართველოში ყველაზე გრძელი სასრიალო ტრასა. დამსვენებლებს ვთავაზობთ ყველაზე ხანგრძლივ სათხილამურო სეზონს დეკემბრის დასაწყისიდან მაისის ბოლომდე. ტურისტებს ექნებათ შესაძლებლობა, საქართველოში ყველაზე დიდი სიმაღლიდან დაეშვან. გაკეთდება 20-ზე მეტი სვადასხვა სირთულის სათხილამურო ტრასა და 6 საბაგირო გზა. წინასწარი გათვლებით, ერთდროულად 4 000-ზე მეტ ადამიანს შეეძლება სრიალი.
სვანეთში სამთო კურორტის განვითარებისთვის, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და უსაფრთხოების გაზრდის მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამთო გამყოლების გადამზადებას აგრძელებს. სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ 20 გამყოლს 3 საფეხმავლო სათავგადასავლო მარშრუტზე ტრენინგი ჩაუტარდა. სწავლება შემდეგ თემატიკას მოიცავდა: გიდის უნარ-ჩვევები, გიდის ეტიკეტი, რისკების მენეჯმენტი, მარშრუტებში შემავალი და, ზოგადად, სვანეთის რეგიონში არსებული ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა და მიმართულებების შესახებ საბაზისო ტურისტული ინფორმაციის ფლობა, საფეხმავლო ტურის მომზადება და ა.შ. სწავლება მთაში არსებული საფრთხეების დროულად ამოცნობას და რეაგირებას მოიცავდა,”
“svanetiinfo.ge” სამთო-სათხილამურო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით მესტიის მთის კურორტების განვითარების კომპანიის უფროსს მალხაზ უდესიანს გაესაუბრა. იხილეთ ვიდეო:
ჰაწვალი-ზერულდის სათხილამურო ტრასის გახსნის ღონისძიებაზე პროფესიონალ მოთხილამურეს, ალეკო ჯაფარიძეს ვთხოვეთ კომენტარი.
იხილეთ ვიდეო:
მადონა წერედიანი, მესტია