“ვამზადებ ისეთ სპორტსმენებს, რომლებსაც შეუძლიათ 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში მიიღონ მონაწილეობა” – ავთო ქურასბედიანი

წარმატებული მეკლდეური ავთო ქურასბედიანი დაიბადა ლენტეხის რაიონის სოფელ ბაბილში 1983 წლის 26 აგვისტოს. 1999 წელს დაამთავრა ლენტეხის  N1 საჯარო სკოლა და სწავლა განაგრძო  საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და  სპორტის აკადემიაში (მწვრთნელთა ფაკულტეტზე).

ის 15 წელი იყო აქტიურ სპორტში, მრავალ წარმატებას მიაღწია, ხოლო ამჟამად საქართველოს ნაკრების მწვრთნელია მეკლდეურობაში. გთავაზობთ ინტერვიუს წარმატებულ სპორტსმენთან და მწვრთნელთან:

როდის მოხდა თქვენი დაინტერესება მეკლდეურობით?

მე-8 კლასში ვიყავი ვარჯიში რომ დავიწყე. თავდაპირველად ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოშკზე ვვარჯიშობდი მირზა ლიპარტელიანთან, შემდეგ ალიოშა გაზდელიანთან და ვალოდია ქურასბედიანთან.

ვარ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და სხვადასხვა ტურნირის გამარჯვებული. სამწუხაროდ, ფინანსების უქონლობის გამო ბევრ შეჯიბრში ვერ ვიღებდი მონაწილეობას. მახსოვს, ბულგარეთში ვმონაწილეობდი 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში და 8 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოვხვდი, თუმცა ფინალში დავმარცხდი. ძალიან მეწყინა, ალბათ გამოუცდელიც ვიყავი. საქართველოში ჩამოვედი თუ არა ვარჯიში კვლავ გავაგრძელე ახალი შემართებით. ვთვლიდი, რომ შემეძლო შევჯიბრებოდი ევროპელ სპორტსმენებს, მაგრამ არარსებული ინფრასტრუქტურის გამო ეს ვერ შევძელი. მხოლოდ საქართველოში ვიგებდი შეჯიბრებებს.

რა სიახლეებია მეკლდეურობაში?

ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მოხდა მეკლდეურობაში – ამ სპორტის ოლიმპიურ სახეობად აღიარებაა. ეს ფაქტი მიმდინარე წელს მოხდა. 2020 წელს იაპონიაში, კერძოდ, ტოკიოში სხვა სპორტის სახეობებთან ერთად ჩატარდება ასპარეზობები მეკლდეურობის სახეობებშიც. პრობლემები მართლაც ბევრია, თუმცა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მაინც არსებული ინფრასტრუქტურაა. განსაკუთრებით რეგიონებში ამ მხრივ უფრო მძიმე სიტუაციაა. ფაქტობრივად, რეგიონიდან ჩამოსული სპორტსმენი კონკურენციას ვერ უწევს თბილისში ხელოვნურ კედლებზე ნავარჯიშევ სპორტსმენებს. ამის გამო  სპორტსმენებს რეგიონებში ინტერესი უნელდებათ. ეს საბოლოო ჯამში დიდი პრობლემაა, ვინაიდან იკლებს ჩართულობა და იკლებს კონკურენცია.

რა პრობლემებია სპორტის ამ სახეობაში ( სახეობებში) ? 

ჩვენი ქვეყნის ნიჭიერ და პერსპექტიულ სპორტსმენებს სჭირდებათ გვერდში დგომა და დახმარება. მე, როცა თბილისში ჩამოვედი, ჩემ სპორტსმენად ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეასრულა მაშინდელი სპორტსაზოგადოება შევარდენის თავმჯდომარემ ბ-მა ბერდია გუგავამ. ასეთი ადამიანები გვჭირდება დღეს ქვეყანაში, რათა ახალგაზრდა თაობას წინ ჩაუდგეს და გზა უჩვენოს.

რა წარმატებებისთვის გაქვთ მიღწეული ამ ეტაპზე, რას თვლით თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად პროფესიულ საქმიანობაში და რა მიზნები გაქვთ სამომავლოდ ?

