12-14 მაისს ბათუმში გამართულ ტურიზმის და სასტუმრო აღჭურვილობის მე-10 საერთაშორისო გამოფენაზე “EXPO BATUMI 2017” მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობამაც მიიღო მონაწილეობა. მესტიიდან გამოფენის წარმდგენები იყვნენ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი ლანა მჭედლიანი და ადმინისტრაციული სამსახურის ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ხატია წიკლაური.
აღნიშნულ გამოფენაზე მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უკვე მესამედ მიიღო მონაწილეობა. მათ წარადგინეს საინფორმაციო ბუკლეტები ტურისტული ინფრასტრუქტურის შესახებ, ასევე დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ სვანური ტრადიციული სამზარეულო დაეგემოვნებინათ. ამ ყველაფრის წარდგენა სვანური ფოლკლორული სიმღერების ფონზე ხდებოდა, რომელსაც მომღერალი ანი დევდარიანი ასრულებდა.
გამოფენა სასტუმრო შერატონის საგამოფენო დარბაზში ჩატარდა და მისი ორგანიზატორი იყო საგამოფენო კომპანია “EXPO BATUMI”, ხოლო მხარდამჭერები კი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ბათუმის მერია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია. გამოფენის მედია მხარდამჭერები იყვნენ: “აჭარის ტელევიზია”, 25-ე არხი, გაზეთი “აჭარა”.
წელს, გამოფენაში 10-მდე ქვეყნის სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნებისა და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ლანა მჭედლიანმა ჩვენთან საუბარში კმაყოფილება გამოხატა დამთვალიერებელთა დაინტერესებით და ხაზი გაუსვა საკმაოდ ბევრი კომპანიის დაინტერესებას. მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
მადონა წერედიანი.