ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობას ქვემო სვანეთიდანაც შეუერთდნენ

17 მაისს თბილისში გამართულ ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო მსვლელობას  ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ლოცვა-კურთხევით ლენტეხის მრევლიც შეუერთდა.

მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად მზადებას წინ უძღოდა მეუფე სტეფანეს მოწოდება მრევლისადმი საკვირაო ქადაგებაზე, რათა მოსახლეობას გამოეჩინა ერთსულოვნება და რაც შეიძლება მეტი ადამიანი წასულიყო ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად.

როგორც ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა ამირან ჯამბურიძემ  ჩვენთან საუბარში განაცხადა მეუფე სტეფანეს   კურთხევით და დეკანოზ იაკობის (კვირიკაშვილი) თხოვნით ლენტეხის გამგეობამ ორი მიკროავტობუსით   მსვლელობაში მონაწილეობის მიღების მსურველთა მგზავრობა დააფინანსა.

ერთი მიკროავტობუსი ლაშხეთიდან გაემგზავრა თბილისში, მეორე კი – დაბა ლენტეხიდან. წასვლა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
თბილისში მსვლელობის მონაწილეები მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ, სადაც ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ  სხვა ეპარქიის  მღვდელმთავრებთან (ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი დათუაშვილი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა, რუსთავის მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი,ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი კაპანაძე) ერთად დალოცა შეკრებილნი და მსვლელობამ სამების საკათედრო ტაძარში გადაინაცვლა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ  საზეიმო პარაკლისი აღავლინა, ოჯახის სიმტკიცის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ოჯახები დალოცა.

IMG_20170517_122545

IMG_20170517_105535

IMG_20170517_163945

IMG_20170517_132927

გვანცა ქურასბედიანი.