20 მაისს, მესტიის მიხეილ ხერგიანის სახელობის II საჯარო სკოლაში
გაიმართა კონკურსი ფიზიკაში – “არქიმედეს თასი”, რომელშიც ამ სკოლისვე გუნდმა გაიმარჯვა. კონკურსში ზემო სვანეთის ათი სკოლის გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
ამ კონკურსის პროექტის ავტორია დათო ჯოხაძე, რომელიც პროექტის “ასწავლე საქართველოსთვის”:ფარგლებში ფიზიკას
ასწავლის იფარის საჯარო სკოლაში. აღნიშნული კონკურსი პირველად ჩატარდა 2016 წელს და პირველი გამარჯვება იფარის სკოლამ მოიპოვა.
პროექტის ფარგლებში დაწესებულია გარდამავალი თასი და ეს თასი, იფარის სკოლამ ახლა გადასცა 2017 წლის გამარჯვებულს მიხეილ ხერგიანის სახელობის II საჯარო სკოლას. თასის გარდა წარმატებულ მონაწილეებს გადაეცათ დიპლომები.
გამარჯვებული გუნდის წევრები არიან: ნიკა, ელენე, კრისტინა გვარლიანები და სოფო ქურდიანი. ამ გუნდმა უმაღლესი შეფასება მიიღო პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ სამივე კომპონენტში: ჯგუფურ, თეორიულ და ინდივიდუალურ ტესტებში.
ჩვენთან საუბარში მიხეილ ხერგიანის სახელობის II საჯარო სკოლის დირექტორმა ნატო გვარლიანმა მადლობა გამოუცხადა სკოლის პედაგოგს მაია ხორგუანს, რომლის დამსახურებადაც თვლის მოსწავლეების ასეთ მაღალ მაჩვენებელს. მან აგრეთვე აღნიშნა ამ პროექტის უნიკალურობა, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მთლიანად ქვეყანაში პრომლემად დგას საკითხი საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დაბალი დონის მაჩვენებელთან დაკავშირებით და ის მადლობას უცხადებს პროექტის ინიციატორებს მოსწავლეებისათვის ესოდენ მეტად საჭირო მიმართულებით მოტივაციის ამაღლებისათვის.
მადონა წერედიანი, დაბა მესტია.