2006 წელს მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსის (ამჟამად მიტროპოლიტი) ილარიონის (ქიტიაშვილი) ლოცვა-კურთხევით და სოფელ ლატალის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის იღუმენის (ამჟამად სქიმარქიმანდრიტი) ეგნატეს (კურტანიძე) მონდომებითა და ძალისხმევით, სოფელ ლატალში გაიხსნა “წმინდა თამარ მეფის სახელობის სამრევლო სკოლა”.
სკოლაში ისწავლება სხვადასხვა დისციპლინები: ტიხრული მინანქარი, ოქრომკედით ქარგვა, თექა, ხატწერა და გობელენი. სკოლაში ასევე ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, იმართება სხვადასხვა კულტურული და ინტელექტუალური ღონისძიებები, საუბრები მოძღვართან.
სკოლის მოსწავლეებმა რამდენჯერმე მოიგეს მცირე გრანტები და სკოლისთვის სასარგებლო პროექტები განახორციელეს. სკოლას აქვს საგამოფენო დარბაზი, სადაც სკოლის მოსწავლეების ნამუშევრებია წარმოდგენილი. აღნიშნული ნამუშევრებით მოსწავლეებმა რამდენჯერმე მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა გამოფენებზე, მათ შორის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ქალაქ თბილისში. სკოლას ხშირად სტუმრობენ დამთვალიერებლები, მათ შორის უცხოელი სტუმრები. ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა, მართლმადიდებელმა ებრაელმა, ნანახით აღფრთოვანებულმა, სკოლის მოსწავლეები მიიწვია იერუსალიმში უფლის საფლავის მოსალოცად. ეს ვიზიტი შედგა კიდეც და სკოლის ხელმძღვანელმა არქიმანდრიტმა ეგნატემ, თერთმეტმა მოსწავლემ და ქარგვის მასწავლებელმა მოილოცეს წმინდა ქალაქი.
2013 წელს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში სტუმრობისას, ლატალის სამრევლო სკოლასაც ესტუმრა, დაათვალიერა ბავშვების ნამუშევრები და დალოცა ისინი.
სკოლის მოსწავლეები პედაგოგთან ერთად, ხშირად დადიან მოსალოცად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ სკოლა ენთუზიაზმზე მუშაობს, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.
სკოლა მზად არის უმასპინძლოს მსგავსი სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა რეგიონებიდან, რაც ხელს შეუწყობს ერთმანეთისათვის გამოცდილების გაზიარებას. მსგავსი მეგობრული კავშირები ბევრი კეთილი საქმის დასაბამი იქნება.
მადონა წერედიანი, სოფ. ლატალი