3 სექტემბერს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობა ძიუდოში. ვარლამ ლიპარტელიანმა ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო ადგილი. ის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ხოლო უშანგი მარგიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სულ 3 მედალი მოიპოვა:
ვერცხლი – ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ),
ბრინჯაო – უშანგი მარგიანი (-90კგ), ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ).
ვარლამ ლიპარტელიანისაგან ეს წარმატება არ უკვირთ ძიუდოს გულშემატკივრებს – დავით ხახალეიშვილის შემდეგ ის მეორე ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატებზე 4 მედალი მოიპოვა:
2013 – ვერცხლი (-90კგ),
2014 – ბრინჯაო (-90კგ),
2015 – ბრინჯაო (-90კგ),,
2017 – ვერცხლი (-100კგ).
ვარლამმა რიო-დე-ჟანეიროს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადის შემდეგ, სადაც ვერცხლის მედალი მოიგო, წონა შეიცვალა და უკვე 100კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობს არანაკლები წარმატებით, რაც მეტად სასიხარულოა, რადგან სპორტსმენებს მათთვის უჩვეულო წონაში იგივე წარმატებების გამეორება, განსაკუთრებულად უჭირთ.
უშანგი მარგიანისთვის კი ეს პირველი საპრიზო ადგილია მსოფლიო ჩემპიონატზე. მან მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ევროპის ჩემპიონი სერბი ალექსანდრ კუკოლი დაამარცხა. უშანგი მარგიანმა ამ ჩემპიონატზე ერთადერთი შეხვედრა მომავალ მსოფლიოს ჩემპიონთან ასევე სერბ ნემანია მაიდოვთან დამატებით დროში წააგო.