გუშინ, ნინოობის დღესასწაულზე სოფ. ხელედში წმინდა თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტერი გაიხსნა. საზეიმო წირვა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი), მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ქიტიაშვილი) და ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ლიპარტელიანი) ერთობლივად აღავლინეს.
მონასტერი წარმატებული ბიზნესმენის გია გაზდელიანის თაოსნობითა და ძირითადი დაფინანსებით 2003 წლიდან შენდებოდა.
ამ მნიშვნელოვან მოვლენას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულ-გუბერნატორი პარმენ მარგველიძე, მისი მოადგილეები არჩილ ჯაფარიძე და ლევან ქვათაძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჩანქსელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამირან ჯამბურიძე და სხვა თანამდებობის პირები, ხოლო მოგვიანებით, იმავე დღეს მონასტერი მოილოცეს და მოზეიმე საზოგადოებას შემოუერთდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები ვიქტორ ჯაფარიძე, ერეკლე ტრიპოლსკი, რუსლან პოღოსიანი, ზაზა პაპუაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.
სადღესასწაულო წირვის შემდეგ სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი სიმღერები შეასრულეს ხელედის ქალთა ანსამბლმა ”ლამარია” (ხელმძღვანელი – ვასილ გვიჭიანი), გ. გუგავას სახელობის ანსამბლმა “ლაგუშედა” (ლოტბარი – ზურა ლიპარტელიანი) და ჯ. მეშველიანის სახელობის ანსამბლმა “ლილე” (ხელმძღვანელი – გულადი ლიპარტელიანი).
დედათა მონასტერში მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევით მონაზონი მარინე (თედორაძე) დადგინდა კეთილმოწესედ, რომელიც აქამდე დაბა ლენტეხში წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტერში მოღვაწეობდა.
წირვის შემდეგ ამავე მონასტერში მცირე ტრაპეზი გაიმართა, მოგვიანებით კი გია გაზდელიანმა, აღნიშნული მონასტრის ქტიტორმა, მრევლს და მოწვეულ სტუმრებს დაბა ლენტეხში არსებულ ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის სპორტ-კომპლექსში გამართულ სუფრაზე უმასპინძლა.
გვანცა ქურასბედიანი.