დღეს მე თვითონ ავიღე ინიციატივა და სპორტის სამინისტროს, კეთილი ადამიანების და სპორტის მოყვარული მეგობრების დახმარებით მაქსიმალურად ვცდილობთ, მიუახლოვდეთ იმ სტანდარტებს, რაც მსოფლიოსა და ევროპის შეჯიბრებებზეა. დღეს ვამზადებ ისეთ სპორტსმენებს, რომლებსაც შეუძლიათ 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში მიიღონ მონაწილეობა, რა თქმა უნდა, თუ სათანადო ყურადღებას მივაქცევთ. მათი ასპარეზობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ჯერჯერობით ეს არის ჩემი მთავარი მონაპოვარი. წელს პირველად ხდება ნაკრები გუნდის ჩამოყალიბება და მათი ფინანსური დახმარება. სამუშაო ძალიან ბევრია.

როგორ ფიქრობთ რა როლი ენიჭება მედია საშუალებების ჩართულობას მიმდინარე  თუ ჩასატარებელ სპორტულ ღონისძიებებში და რატომ?

მედია-საშუალებების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია სპორტის რეკლამირება-განვითარებაში. ჩვენ მეტი გვერდში დგომა და დახმარება გვჭირდება მათგან.

რამ შეიძლება განაპირობოს თქვენი რეგიონში დაბრუნება  აქაური ნიჭიერი ბავშვებისთვის მეცადინეობების ჩასატარებლად?

ლენტეხი ძალიან მიყვარს, დღესაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი იქ, სადაც დავიბადე და გავიზარდე ოღონდ ჩემი საქმიანობის საშუალება მქონდეს. ალბათ მაგის დროც მოვა.

რაიმე კონკრეტული გეგმები ხომ არ გაქვთ ლენტეხში მეკლდეურობის სამივე სახეობის განვითარებასთან დაკავშირებით და რითი შემოიფარგლება თქვენი შესაძლებლობები ამ გეგმებთან მიმართებაში?

ვგეგმავთ შეჯიბრებებს საქართველოში, მათ შორის ლენტეხშიც. შეჯიბრებები ტარდება მეკლდეურობის სამ სახეობაში: ბოლდერინგში, რთულსა და სწრაფ ცოცვაში.

თქვენი აზრით რამდენად კეთილმოწყობილია  ლენტეხის სავარჯიშო დარბაზი მეკლდეურობის განსავითარებლად?

ლენტეხში შეიძლება სამივე სახეობის ძალიან კარგი ბაზა გაკეთდეს. ამას, რა თქმა უნდა, ფინანსები დასჭირდება, მაგრამ დღევანდელი ხელმძღვანელობა ამაზე უნდა ფიქრობდეს და ხელს უწყობდეს ახალგაზრდებს. თუ პირობები არ გაუმჯობესდება, დღეს „ცარიელ აუზზე“ ბავშვს არავინ მიიყვანს. მე, როგორც ნაკრების მწვრთნელი, სიამოვნებით დავეხმარები ლენტეხელ სპორტსმენებს სპორტული მიღწევების გაუმჯობესებაში. სპორტის ეს ულამაზესი სახეობა აუცილებლად მოიპოვებს აღიარებას, ინფრასტრუქტურული პრობლემებიც მოგვარდება. მოთმინება და თავდაუზოგავი შრომაა საჭირო.

რას ურჩევდით მეკლდეურობით დაინტერესებულ ბავშვებსა და ახალგაზრდებს სვანეთში ?

დრო უქმად არ უნდა დაკარგოს ახალგაზრდამ და ის აუცილებლად შეძლებს ახლობელი ადამიანების და ჩვენი ქვეყნის გახარებას.

 

13063397_908014692642241_3587404431479014728_o
ფოტოზე მარჯვნიდან ავთო ქურსბედიანი  წარმატებულ მეკლდეურებთან ერთად: სალომე მეშველიანი, გიგა ჯანხოთელი და მარიამ ქურდიანი.

გვანცა ქურასბედიანი.