31-მაისს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ფარის საჯარო სკოლის ლიტერატურულმა კლუბმა “ჯინსების თაობა” ჩაატარა ღონისძიება “წიგნების თარო”. იდეის და პროექტის ავტორი, ფარის საჯარო სკოლის პედაგოგი, აღნიშნული კლუბის ხელმძღვანელი ეკატერინე წულუკიძეა. ღონისძიებაზე მესტიის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსმა ქ-ნმა დარეჯან ნიგურიანმა აღნიშნა: “ეკა წულუკიძემ რაიონს გარეთ კი არა, საქართველოს გარეთ გაიტანა არა მარტო ფარის, არამედ სვანეთის სახელი. ეკას ურთიერთობა აქვს თურქეთის, პოლონეთის და ტუნისის სკოლებთან. ის არის მრავალი საინტერესო პროექტის ავტორი და რაც აღსანიშნავია ოთხი შვილის დედაა”.
ამ პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეებში წიგნის კითხვისადმი ინტერესის გაზრდა, წიგნიერების პოპულარიზაცია და სკოლებს შორის თანამშრომლობის გაზრდა.
მასპინძელი სკოლის გარდა, ღონისძიებას ესწრებოდნენ და მასში მონაწილეობა მიიღეს ზემო სვანეთის სოფლების ლახამულას, ყარ-სგურიშის, ეცერის საჯარო სკოლების მოსწავლე-მასწავლებლები.
ღონისძიება ორი ეტაპისგან შედგებოდა. პირველი ნაწილი დაეთმო მოწვეული სტუმრის, ლევან გელაშვილის ლექციას თემაზე “ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშები და მათი მნიშვნელობა მოზარდი თაობისთვის”.
ლევან გელაშვილი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის პროგრამის დოქტორანტია. მან პირველმა შექმნა ილუსტრირებული, ფერადი ვეფხისტყაოსნის ლიტერატურული მარულა, რომელიც შესანიშნავი საშუალებაა იმისათვის, რომ მოთამაშემ შეისწავლოს 120 აფორიზმი შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”-დან და გაითავისოს ეს უნიკალური პოემა. ლევან გელაშვილმა, ასევე წარმოადგინა მის მიერ შექმნილი ახალი თამაშების სერია, რომელიც იძლევა საშუალებას, მოთამაშე ახლოს გაეცნოს ვეფხისტყაოსნის გეოგრაფიულ ფონს. ეს თამაშები სულ მალე ჩაეშვება სერიულ წარმოებაში.
ბატონმა ლევან გელაშვილმა ფარის საჯარო სკოლას, როგორც მასპინძელ სკოლას, საჩუქრად გადასცა აღნიშნული სამაგიდო თამაში. სოფ. ფარის საჯაროს სკოლის დირექტორმა გულო ვიბლიანმა გამოხატა დიდი მადლიერება ლევან გელაშვილის მიმართ, რადგან მან სრულიად უანგაროდ გამოთქვა სურვილი ჩამოსულიყო ამ ღონისძიებაზე და სვანეთის ახალგაზრდებისთვის ახლებურად დაენახვებინა პოემა “ვეფხისტყაოსანი”.
(ფოტოზე მარცხნიდან ლევან გელაშვილი წარმოადგენს სამაგიდო თამაშებს)
ღონისძიების მეორე ნაწილი უშუალოდ კონკურსს დაეთმო. “წლის საუკეთესო მკითხველი გუნდის” ტიტულისათვის თავდაუზოგავად იბრძოლეს ლახამულის, ყარ-სგურიშის, ეცერისა და ფარის საჯარო სკოლის გუნდებმა. გასაოცარი ინტელექტუალური შესაძლებლობები გამოავლინეს მონაწილეებმა. გამარჯვებული დაძაბული შეჯიბრის შედეგად გამოვლინდა – “წლის საუკეთესო მკითხველი გუნდის” ტიტული მოიპოვა ფარის საჯარო სკოლის გუნდმა “ჯინსების თაობა” . მეორე ადგილის მფლობელი გახდა ლახამულას საჯარო სკოლის გუნდი “ნერგები”, ხოლო მესამე ადგილი წილად ხვდა ყარ-სგურიშის გუნდს “ედელვაისი”. გუნდები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, ხოლო პირველი ადგილის მფლობელ გუნდს გადაეცა სპეციალური პრიზი.
ლიტერატურული კლუბის “ჯინსების თაობა” წევრები ფარის საჯარო სკოლის დირექტორმა გულო ვიბლიანმა დაასაჩუქრა სერთიფიკატებით მიღწეული წარმატებისათვის.
კონკურსის მონაწილე მოსწავლეებს შორის გამარჯვებული ინდივიდუალურადაც გამოვლინდა, ის რომელსაც ყველაზე მეტი წიგნი ჰქონდა წაკითხული. ტიტულის “2017 წლის საუკეთესო მკითხველი”-ის მფლობელი გახდა ლიტერატურული კლუბის “ჯინსების თაობა” წევრი მეცხრეკლასელი დავით რეზესიძე, რომელსაც გადაეცა შპს “დაზგას” მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი.
ეკა წულუკიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა: “მასწავლებელი, როგორი მონდომებულიც არ უნდა იყოს, ვერაფერს შეძლებს თუ სკოლაში დირექტორი არ დაუჭერს მხარს, ფარის სკოლის დირექტორი გულო ვიბლიანი კი ის ადამიანია, რომელიც ნებისმიერი პედაგოგის წამოწყებას მხარს უჭერს და გვერდში უდგას კოლექტივთან ერთად”.
მადონა წერედიანი.