ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მოღვაწე მოკრივე, ქვემო სვანეთის სოფელ ბაბილის მკვიდრი, ირაკლი იმედას ძე ქურასბედიანი უკვე 9 წელია რაც სპორტის ამ სახეობაში ვარჯიშობს და უკვე საკმაოდ წარმატებულია, მოყვარულ მოკრივეებს შორის მოგებული აქვს ესპანეთის თასი, მეგობრობის საერთაშორისო ტურნირი, კატალონიის რეგიონის ტურნირი რამდენჯერმე, ასევე სხვა არარეგიონული ტურნირები. ის ჯერ 23 წლის არის, უკვე პროფესიონალურ კრივში აგრძელებს ასპარეზობას და წარმატების დიდი იმედი აქვს.
გთავაზობთ ინტერვიუს პერსპექტიულ სპორტსმენთან:
რამდენი წლის იყავი როცა კრივში ვარჯიში დაიწყე?
14 წლის ვიყავი როცა საქართველო დავტოვე და სწორედ მაშინ დავიწყე ვარჯიში , თავიდან ეს ჰობი იყო, მოგვიანებით კი მოწოდებად იქცა.
როგორ მოხდა შენი საზღვარგარეთ წაყვანა?
როგორც ემიგრანტების
უმრავლესობა, ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მთელი ოჯახი წამოვედით.
შენი სურვილი იყო თუ ვინმემ გირჩია კრივში გევარჯიშა?
მამაჩემის სურვილი იყო მე და ჩემ ძმას დროებით გვევარჯიშა საბრძოლო ხელოვნების რომელიმე სახეობაში, რათა ფორმაში ვყოფილიყავით .
სად დაიწყე ვარჯიში და ახლა სად ვარჯიშობ?
ვარჯიში ბარსელონაში დავიწყე ჩავი მოიასთან, დღესდღეობით კი სპორტულ ცენტრში ( “no limits sport center”) დანიელ კასერტასთან ვვარჯიშობ.
რომელი მოკრივეა შენთვის მისაბაძი მაგალითი და რატომ?
ქართველი მოკრივეეებიდან – ავთანდილ ხურციძე. ბევრი დაპრკოლების მიუხედავად მან მაინც გააგრძელა ვარჯიში და დღეს ერთადერთი ქართველი მსოფლიო ჩემპიონია პროფესიონალებში.
ამ დროის მანძილზე რამდენი მწვრთნელი გამოგიცვლია და ვის თვლი საუკეთესოებში?
ოფიციალურად მხოლოდ ერთხელ მყავდა აყვანილი მწვრთნელი, მაგრამ ბევრთან მაქვს ნავარჯიშევი, მათ შორის რამაზ ფალიანთანაც. ყველას თავისი შეხედულება აქვს სპორტის ამ სახეობასთან მიმართებაში და ყოველი მათგანისგან სწავლობ რამე ახალს.
რომელმა გამარჯვებამ მოგანიჭა დიდი სიხარული?
ყველა გამარჯვებას თავისებური ემოცია და სიხარული აქვს, მაგრამ ვფიქრობ დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის.
ბოლოს რა შეჯიბრში მიიღე მონაწილეობა და რა მოიგე?
დღესდღეობით პროფესიონალურ კრივში ვარ და ამ სფეროში ტურნირები იშვიათია, თითო ბრძოლას ატარებ რამდენიმე თვეში ერთხელ, რათა რეიტინგში მაღლა აიწიო და ტიტულზე გასვლის შანსი მოგეცეს.
რას გეგმავ ახლო მომავალში პროფესიული თვალსაზრისით?
ყოველი ბრძოლის მოგებას და რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე ასვლას.
როგორ ფიქრობ საქართველოში ექცევა ყურადღება კრივს?
არანაირად. საქართველოში ბევრი ტალანტი არის, მაგრამ ფედერაციის და მთავრობის უყურადღებობის გამო მალე ამთავრებენ კარიერას.
კრივით დაინტერესებულ ახალგაზრდებს რას ურჩევდი?
ვურჩევდი რომ ბევრი ივარჯიშონ და დისციპლინირებულები იყვნენ, ადრე თუ გვიან შრომა დაუფასდებათ.
როდისთვის გეგმავ საქართველოში ჩამოსვლას?
საქართველოში თითქმის ყოველ ზაფხულს დავდივარ და უკან ჭარბი წონით ვბრუნდები, ალბათ აწი შევამოკლებ სვანეთში ყოფნის პერიოდს.
რამდენად დიდი ყურადღება ექცევა სპორტსმენს საზღვარგარეთ?
საქართველოსთან შედარებით ბევრად დიდი ყურადღება ექცევა და რაც დრო გადის, მით მეტი ადამიანი გადის კრივის პრაქტიკას, როგორც ბიჭებში, ასევე გოგონებში, რადგან ეს სპორტი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და კიდევ უამრავი დადებითი მხარე აქვს.