სკალდის მონასტერში “სტაროსტები” ვეღარ ბოგინობენ

ქვემო სვანეთში, სოფელ ფაყიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში, სკალდის მთაზე, ზღვის დონიდან 2210 მეტრზე მდებარეობს მთავარანგელოზების სახელობის ტაძარი. ეს ტაძარი სვანეთში და არა მარტო სვანეთში ოდითგანვე ძლევამოსილ სალოცავად ითვლება. ათწლეულების მანძილზე ამ ტაძრის გასაღები ე.წ. “სტაროსტებს” ეპყრათ ხელთ, მაგრამ მდგომარეობა შეიცვალა.

ტაძრის მთავარ სიწმინდეს წარმოადგენს მოოქროვილი ხატი მთავარანგელოზების (მიქაელის და გაბრიელის) და მაცხოვრის გამოსახულებით. ტაძრის დღესასწაული 21 ნოემბერია, სულთმოფენობის დღესასწაულზე კი მონასტერი ხალხმრავლობის განსაკუთრებულ ადგილს წარმოადგენს, რადგან ამ დღეს მთელი საქართველოდან მოდიან მომლოცველები და დიდი მოწიწებით მოილოცავენ აქაურ სიწმინდეებს.  ამ დღესასწაულს ადგილობრივი მოსახლეობა სკალდობასაც უწოდებს. ამ დღეს ემთხვევა ასევე საერო ზეიმი ფაყობა, რომელიც კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება სოფელ ფაყში.

არა მარტო სკალდის სალოცავთან, არამედ იმ ადგილთან გარკვეულ მანძილზე მიახლოებაც კი ქალებისთვის სასტიკად აკრძალულია და მკვიდრი მოსახლეობა მკაცრად იცავს ამ წესს, ამიტომ სულთმოფენობის დღესასწაულზე ქალთა სქესის წარმომადგენლები სოფ. ფაყში  მდებარე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარს მოილოცავენ-ხოლმე.

რუსეთიდან შემოსული და საბჭოთა ხელისუფლების დროს გაუკუღმართებული “სტაროსტობა” მძლავრად ბატონობდა მრავალი წლის მანძილზე, მაგრამ უფლის მადლით სკალდის მამათა მონასტერში დღევანდელი მდგომარეობა სწორი სარწმუნოების და ღვთისმსახურების თვალსაზრისით შეცვლილია სასიკეთოდ და ამის შესახებ მოგვითხრობს სკალდის მონასტრის წინამძღვარი და მღვდელ – მონაზონი მამა საბა (ფილიევი).

1. როდის განახლდა სკალდში სამონასტრო ცხოვრება და ვინ არიან მონასტრის წევრები ?

სამონასტრო ცხოვრება სკალდში 2013 წლის 21 ნოემბერს, მთავარანგელოზების დღესასწაულზე დაიწყო და მისი წევრები არიან: მღვდელ – მონაზონი საბა (ფილიევი), ბერი გაბრიელი (ბენდელიანი) .

2. საიდან იღებს სათავეს “სტაროსტობის”  შემოსვლა სკალდის ტაძარში და რა სირთულეებს აწყდებოდა ეკლესია წლების მანძილზე მათთან მიმართებაში ?

