ლატალის თემში, სოფ. მაცხვარიშის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი მეათე-მეთერთმეტე საუკუნეშია აშენებული. აქიდან წარმოსდგება სოფლის სახელი “მაცხვარიში”
თლილი ქვით აშენებული ტაძარი მიგვითითებს, რომ სვანეთი ქართული კულტურის, სულიერების და სახელმწიფოებრიობის განვითარების ერთ-ერთი უძველესი კერაა.
ეკლესია მოხატულია, ფრესკული წარწერების საფუძველზე დადგენილია, რომ იგი მოიხატა დემეტრე პირველის მეფობის მე-15 წელს, 1140 წელს: “მოიხატა საყდარი ესე მეფისა დემეტრესა წრლსა (იე) ხელთა მიქაელ მაღლაკელისათა.”
ტაძრის მოხატულობა მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტს გადმოგვცემს – დავით აღმაშენებლის ძის, დემეტრე პირველის მეფედ კურთხევის ცერემონიალს. ამ მხატვრობას, კომპოზიციის თვალსაზრისით, ანალოგი არ მოეძებნება: ფრესკაზე მეფე დემეტრეს ხმლით მოსავს ორი ერისთავი, მათგან ერთ-ერთი დიდებული – სვანთა ერისთავი ვარდანისძეა.
ტაძარში დაცულია მრავალი სიწმინდე, მათ შორის მეთორმეტე საუკუნის ვერცხლის ჯვარი -ტიხრული მინანქრით და სევადით შესრულებული მედალიონებით შემკული. რომელიც ითვლება ბიზანტიური ოქრომჭედლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშად.
ტაძარში მინაშენის კართან ბერის სამოსში გამოსახულია კვირიკე მამასახლისი, გვერდით შესრულებულ ვრცელ წარწერაში ვკითხულობთ მის ანდერძს: “ვინც ამ ეკლესიის მამასახლისი იყოს კვამლისაგან შეიკრძალეთ ხატული, რათა ფერი არ დაიკლოს.”
მაცხვარიშის ტაძარს შემორჩა ორნამენტებით შემკობილი ძველი ხის კარები. ეს ეკლესია ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავ ძეგლთა სიაშია შეტანილი.
მადონა წერედიანი, სოფ. მაცხვარიში.