14-მაისს წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს უშგულის ლამარიის X-XI საუკუნის მონასტერში არსებულ თამარ მეფის სახელობის ტაძარში მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა
იონამ (გელაშვილი) მონასტრის წევრებთან ერთად საზეიმო წირვა აღავლინა.
წმინდა თამარ მეფის სახელს მრავალი ლეგენდა თუ ფოლკლორული გადმოცემა უკავშირდება. უშგულლების გადმოცემით უშგულში დღემდე არსებობს თამარ მეფის ზამთრის და საზაფხულო რეზიდენციები კოშკების სახით, რომლებიც გამოირჩევა სხვა კოშკებისაგან არქიტექტურული და ტერიტორიული თვალსაზრისით. გარდა ამისა არსებობს ლეგენდები თამარ მეფის უშგულში დასაფლავების შესახებ.
ეს გადმოცემები და ლეგენდები მოწმობს იმას, რომ თამარ მეფეს უდიდეს პატივს სცემდნენ სვანეთში და განსაკუთრებით უშგულში. 2016-წელს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის ილარიონის კურთხევით და ლამარიის მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ იონას ხელმძღვანელობით უძველესი ტაძრის გვერდითა ნავში გაიხსნა თამარ მეფის სახელობის ტაძარი,
მამა იონამ წმინდა მეფის სახელზე ტაძრის გახსნით გამოხატა მისი დიდი პატივისცემა კეთილმორწმუნე მეფის მიმართ.
მადონა წერედიანი.