“სტაროსტები” ძველ დროში  არა მარტო საქართველოში არსებობდნენ, არამედ რუსეთშიც კი (საიდანაც რუსეთის ხელისუფლებას შემოჰყვა). ე.წ.  “საეკლესიო სტაროსტა” მოიხსენიება მე-17-ე საუკუნიდან. მას გამოარჩევდნენ მრევლიდან და ავალებდნენ საეკლესიო მეურნეობის მმართველობას და არავითარი შემთხვევაში არ ჰქონდა ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევის უფლება, განსხვავებით აქაური “სტაროსტებისა”, რომლებიც უხეშად არღვევენ საეკლესიო კანონებს, საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ ტაძარს და ხალხისგან შემონაწირს. ასევე არ ემორჩილებიან ეკლესიის კანონით დადგენილ სასულიერო ხელისუფლებას და ამგვარ “სტაროსტობას”  უწოდებენ სვანურ და მამა-პაპურ ადათ წესებს. როგორც აღვნიშნეთ თავად რუსეთშიც მე-17-ე საუკუნიდან  მკვიდრდება ეს ტერმინი და საქართველოში შემოდის მე-18-ე  მე-19-ე საუკუნეებში, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თავიდან ისინი მათთვის განსაზღვრულ ფარგლებში საქმიანობდნენ. სავარაუდოდ, საბჭოთა ხელისუფლების შემოსვლის დროიდან იწყება ამ საქმიანობის გაუკუღმართება, რამდენადაც სასულიერო პირები და მთლიანად ეკლესია იდევნებოდა და რადგანაც “სტაროსტებს” ხელს არ კიდებდნენ ( იმ მიზეზით რომ ისინი არ წარმოადგენდნენ საეკლესიო დასს). შეიძლება ითქვას რომ ამგვარად დარჩათ ტაძრების გამგებლობა “სტაროსტებს”, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მაშინდელი “სტაროსტები” უფრო სწორად იგებდნენ თავიანთ მოვალეობას და ზედმეტს არ იღებდნენ საკუთარ თავზე, არამედ უვლიდნენ ტაძრებს და იცავდნენ სიწმინდეებს. შემდგომში მორწმუნე ადამიანები, რომლებიც განიცდიდნენ რელიგიური ცხოვრების ნაკლებობას და თავისთავად არ ჰქონდათ სწორი წარმოდგენა ქრისტიანობაზე, მიმართავდნენ “სტაროსტებს” დასალოცად და სხვადასხვა რიტუალების შესასრულებლად. ასე თანდათან მიიღო ამ ქმედებამ ის ფორმა, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ.

3. როგორ მოხდა მონასტრისთვის გასაღების ჩაბარება და რა მდგომარეობაში დაგხვდათ საეკლესიო ნივთები.

ტაძრის გასაღების ჩაბარება, როგორც ასეთი, არ მომხდარა, მიუხედავად ჩვენი მხრიდან  და ასევე მრევლის მხრიდან ბევრი შეგონებისა და თხოვნისა. საბოლოოდ, როცა მეტი გამოსავალი არ დარჩა,  მათ დავუნიშნეთ ვადა, ვადის გასვლის შემდეგ ჩვენი მღვდელმთავრის კურთხევით და მრევლთან შეთანხმებით ჩვენი ძალებით გავაღეთ ტაძრის კარები და გამოვცვალეთ საკეტი. რაც შეეხება ხატებს და საეკლესიო ნივთებს, ისინი ცალკე შენობაში ინახებოდა უპატიო მდგომარეობაში.

4. თუ ყოფილა სტაროსტების მხრიდან გასაღების მოთხოვნის მცდელობა.

გასაღების მოთხოვნის მცდელობა მათი მხრიდან არ ყოფილა. მხოლოდ გამოხატეს გარკვეული უკმაყოფილება და გვიჩივლეს პროკურატურაში, ჩვენც დავიკითხეთ, მაგრამ რამდენადაც კანონის ფარგლებში ვმოქმედებდით, მათი საჩივარი არ დააკმაყოფილეს.

5. როდის აშენდა სკალდის ტაძარი და რამდენადაა შენარჩუნებული მისი პირვანდელი სახე ?

ხალხური გადმოცემით სკალდის ტაძარი მე-10-ე  მე-11-ე საუკუნეებში აშენდა და მისი პირვანდელი სახე თითქმის წაშლილია.

6. საიდან იღებს სათავეს გადმოცემა ქალების მიერ ამ ადგილის მოლოცვის აკრძალვის შესახებ და რატომ ?

ქალების მომლოცველობის შესახებ აკრძალვა მოდის უძველესი დროიდან და სავარაუდოდ აქ არსებული სამონასტრო ცხოვრების გამო. ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირი იყო მართლმადიდებლური- მონასტრული ცხოვრების ისტორიაში და დღესაც ვხვდებით მათ.

 

IMG_0421

 

IMG_0444

IMG_0433

მასალები მოგვაწოდა ლენტეხის მკვიდრმა, გურამ გაზდელიანმა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას.

გვანცა ქურასბედიანი, სოფ. ლასკადურა.