17 აპრილს, უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტი ქალბატონი, რომელიც ამჟამად მესტიის წმ. ელია თეზბიტელის სახელობის დედათა მონასტერში ცხოვრობს, გაქრისტიანდა.
ნათლობის საიდუმლო ჩატარდა დიდ შაბათს, მესტიის მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში. მას სახელად ანა ეწოდა.
ანამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა : “ძალიან ბედნიერი ვარ, აქ ჩემი ოჯახია და ამ მონასტრის წევრები ჩემი დები არიან”.
ანა საქართველოში ჩამოვიდა როგორც ტურისტი. მისი პირველი ნაბიჯები ქრისტიანულ გზაზე იმით დაიწყო, რომ მოგზაურობის დროს გარკვეული დაბრკოლებების გადალახვაში, მისთვის უცხო ადამიანები, ქართველები, უანგაროდ დაეხმარნენ. შემდეგ, როცა მართლმადიდებლურ ტაძარში შევიდა დასათვალიერებლად და მისი სარწმუნოებისამებრ ილოცა, მართლმადიდებელმა მრევლმა ქრისტიანული სიყვარულით მიუთითა წესისამებრ. იმ დღიდან დაინტერესდა მართლმადიდებლური სარწმუნოებით და მისმა გულითადმა დამოკიდებულებამ, ღვთის ნებით მესტიის წმ. ელია თეზბიტელის სახელობის დედათა მონასტერში მიიყვანა, მოინათლა ქრისტიანად და აპირებს ცხოვრება გააგრძელოს აღნიშნულ მონასტერში.
მადონა წერედიანი, დაბა მესტია.