25 მაისს, მაცხოვრის ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულზე
მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა
საზეიმო წირვა ლატალის X-XI სს. მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში აღავლინა.
მოგეხსენებათ, რომ დღესასწაულის სახელობის ტაძარში აღვლენილ წირვას განსაკუთრებით დიდი მადლი ახლავს და ლატალელებისათვის ეს ორმაგი ზეიმი იყო, როგორც უფლის ამაღლების დღესასწაულის სიხარული, აგრეთვე მეუფის აღვლენილი წირვის მადლი.
წირვის შემდეგ მეუფე ილარიონმა შემდეგი ქადაგებით მიმართა მრევლს:
“მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომიდან მე-40 დღეს დღესასწაულობს ჩვენი მაცხოვრის უფლი იესო ქრისტეს ამაღლების დღეს, მეორმოცე დღე იმით არის მნიშვნელოვანი სულიერად, რომ ამ დღეების განმავლობაში, მას შემდეგ რაც მაცხოვარი აღსდგა მკვდრეთით, მას არ დაუტოვებია ქვეყანა, თავის მოციქულებს ეცხადებოდა 40 დღის განმავლობაში და ასწავლიდა მათ ცათა სასუფევლის საიდუმლოებების შესახებ, ეს მოციქულებს უნდა სცოდნოდათ სული წმინდის მადლით და თან მაცხოვარმა დამოძღვრა ისინი რომ არ განშორებოდენ იერუსალიმს მისი ამაღლების შემდეგ, იგი შეპირდა მათ, რომ 50-ე დღეს მოუვლენდა ნუგეშინის მცემელს ანუ სული წმინდას, გარდამოვიდოდა სულიწმინდა მოციქულებზე და ისინი შეუძლებელს შეძლებდნენ და მართლაც დიდება და მადლობა ღმერთს, საკვირველია ძალა და განგებულება ღვთისა იმიტომ, რომ ამ თორმეტმა მოციქულმა წარმართული ქვეყნიერება ჭესმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია სულიწმინდის მადლით. და როცა დადგა ჟამი დღევანდელი დღისა მოციქულები შეკრებილიყვნენ, უფალი გამოცხადდა მათთან, უქადაგა, შემდგომ გაიყვანა ბეთანიაში ზეთისხილის მთაზე, ელეონის მთადაც იწოდება იგი და უკანასკნელად დამოძღვრა ისინი, აკურთხა და ხელგაშლილი ამაღლდა ზეცად, ეს იხილეს მოციქულებმა, ისინი შესცქეროდნენ ამ დიდებულ სანახაობას ვიდრე არ მიეფარა თვალს მაცხოვარი.
მეორედ მოსვლის ჟამს ის ასევე მოვა, მხოლოდ ჩვენ აქ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, ქრისტე როცა პირველად ჩვენთან მოვიდა და იშვა ქალწულ მარიამისაგან სიმდაბლით, ნათქვამია, რომ მან ხატი მონისა შეიმოსა, თავი დაიმდაბლა უკიდურესად და ჩვენ ვიცით მისი განვლილი ცხოვრება, ქვეყნიერების ისტორიას არ ახსოვს ისეთი ცინიზმი, შეურაცხყოფა, ტანჯვა და ტკივილი, როგორც განიცადა მაცხოვარმა ჩვენი ცხონებისათვის, ჩვენი გადარჩენისათვის, ეს იყო სიმდაბლით მოსვლა. მისი შობაც, მისი მწირი ცხოვრებაც, მისი სიყვარული, მისი კაცთმოყვარეობა უდიდესი და განუსაზღვრელი იყო, მაგრამ მეორედ მოსვლის ჟამს ეს არ იქნება ისე როგორც იყო პირველად, ის მოვა თავისი დიდებულებით, როგორც განდიდებული, როგორც ღმერთი, ის მოვა დიდებით და იქნება საყოველთაო განსჯა კაცობრიობისა. ამისათვის ემზადება მთელი კაცობრიობა და გონიერი ადამიანი, ვისაც მართლა გული გონიერი აქვს და გულში სიბრძნე აქვს, სწორედ ამაზე იფიქრებს და ამის მზადყოფნაში იქნება ყოველთვის, როგორ? როგორ და სწორედ ეს ეკლესია დღევანდელი დღისა, რომელიც მისი დაფუძნებულია, სწორედ ამ გზის მაჩვენებელია, თითოეულ ჩვენთაგანს ამას გვასწავლის, გვასწავლის მოთმინებას, მიმტევებლობას, სიყვარულს, რაც ყველაზე მთავარია და არ შეიძლება არ გავამახვილოთ ყურადღება სწორედ სიყვარულის შესახებ, ყველაზე მთავარი კაცობრიობას, ადამიანებს რაც უფალმა დაანახა ეს არის.
