“ქრისტეე კვაბულ” სვანური სიტყვაა და ქართულად ქრისტეს ბორცვს ნიშნავს, სვანეთში ასეთ სახელწოდებას ატარებს სოფელ ჭველიერის მთის მიდამოებში მდებარე ბორცვი, რომელზედაც ქვის მცირე ნაგებობაა აშენებული. ეს ბორცვი დიდ სიწმინდეს წარმოადგენს ჭველიერის მაცხოვრებლებისთვის, ქალების მისვლა ამ ტერიტორიაზე აკრძალულია.
ირგვლივ საძოვრებია, სადაც ჭველიერელებს პირუტყვი აჰყავდათ და მწყემსავდნენ მთელი ზაფხულის განმავლობაში, სამწუხაროდ, ახლა ამ მიდამოებში მხოლოდ ხარები აჰყავთ გვიან გაზაფხულზე და სექტემბრის დასაწყისში ჩამოჰყავთ. არავინ ბორცვთან ისე არ გაივლიდა, რომ სანთელი არ აენთო და ღმერთს არ შევედროდა, ნაგებობაში ახლაც არის დარჩენილი შენაწირისთვის განკუთვნილი ძველი ხურდები, სანთლის ნამწვავები, ნახევრად ძვირფას, შირიმის ქვაზე ამოკვეთილი ჯვარი, ასევე გვხვდება თიხის უცნობი ჭურჭლის თავი. გაგიკვირდებათ რა იყო ამ ადგილას ასეთი განსაკუთრებული, რის გამოც სოფლის მაცხოვრებლებმა ეს მცირე ნიში ააგეს.
ამ ბორცვის შესახებ არსებობს ლეგენდა, რომელიც შედარებით ახალია. ის 3-4 წლის წინ, ჭველიერში მცხოვრები ჟუჟუნა მუკბანიანისაგან და აწ გარდაცვლილი 84 წლის დაურხან მუკბანიანისაგან ჩავიწერეთ:
გადმოცემით ამ ადგილას არსებობდა სალოცავი, სადაც ინახებოდა ოქროს ჯვარი. ჯვარს გაზაფხულიდან შემოდგომამდე ცოლ-ქმარი იცავდა, ხოლო ზამთრის პერიოდში ჯვარი ჩამოჰქონდათ სოფელში, სადაც სპეციალურ სამალავში ინახავდნენ. ერთხელ ჯვრის მოსაპარად უცხო ტომელები მოსულან, რომელთაც სვანები “სავიარ”-ად მოიხსენიებენ. თუმცა ცოლ-ქმარს მოხერხებულობით ეს ამბავი სოფელში შეუტყობინებიათ, მცირე დროში სოფლიდან შეიარაღებული სვანები ასულან და მძარცველები ადგილზე მოუკლავთ, “ქრისტეე კვაბულ”-ის მახლობლად არსებობს მცირე ბორცვი, რომელსაც სოფლის მაცხოვრებლები დღესაც “სავიარე ნაშტუხვ”-ს – დახოცილი მომხდურების ნამარხს უწოდებენ. ამ ადგილას მუდამ განსხვავებული ყვავილი ხარობს.
ჯვრის სამყოფელი ამჟამად უცნობია. როდესაც ჯვარი სოფელში ჩამოუტანიათ, ერთი ადგილობრივი მცხოვრები შეამხანაგებულა სხვა სოფლის ყაჩაღთან და მოუპარავთ ჯვარი. დამნაშავე მალევე უპოვნიათ, თუმცა მისი სახლი დამწვარა და თვითონაც დაღუპულა. ჯვარი ერთერთ სოფელში მდებარე ეკლესიაში უნახავთ, თუმცა აქაც საშინელება დატრიალებულა და სოფელი მეწყერს დაუფარავს, ეკლესია კი გადარჩენილა, მაგრამ ამ ამბის შემდეგ ჯვარი ეკლესიაში არ დახვედრიათ.
“ქრისტეე კვაბულ” სოფლიდან შვიდი კილომეტრითაა დაშორებული, ბორცვამდე მისასვლელი გზა სამწუხაროდ ნელნელა ფუჭდება. მთაში იდგა ორი ხის კარავი, თუმცა ერთი დაინგრა, მეორე კი ისევ საღად დგას და გულს უმაგრებს ადგილობრივებს.
მირანგულა მუკბანიანი, სოფ. ჭველიერი.