2 მაისს ლატალის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებთან ერთად, მოვილოცე თანღილის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი. მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი დაესუფთავებინათ ტაძარი და მისი მიმდებარე ტერიტორია. თანღილს ზაფხულობით ბევრი მომლოცველი თუ ტურისტი სტუმრობს და ეს ინიციატივა მეტად საჭირო აღმოჩნდა იქ ჩატარებული ხალხური დღესასწაულის შემდეგ.
თანღილის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, ლატალის ერთ-ერთ უბან ლახუშდიდან კილომეტრნახევარის დაშორებით მთაზე შუაგულ ტყეში დგას. მას სვანები “თანღილ თარნგზელს ” უწოდებენ (“თანაღ ” სვანურად მთას ნიშნავს, “თარნგზელ” – მთავარანგელოზს ). ეს მთა წმინდა ადგილად ითვლება და იქ სვანი კაცი ხესაც არ ჭრის. ეკლესია ქვისგანაა აშენებული, მრგვალი ფორმისაა, რომელიც გარედან სეფისკვერს ჰგავს, შიგნიდან კი ჯვრის ფორმისაა, ეკლესიაში განირჩევა ორი სხვადასხვა დროის მხატვრობა, ადრეული X-XI საუკუნეების და გვიანი XIII საუკუნის, უდაოდ ნიჭიერი ოსტატების მიერ შესრულებული. ამ ტაძრის ფრესკებს ახასიათებთ გრძნობათა გადმოცემის უშუალობა. ზომით პატარა ტაძარში საუფლო დღესასწაულთა რვა სცენაა განთავსებული. აღსანიშნავია, რომ მხატვარმა გამოარჩია წმინდა გიორგის ფრესკა და ყველაზე დიდი ადგილი დაუთმო ტაძრის კედელზე. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს წმინდა გიორგის მიმართ განსაკუთრებულ თაყვანისცემას სვანეთში. ამ ტაძარზე არსებობს გადმოცემა: ძველად, ლახუშდში, ერთ-ერთ უხუცესს დასიზმრებია, თითქოს თანღილის ტაძარს ძაღლები შემოსევიან. მას ეს სიზმარი ღვთისგან მინიშნებად მიუღია, სოფლელები გაუღვიძებია და მთელი სოფელი ასულა თანღილზე. იქ კი ასეთი სურათი დახვედრიათ, ტაძარს მტრები შემოსევიან და ხატები მოუპარავთ, თუმცა, სანამ სოფლელები ტაძარში ავიდოდნენ, ღვთის ნებით მათ თვალთ დაბნელებიათ და გზააბნეულები ისევ ტაძართან მოხვედრილან, ლახუშდელებს ისინი იქვე დაუხოცავთ, ხატები კი სოფელში ჩამოუბრძანებიათ და ლახუშდში მდებარე მაცხოვრის სახელობის ტაძარში დაუბრძანებიათ. აღნიშნული სიწმინდეები დღემდე აღნიშნულ ტაძარშია დაცული, რომლებიც საქართველოს ისტორიულ საგანძურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. ტაძარში ინახება აგრეთვე შუბები, რომლებითაც გამოცემის თანახმად დაუხოცავთ მომხდურები. ლახუშდელების თქმით, ამ დღის აღსანიშნავად, სოფელმა დააწესა სახალხო ზეიმი, რომელიც აღინიშნება ყველიერის წინა ორშაბათს. ხალხი ამ დღეს “ლემზირებით” ადის ტაძარში და ლოცულობს, ასევე იმართება ფოლკლორული სიმღერები და ფერხულები.
მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის ილარიონის ლოცვა კურთხევით და სოფლის მოძღვრის სქიმარქიმანდრიტ ეგნატეს მონდომებით, ტაძრის გარშემო, ტყეში აშენდა რამოდენიმე კელია სამონასტრო ცხოვრებისათვის.
ლახუშდის მაცხოვრის სახელობის ტაძარში ჩამობრძანებული ხატები:
თანღილის მთავარანგენლოზის ტაძარს ვინც მოილოცავს უდაოდ იგრძნობს მადლის მოზღვავებას.
მადონა წერედიანი, სოფ. ლატალი.