ყველა დიდი ბოროტება და ყველაზე დიდი სირთულე ადამიანებს აქვთ ერთმანეთთან დამოკიდებულებაში, სადაც უკიდურესი სიძულვილი არსებობს, რამეთუ შეუძლია ფარულადაც მიაყენოს ტკივილი, მხედველობაში მაქვს სოციალური ქსელი, საიდანაც იღვრება სიცრუე, ტალახის სროლა, ვისაც რა მოადგება პირზე იმას ეუბნება ადამიანს , რომ მოსპოს და გაანადგუროს, არაერთხელ აღმინიშნავს , რომ სიტყვით სიკვდილი უფრო მძიმეა, ის ტკივილი რაც სულს სტკივა, ადამიანი შეიძლება სიტყვით მოკლა, სიტყვიდან გამოდის ყველაფერი – ადამიანის მოკვდინება, ადამიანის სიძულვილი. ის კი არ კლავს და წამლავს ადამიანს რაც პირში შედის, არამედ ის რაც პირიდან გამოდის ანუ სიტყვა, სიტყვას შეუძლია აცოცხლოს და სიტყვას შეუძლია მოკლას.
დღეს არის ამაღლება და მე ვისურვებდი, რომ ყოველი ჩვენთაგანი სულიერად ამაღლებულიყოს, ამაღლებულიყოს იმ დიდი სიყვარულით, იმ დიდი რწმენით, რაც მაცხოვარმა ასე კურთხევით მისცა მოციქულებს, როცა მაღლდებოდა ბოლო სიტყვები დაუტოვა, რომ “წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს სცემდით მათ, სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმინდისათა”. ვინც ნათელ იღოს ცხონდესო, ნათელღებულ, მირონცხებულ, ქრისტეს ბეჭდით დასმულ ადამიანს ყოველთვის შინაგანად ის სინდისი, ის კეთილგანწყობა, ის სიყვარული ეღვიძება, მოუნათლავი ადამიანი ეშმაკის ხელშია, მოხსენებაც ეკლესიურად არ შეიძლება, პირდაპირ არის ნათქვამი სახარებაში ასეთი სიტყვები, რომ ადამიანს ყოველი ცოდვა მიეტევება სინანულით, ყველაზე უკეთ ვიცით ჩვენი შინაგანი მდგომარეობა, თუ რას ვიქმთ და არაფერი იქნება დაფარული რომელი არა გამოჩნდეს და დამალული რომელი არა განცხადდეს, ყველაფერი ღვთის წინაშე ხელის გულზე დაიდება, ჩვენი ქმედებები, სიკეთე, ცუდი და კარგი ფიქრიც, ამისათვის არის სწორედ ეს სინანული და ვინც ინათლება ყოველთვის აქვს შესაძლებლობა ეკლესიაში მივიდეს და ეკლესიური ცხოვრებით გააგრძელოს გზა ღმერთისაკენ, ეს არის ჩვენი ცხონება, ეს არის ჩვენი გადარჩენა და მომავალი, უმთავრესი. როდესაც იმ ქვეყანაზე გასვლის ჟამი დადგება, თითოეულ ჩვენ საქციელზე გვექნება პასუხი საგები.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, მადლი სულისა წმინდისა ყოფილიყოს თვითოეულ თქვენთაგანზე, ღმერთმა დალოცოს საქართველო ამ ურთულეს ჟამს.”
მადონა წერედიანი, სოფ.ლატალი.