21 მაისს, მესტიის მიხეილ ხერგიანის სახელობის II საჯარო სკოლაში ჩატარდა პედაგოგთა კონფერენცია “დავეხმაროთ ერთმანეთს”. კონფერენციის ინიციატორი გახლდათ პროგრამის “ასწავლე საქართველოსთვის” მონაწილე, სოფ. იელის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი ნინო ჭიჭინაძე. ჩვენთან საუბარში მან აღნიშნა: “… პროგრამა “ასწავლე საქართველოსთვის” ზრუნავს არა მხოლოდ ბავშვებზე, არამედ მასწავლებლების განვითარებაზეც. ჩემი კონფერენციის “დავეხმაროთ ერთმანეთს” მიზანია პედაგოგებს შორის მოხდეს კოლაბორაცია სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებისათვის. ასევე, პედაგოგებს მიეცეთ საშუალება საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწვაზე იზრუნონ. საგანმანათლებლო სფეროში აქტუალური თემები გაიცნონ და კარიერული წინსვლისკენ გადადგან მყარი ნაბიჯები. კონფერენცია პედაგოგებს აძლევს სტიმულს დააკვირდნენ საკუთარ პრაქტიკას, გამოყონ შედეგიანი მეთოდი თუ სტრატეგია, მისი დადებითი მხარე და გააცნონ სხვებს, რომ დაინერგოს პრაქტიკაში, რათა გაიზარდოს სწავლის ხარისხი”.
ფოტოზე ნინო ჭიჭინაძე, იელის საჯარო სკოლა
კონფერენციის ჩატარებას მხარს უჭერდა მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და პროგრამა “ასწავლე საქართველოსთვის”. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მესტიის სოფლების იფარის, უშგულის, ფარის, წვირმის, ლატალის და ჩოხატაურის სოფ ზოტის საჯარო სკოლის პედაგოგები, მათ მოამზადეს მოხსენებები თანამედროვე მეთოდების შესახებ და გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება.
კონფერენციაში ჩართულ პედაგოგებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში კრედიტის მოპოვების საშუალება მიეცათ. იფარის საჯარო სკოლის პედაგოგმა – ანა აბესაძემ წარმოადგინა თემა “განათლების ძირითადი მიზანი და მიზნის მიღწევის საშუალებები”, წვირმის საჯარო სჯოლის პედაგოგმა – დაჯი თოდუამ წარადგინა თემა “ბლოგი როგორც რესურსის განთავსების გზა – როგორ შევქმნათ ბლოგი”, ფარის საჯარო სკოლის პედაგოგმა – ეკა წულუკიძემ წარადგინა თემა “etwinning-ი ციფრული წიგნიერებისა და უნარების განვითარების შესაძლებლობა”. უშგულოს საჯარო სკოლის პედაგოგმა – თაკო ზედაშიძემ წარმოადგინა თემა -“თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება უცხო ენის სწავლა-სწავლების პროცეში”, ლატალის საჯარო სკოლის პედაგოგმა- ნინო წერედიანმა წარმოადგინა თემა “ინკლუზიური გარემო – სასწავლო პროცეში არსებული პრობლემები”, იელის საჯარო სკოლის პედაგოგმა – ნინი ჭიჭინაძემ წარმოადგინა თემა “ინკლუზიური განათლება – შშმ ბავშვების სწავლებისას მასწავლებლის მიერ დამხმარე საშვალებების გამოყენება და მოდიფიცირება”.
ამ პედაგოგთა უმრავლესობა ზემო სვანეთში მოხვდნენ პროგრამა “ასწავლე საქართველოსთვის” ფარგლებში.
ფოტოზე ქეთევან ჟორჟოლიანი, ჩოხატაურის სოფ. ზოტის საჯარო სკოლა
მადონა წერედიანი, დაბა მესტია.