24-25 დეკემბერს სამთო-სათხილამურო კურორტი “თეთნულდი” უმასპინძლებს საქართველოს თასის პირველ ეტაპს, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მეთხილამურეები მიიღებენ მონაწილეობას.
24 დეკემბერს გაიმართება შეჯიბრი სპეციალურ სლალომში, ხოლო 25 დეკემბერს – გიგანტურ სლალომში. საქართველოს თასის მეორე ეტაპი იანვარში ბაკურიანში გაგრძელდება, მე-3 ეტაპი – გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტზე, ხოლო მე-4 და მე-5 ეტაპები – გუდაურში.
2014-წლის მაისში მესტიის მუნიციპალიტეტში დაიწყო სამთო-სათხილამურო კურორტ “თეთნულდის” მშენებლობა, მწვერვალი თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე. მწვერვალი თეთნულდი მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე,მდ. ენგურის მარჯვენა შენაკადის – მდ.ადიშისჭალის სათავეებთან. მწვერვალის სიმაღლე 4.852 მეტრია, 3000 მეტრის ზემოთ დაფარულია მუდმივი თოვლით. მწვერვალ თეთნულდზე ალპინისტები პირველად 1930 წელს ავიდნენ.
დღეისათვის კურორტზე გამზადებულია საბაგიროების მეტი ნაწილი. საბოლოოდ მშენებლობა მომავალი წლის ზაფხულში დამთავრდება, თუმცა კურორტი უკვე მზადაა იმისთვის, რომ გაიხსნას სათხილამურო ტრასები, რაც იგეგმება 24-დეკემბრისთვის. თეთნულდის სათხილამურო ტრასა, ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (ცხრა კილომეტრი) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე იქნება.
მშენებლობის შემდეგ კურორტზე დასაქმდება 77 ადამიანი.
მადონა წერედიანი, მესტია.