გუშინ, 25 მაისს, ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში მაცხოვრის ამაღლების სადღესასწაულო წირვის შემდეგ ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი)
დიაკვნად აკურთხა ირაკლი ონიანი. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი გიორგის (ონიანი) დიაკვნად კურთხევის შემდეგ თითქმის 10 წელი გავიდა და ამის შემდეგ ირაკლი ონიანი ერთადერთია ქვემო სვანეთის მაცხოვრებლებს შორის, რომელიც სასულიერო პირი გახდა.
ირაკლი ემზარის ძე ონიანი დაიბადა 1992 წლის 10 მარტს ლენტეხში. 2010 წელს დაამთავრა სოფ. სასაშის საჯარო სკოლა და სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ცაგერის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის სასულიერო სემინარიაში თეოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგაც მას მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი. სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ ის მსახურობდა სოფ. სასაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მედავითნედ. მიმდინარე წლის 30 აპრილს ირაკლი ონიანმა ჯვარი დაიწერა დიანა ტარიელის ასულ ლიპარტელიანზე.
სადღესასწაულო წირვის და დიაკვნად კურთხევის მსახურების დასრულების შემდეგ მეუფე სტეფანემ მრევლს წარუდგინა დიაკვანი ირაკლი ონიანი, ისაუბრა მის პიროვნულ თვისებებზე და ყურადღება გაამახვილა დიაკვნის მეუღლის პიროვნული თვისებების მნიშნელობაზეც და მის ფუნქციაზე. მეუფის ქადაგების შემდეგ სასულიერო პირებმა და მოწვეულმა სტუმრებმა გადაინაცვლეს ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის სტეფანეს
რეზიდენციაში, სადაც გაიმართა საზეიმო ტრაპეზი.
ირაკლი ონიანის დიაკვნად კურთხევას ესწრებოდნენ მისი ოჯახის წევრები და ნათესავები.
დიაკვანი ირაკლი ონიანი მეუფე სტეფანეს კურთხევით 12 ივლისამდე, პეტრე-პავლობის მარხვის დაწყებამდე იმსახურებს წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მონასტერში, ხოლო შემდეგ გახდება ცნობილი თუ სად განაგრძობს მოღვაწეობას ის ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში.
ვულოცავთ სვანეთს და ქრისტეს სამსახურში მყოფ სამღვდელოების წევრებს მათ რიგებში კიდევ ერთი ღირსეული პიროვნების შემატებას და დაუბრკოლებელ წინსვლას, მხნეობას და უშრეტ ქრისტესმიერ სიყვარულს ვუსურვებთ ირაკლი ონიანს და მის ოჯახს უფლისა და ხალხის სამსახურში.
გვანცა ქურასბედიანი